"პრემიერმა დაგვამშვიდა, რომ პრეზიდენტს მოსახლეობა აირჩევს"

"შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან უკვე სისტემატიურ ხასიათს იღებს და ცხადია, წინასწარ მზადდება თემები, რომლის განხილვაც ხდება ასეთ შეხვედრებზე. 12 მარტს გამართულ შეხვედრაზე, პირველი საკითხი გახლდათ მართვის სივრცითი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები საქართველოში. საუბარი იყო შესაძლებლობებზე, რომ ასეთი ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნეს ჯანდაცვაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, თავდაცვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ტურიზმში. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ, ამავე კვირაში დაგეგმილ მთავრობის სხდომაზე ითხოვა ამ საკითხის წარდგენა და მთავრობის წევრებისთვის გაცნობა იმ ინფორმაციისა, რომელზეც ვმსჯელობდით დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში", - აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პრემიერმა დაგვამშვიდა, რომ პრეზიდენტს მოსახლეობა აირჩევს".

"მეორე საკითხი იყო სწორედ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები. ამ საკითხის განხილვის დასაწყისიდანვე გავარკვიეთ, რომ სახელისუფლო გუნდში, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში აღარ განიხილება რაიმე ალტერნატიული სახელმწიფოებრივი მოწყობა და შეთანხმება იმაზე, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს საპარლამენტო რესპუბლიკის სტატუსში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, უკვე პრაქტიკულად რეალობა გახლავთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"მივიღეთ პრემიერისგან სრულიად მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა აირჩევს მომავალ პრეზიდენტს და არა პარლამენტი, როგორც ამაზე ადრე იყო სააუბრები. ამის შემდეგ ცხადია ჩვენ გვაინტერესებდა ბატონი დემეტრაშვილის პოზიცია, რას შეცვლიდა დღეს იგი კონსტიტუციაში, რომლის გადასხვაფერების გუნდში ის გახლდათ თავკაცი. აქ შეთანხმება, შეიძლება ითქვას, მოხდა იმ საკითხებში, რაზეც საუბრობდა ბატონი მინდია უგრეხელიძე, რომ თუ საუბარი უნდა იყოს, მაგალითად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე, ეს საკითხიო შეიძლება შეეხოს მხოლოდ და მხოლოდ იმ რანგის მოსამართლეებს, რომლებმაც უმწიკვლოდ განვლეს საკუთარი პროფესიული საქმიანობა წლების განმავლობაში და მოექცნენ უკვე სასამართლო იერარქიის უმაღლეს საფეხურზე", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ბატონი ბიძინას გუნება-განწყობიდან და მის მიერ გაჟღერებული თემებიდან გამომდინარე, არ იგრძნობა, რომ საფრთხის რეალურობა რაიმე სიმშვიდის დამრღვევია ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, რომ ალბათ სხვა გარემოცვაში ეს საკითხები განიხილება. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში, რომელშიც სრულიად მკაფიოა, რომ აღარ არსებობს უშიშროების საბჭო, ხოლო ის, რასაც შემორჩა ასეთი სახელი, ნამდვილად არის საშიშროების საბჭო, თავის თავმჯდომარიან და მდივნიანად. ოპტიმისტური განწყობა პრემიერისა, ეფუძნება იმ რეალურ ცვლილებებს, რომელიც არა მხოლოდ სენსიტიურად, არამედ დოკუმენტურადაც არის განმტკიცებული, ვგულისხმობ დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციების და პოლიტიკოსების მხრიდან სულ უფრო უკეთესად გარკვევას იმ ვითარებაში რაც დღეს საქართველოშია. ეს პროცესი თვალის ახელისა ჩვენი პარტნიორების, გრძელდება საკმაოდ წარმატებულად", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - "შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატზე თუ იყო საუბარი?" -, პასუხობს:

"არა, არ გვისაუბრია. უბრალოდ იყო შეხსენება იმ განსხვავებისა, რაც ადრე რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის იყო სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკითხი აღარ არის აქტუალური, შეთანხმება არსებობს და შესაბამისად კანდიდატურებიც უკვე აღარ მოიხსენიება. იმ შემადგენლობას ვგულისხმობ, რომელზეც აფრე კი იყო საუბარი".