თბილისის მერის მეუღლის ვოიაჟები და 50-ათასევროიანი ქუდი

თბილისის მერის მეუღლის ვოიაჟები და 50-ათასევროიანი ქუდი

გასული რამდენიმე კვირის სატელევიზიო გმირი სამართალდამცველ ორგანოებში დაბარებული თბილისის მერი გიგი უგულავა გახლდათ. სასამართლოში იგი თავისმა მხარდამჭერებმა მიაცილეს, მანამდე კი დაკითხვაზე დაბარებულმა მერმა ხელები მაღლა ასწია და ამაყად განაცხადა, რომ "სუფთა ხელები" აქვს. ჰოდა, სწორედ მის "სისუფთავეზე" ამბების მოსაყოლად დაგვიკავშირდა რედაქციაში უგულავას დიდი ხნის ნაცნობი და ერთ დროს ახლო მეგობარი. ,,სწორედ ახლა ვაპირებდი, ინტერნეტფორუმებზე დამეწერა, როგორ მიუძღვნა უგულავამ მეუღლეს უძვირესი საჩუქარი", - გაგვიმხილა ჩვენმა რესპონდენტმა და გადაწყვიტა ამ ამბის გახმაურება ჩვენთვის მოენდო.

"2009 წელს გიგი უგულავასა და მისი ახლანდელი მეუღლის ლელა კილაძის რომანი კარგა ხნის დაწყებული იყო, - გვიყვება ჩვენი რესპონდენტი, - მოგეხსენებათ, იმ დროს საქართველოში უკვე ბობოქრობდა უკმაყოფილო ხალხის ტალღა, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, გახმაურებულ მკვლელობებსა და დარბეულ მიტინგებს აპროტესტებდა. სწორედ იმ დაძაბულ ფონს დაემთხვა უგულავას გადაწყვეტილება, პირველ მეუღლეს დაშორებოდა და ცოლად ლელა კილაძე შეერთო, რასაც ქვეყნის ხერხემლად წოდებული, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების აღშფოთება მოჰყვა - ამ დაძაბულ ვითარებაში ხალხს ახალ მიზეზს ნუ მისცემ და ნუ ათქმევინებ, ოჯახშიც ვერ დაულაგებიათ სიტუაციაო.

მოკლედ, ახლა ამის დრო არ არისო, - უთქვამთ გიგისთვის. როგორც ამბობენ, თავად მერაბიშვილს უკვე დიდი ხანია მეუღლესთან უთანხმოება აქვს, მაგრამ საზოგადოების წინაშე ამას არ იმჩნევდა და რომანტიკული მეუღლის სახელიც ჰქონდა. მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია კი გართობისა და ღამის კლუბების დიდი მოყვარულის იმიჯითაა ცნობილი, რაც მათი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო. თაკოს მეგობრებში უხუმრია კიდეც, ვანოსგან ბევრი გაფრთხილების მერე, ერთხელაც შუაღამისას სახლში რომ მივედი, კარი დაკეტილი დამხვდა და აივნიდან გადავედი, მეორე ღამეს კი აივნის კარიც დაკეტილი დამხვდაო... როგორც ამბობდნენ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოჯახთან ერთად იმ დროს წყნეთში ცხოვრობდა. თვითმხილველებისა და თაკო სალაყაიას მეგობრების თქმით, თაკო ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე კლუბში ერთობოდა და ხშირად გამთენიისას ტოვებდა კლუბებს.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ მერს. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს: "მერაბიშვილის გაფრთხილება უგულავას მიუღია და ლელას ცოლად მოყვანა გადაუფიქრებია, თუმცა რა მოასვენებდა, კილაძე ხომ უკვე უყვარდა. თანაც ისე, რომ დეპრესიაში ჩავარდნილ საყვარელ ქალს, რომელიც აქაურობას ცოტა ხნით პარიზში გაექცა, სიყვარულის ქალაქშიც კი ჩააკითხა. თბილისში ლელა კილაძესთან ერთად დაბრუნებულმა ქალაქის პირველმა პირმა მას დიდი და ხმაურიანი დაბადების დღე გადაუხადა და უძვირფასესი საჩუქარი, მსოფლიოში ცოცხალ ლეგენდად აღიარებული დიზაინერის ვივიენ ვესტვუდის ძვირფასი ბეწვის 50-ათასევროიანი ქუდი აჩუქა. ბეწვის ქუდს უკან გრძელი ბუნებრივი კუდი აქვს. წყვილის შერიგებით და დაბადების დღის საჩუქრით მთელი მათი სამეგობრო გაოგნდა. შოკირებულებმა ქუდის ფასი ერთმანეთთან გადავამოწმეთ, მაგრამ ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. ცნობილია, რომ 72 წლის ბრიტანელი დიზაინერი ძვირად ღირებულ ტანისამოსსა და აქსესუარებს აწარმოებს. ისიც ცნობილია, რომ მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოს აოცებს და ფასებიც, რა თქმა უნდა, მაღალია. მსოფლიო მოდის მიმდევრებსა და დიზაინერებთან ერთად ვესტვუდზე ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანიც "გიჟდება".

როგორც გაირკვა, ლელა კილაძისთვის ძვირფასი საჩუქრები უგულავას მასთან დაქორწინების შემდეგაც არ დაუშურებია. თბილისში გავრცელებული ხმების თანახმად, თბილისის მერს ლელამ ვაჟი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაუჩინა, სადაც, როგორც ამბობენ, ქართველები ერთი თვითმფრინავით ჩავიდნენ. იმ დროს იმავე კლინიკაში თურმე ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი იწვა, რომელმაც უმძიმესი ოპერაცია გაიკეთა და მკურნალობის კურსს გადიოდა. მასთან ერთად მყოფი პირი კი კლინიკის ფოიეში უგულავას სტუმრების ქეიფსა და ხმაურს შესწრებია. "უხაროდათ მერის მემკვიდრის შეძენა და ამ სიხარულს იქვე გამოხატავდნენ, - გვიამბო ჩვენმა მეორე რესპონდენტმა, რომელიც კლინიკაში ბატონ ოტიას სანახავად ყოფილა მისული, - თქვენ ავსტრიელი ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გაკვირვებული სახეები უნდა გენახათ, თუმცა რას იზამდნენ, ღირსეულად ითმენდნენ. მაღალი დონის კლინიკები ხომ ფასებითაც გამოირჩევა და მომსახურე პერსონალი ვალდებულია, პაციენტებისა და მათი სტუმრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თავად ბატონი ოტია იოსელიანის ოპერაცია და შემდგომი მკურნალობის კურსი, როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა".

თბილისის მერის მეუღლემ, ლელა კილაძემ, თავისი კარიერა ,,რუსთავი 2"-ში ვიზაჟისტობით დაიწყო. გაპრეზიდენტებული სააკაშვილი კი საიდან წაიყვანდა პირად ვიზაჟისტს, თუ არა საყვარელი ტელევიზიიდან. სწორედ ლელა კილაძე უკეთებდა საეთერო მაკიაჟს და ალამაზებდა მიშას მისი ზეობის ხანაში. პრეზიდენტთან კარგა ხნის მუშაობის შემდეგ ლელა კილაძე "გაიზარდა" და თბილისის მერიაში სამუშაოდ გადასვლა ამჯობინა. პრეზიდენტის ვიზაჟისტმა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა და როგორც ამბობენ, მეგობრებიც იქვე შემოიკრიბა სამუშაოდ.

როგორც ამბობენ, ლელა კილაძე წლების განმავლობაში რჩებოდა ქალაქის კულტურის სფეროში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად. სწორედ ის განაგებდა სახელმწიფო კონცერტების, სპექტაკლებისა და დიზაინერების ჩვენებების დაფინანსებასაც კი. თუმცა ქალაქის ბიუჯეტი კილაძე-უგულავას ყველა მეგობრის დაფინანსებასაც ვერ აუდიოდა, და აი, "ციხე შიგნიდან გატყდა", - წყვილის უყურადღებოდ დარჩენილი ერთ-ერთი მეგობარი ალაპარაკდა. როგორც ის ამბობს, მერიაში ლელას ბრძანებით მასთან დაახლოებული არცთუ ცნობილი და ნიჭიერი ქართველი დიზაინერის ჩვენებისთვის სოლიდური თანხა, რამდენიმე ათეულობით ათასი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან გადარიცხეს.

დიზაინერებთან მეგობრობა იმ პერიოდის არანაკლებ გავლენიან კიდევ ერთ ქალბატონს, თაკო სალაყაიასაც უყვარდა. როგორც ამბობენ, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი ირაკლი ნასიძე დაეხმარა სალაყაიას, რომ პარიზის ცენტრში ბინა ეყიდა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში შს ყოფილი მინისტრის მეუღლე დიდ დროს ატარებდა. ლელა კილაძისა და თაკო სალაყაიას მოგზაურობებზე, გართობასა და შოპინგებზე კოლოსალური თანხების ხარჯვაზე კი ლეგენდები დადიოდა.

ლელა კილაძეს საჩუქრებით თურმე მთავრობაც ანებივრებდა. ერთხელ ქვეყნის პრეზიდენტს თავის მეგობრებთან დაუტრაბახია, ლელა კილაძეს ჩვენ გადავურიცხეთ ოპერაციის ფული, ასი ათასი დოლარიო. თუმცა პრეზიდენტს აღარ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა "ჩვენში" - პირად ფონდს, მერიის ბიუჯეტს თუ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშებს. როგორც ამბობენ, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროდან ურიცხავდნენ მთავრობისა და მათი ოჯახის წევრებს ათეულ ათასობით დოლარს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის და ძვირად ღირებული, მათ შორის პლასტიკური ოპერაციებისთვის. ამბობენ, რომ ლელა კილაძეს საჯდომზე ერთი კუნთის ატროფია აქვს, რასაც პერიოდულად სილიკონით ავსებენ. იმასაც ამბობენ, რომ თავად ლელას, მას შემდეგ, რაც ის გიგის თავდავიწყებით შეუყვარდა, მეგობრებთან უთქვამს, ნახეთ, რას ვუშვრები კაცებს ნახევარი საჯდომითო...

მაშინდელი მთავრობის ცოლებზე ჭორაობისას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კარბელაშვილის გახმაურებული ისტორია გაგვახსენდა და ერთ-ერთ ნაციონალს დავუკავშირდით, რომელიც, კარბელაშვილის მსგავსად, ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი პარტიის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი თანაგუნდელების ცოლების გარშემო ატეხილ ჭორ-მართალს და სკანდალებს ასახელებს. "არჩევნების ღამეს ნაციონალების წამყვანი სახეები ერთად ვიყავით შეკრებილი, როცა შუაღამისას ეგზიტპოლების შედეგებით აღშფოთებულმა კარბელამ იქ მყოფ ერთ-ერთ თანაპარტიელთან დარეკა, ტელეფონის ხმამაღლა ჩართვა ითხოვა და საკმაოდ უხამსი სიტყვებით მიმართა რამდენიმე მათგანს, ხომ გადააყოლეთ ქვეყანა თქვენს ცოლებსო. ის თურმე ხმების საბოლოო დათვლასაც აღარ დაელოდა, ისე დატოვა შტაბი იმ ღამეს", - გაგვიმხილა ჩვენმა წყარომ.