საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობის ჟამს - მაშინ, როცა კულტურული და ეკონომიკური კავშირების განახლების პროცესი მიმდინარეობს - რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობს და ერთგულების დემონსტრირებას ცდილობს. რას აცხადებს ამით მოსკოვი და რა უნდა გააკეთოს თბილისმა?
”სასიამოვნოა თქვენი მოსკოვში ხილვა”, - უთხრა ვლადიმირ პუტინმა ალექსანდრ ანქვაბს 12 მარტს, როდესაც მას მოსკოვში მასპინძლობდა. რუსეთის პრეზიდენტი საგანგებო ყურადღების გამოხატვასა და იმის დემონსტრირებასაც ცდილობდა, რომ მას პირადად აწუხებს აფხაზეთის წინაშე მდგარი პრობლემები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მიპატიჟება ალექსანდრ ანქვაბმაც გვარიანად დააფასა - ვლადიმირ პუტინს აფხაზეთის მკვიდრთა მოკითხვა გადასცა და მადლობაც გადაუხადა მასთან შეხვედრის ხელმეორე შესაძლებლობისთვის. რადგანაც ეს შეხვედრა რაიმე განსაკუთრებულ თარიღს არ უკავშირდებოდა - ყველაზე ახლოს რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 5 წლისთავია და ისიც რამდენიმე თვეში - ზაფხულში - უწევს, გაჩნდა შეკითხვა: რისთვის დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ლიდერის მიმართ ერთგულების ასეთი დემონსტრირება?
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, - და ეს ძირითადად რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარეობს, - პუტინი სამაგიეროს უხდის თბილისს 7 მარტს პარლამენტში ერთხმად დამტკიცებული რეზოლუციის გამო, რაც აშკარად ადასტურებს დასავლური ორიენტაციის მიმართ საქართველოს ერთგულებას. რეზოლუციის გამაღიზიანებელ ფაქტორზე წერდა, მაგალითად, 11 მარტს ”კომერსანტი”. ამ დღეს გამოცემამ გამოაქვეყნა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის ალექსანდრ კარავაევის წერილი, რომელშიც ანალიტიკოსი 7 მარტის რეზოლუციას რუსეთის ილუზიების მესაფლავედაც მოიხსენიებს. კარავაევი მიიჩნევს, რომ რეზოლუციამ დაამსხვრია ურთიერთობებში მოსალოდნელი გაზაფხულის ილუზია, რაც მოსკოვს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებმა და ”რუსპოტრებნადზორის” მხრიდან გამოხატულმა ნებამ შეუქმნა.
პუტინისა და ანქვაბის შეხვედრას არა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, არამედ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციას უკავშირებს გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. ამ კონცეფციაში, რომელიც საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დამტკიცდა, მოსკოვი ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის განმტკიცებისა და საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფის პერსპექტივებს. ანალიტიკოსს რუსეთის ასეთი სვლები არ უკვირს და, მათ შორის, არც საქართველოს ბოლოდროინდელი გულმოდგინე მცდელობის ფონზე, დაალაგოს ურთიერთობები ჩრდილოელ მეზობელთან:
”საერთოდ რუსეთის ფედერაციას ახასიათებს - ვითომდა მეგობრობის ხელს გიწვდის, მეორე ხელით კი ძირს გითხრის. და ამან არ უნდა გადაგვატანინოს ყურადღება და არ უნდა შეგვაცდინოს მხოლოდ იმ ერთმა ხელმა, რომელიც ჩანს და რომელიც ვითომდა სამეგობროდ არის გამოწვდილი მაშინ, როცა მეორე ხელით ასეთი რაღაცები კეთდება. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ”.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თენგიზ ფხალაძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ძალისხმევის გაგრძელებას რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში, რომელიც მას მხოლოდ ფართო საერთაშორისო ჩართულობით წარმოუდგენია და რომლის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილადაც განიხილავს ის საქართველოსა და რუსეთს შორის ბოლო ხანებში წამოწყებულ პირდაპირ დიალოგს.
პირდაპირ დიალოგში აზრს აბსოლუტურად ვერ ხედავს ირაკლი ფორჩხიძე - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი. მისი აზრით, კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთობების მეშვეობით პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გზები ვერ იქნება დანახული. ჯერჯერობით რასაც ის ხედავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში - ეს ტონის გარკვეული შერბილებაა. თუმცა ერთია რბილი სიტყვები და მეორეა საქმე:
”რუსეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მას არ უნდა შეცვალოს ის არქიტექტურა, ის რეალობა, რაც მან შექმნა და ის არ ეძებს გამოსავალს ამ შემთხვევაში. არის მხოლოდ ღია პასუხები ან განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ემსახურება იმას, რომ ძლიერი შეძლებს თავის პოზიციის დაცვას ყოველთვის; ხოლო მხარე, რომელსაც აქვს ნაკლები ბერკეტები აღნიშნულ პროცესზე, ის ყოველთვის შეეცდება, რომ ამაში დაინახოს თავისთვის სასურველი მესიჯი”.
ირაკლი ფორჩხიძის აზრით, გამოსავალი ის არის, რომ საქართველო უნდა შეეცადოს და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ქმედებების პოლიტიკური ფასი აამაღლოს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, ანალიტიკოსის თქმით, საქართველო უნდა შეეცადოს იმის მიღწევას, რომ დისკომფორტი შეექმნას რუსეთს, მაგალითად, ოკუპანტად მოხსენიებით საერთაშორისო პოლიტიკურ დოკუმენტებში - იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტი, გაერო თუ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. ირაკლი ფორჩხიძე შიშობს, რომ რუსეთი, მაგალითად, ჟენევის პროცესიდან ყურადღების გადატანას ცდილობს საქართველოსთან პირისპირ საუბრის ფორმატში ჩართვით.
ეჭვი იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრების ფორმატმა შესაძლოა ჟენევის ფორმატი შეავიწროოს, მანამდეც არაერთხელ გამოთქმულა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. თუმცა მთავრობა ასეთი პერსპექტივის შესაძლებლობას გამორიცხავს. 12 მარტს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები სტუმრობდნენ, საგარეო უწყების ინფორმაციით, მათ ”დაადასტურეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა და დღის წესრიგის უცვლელობა.” როგორც ცნობილია, მომდევნო - 23-ე - რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება.