პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი, ყოველთვიური დანამატიანად, იზრდება და ის 6300 ლარი ხდება, თუმცა მთლიანად უქმდება პრაქტიკა, როდესაც მინისტრები საკუთარ თავს ყოველთვიურ პრემიებს უწერდნენ. პრემიებს წელიწადში ერთხელ მინისტრებს თავად პრემიერი გამოუწერს. მთლიანობაში, როგორც მთავრობის კანცელარიაში განმარტავენ, მინისტრების წლიური სახელფასო შემოსავალი საშუალოდ 12%-ით მცირდება. როგორ შეფასებას აძლევენ პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივას ექსპერტები?
მავნე პრაქტიკა უწოდა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ წესს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, მინისტრები და დეპუტატები ხელფასის ტოლ და ხშირად რამდენჯერმე მეტი ოდენობის პრემიას რომ იღებდნენ ყოველთვიურად. ამ ე.წ. ”მავნე პრაქტიკით” 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც ისარგებლეს მინისტრებმა და დეპუტატებმა. მათ მიერ აღებული სოლიდური პრემიების შესახებ ცნობა ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა და, როგორც ამ ორგანიზაციის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, განსხვავება ის იყო, რომ თუ წინა ხელისუფლება პრემიების სახით დარიცხულ თანხებს არ ასაჯაროებდა, ახლა ინფორმაცია გამოთხოვისთანავე მიიღეს. გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში იმისათვის, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ მინისტრებისა და სხვა თანამდებობის პირთა მიერ ხელფასის გარდა სხვა დანამატების შესახებ ინფორმაცია მიეღო, სპეციალური მთვლელიც კი შექმნეს:
”შეიქმნა მთვლელი, რომელიც მათი (მინისტრების) ქონებრივი დეკლარაციებიდან თვლიდა, რამდენი იყო მათ მიერ მიღებული ოფიციალური ხელფასი და ოფიციალური პრემია. ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც არსებობდა 2012 წლის არჩევნებამდე, ხოლო მას შემდეგ - თითქმის ძირითად შემთხვევებში. არის გამონაკლისებიც, როცა დღეს უკვე მინისტრები პრემიას აღარ იწერენ, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა მინისტრი იწერდა ხელფასის ოდენობის პრემიას ახალ მთავრობაშიც”.
როგორც მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი ამბობს, კანცელარია აქტიურად მუშაობს საჯარო დაწესებულებების სახელფასო ანაზღაურების სისტემის შეცვლაზე, პირველ ეტაპზე კი ცვლილებები მინისტრებს შეეხოთ: მათი ყოველთვიური ხელფასი - 3500 ლარი - უცვლელი რჩება, თუმცა მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება, რომელსაც ხელზე აიღებენ, 6300 ლარამდე იზრდება დანამატების ხარჯზე. გამოირიცხება ყოველთვიური პრემირების პრაქტიკა და მინისტრებს პრემიას თავად პრემიერ-მინისტრი გამოუწერს წელიწადში ერთხელ საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც, მაია ცქიტიშვილის სიტყვებით, გამოიწვევს იმას, რომ მინისტრების სახელფასო და საპრემიო თანხების წლიური ჯამური ოდენობა საშუალოდ 12%-ით შემცირდება:
”ჩვენ ვსაბრობთ შემცირებაზე არა კონკრეტულად ხელფასში, არამედ მთლიანად ამ სახელფასო ანაზღაურებაში. წინა პერიოდში, ანუ წინა მინისტრებს საკმაოდ მაღალი სახელფასო ჯამური ანაზღაურება გამოსდიოდათ. ხელფასი არის შენარჩუნებული, მაგრამ ამ დაწერილი პრემიების, დანამატების, სხვადასხვა ფონდიდან, სხვადასხვა უწყებიდან დანამატების სახით, მათი შემოსავალი იყო საკმაოდ მაღალი და ახალი მინისტრების შრომის ანაზღაურება იქნება ამაზე ბევრად უფრო მცირე”.
მაია ცქიტიშვილი აქვე შენიშნავს, რომ 12% საშუალოდ, თორემ ცალკეული მინისტრების წლიური შემოსავლის ჯამს რომ შევადაროთ, გამოვა, რომ მინისტრების წლიური ანაზღაურება 100 და მეტი პროცენტითაც მცირდება.
იმას, რომ მინისტრები თავად ვეღარ გამოუწერენ საკუთარ თავს პრემიებს, უფრო დადებითად აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე, ვიდრე უარყოფითად, თუმცა, მისი სიტყვებით, ჯერჯერობით საკანონმდებლო დონეზე არ არის ცნობილი, თუ რა სახეს მიიღებს პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება. ამასთან, სულხან სალაძის სიტყვებით, სახელფასო ანაზღაურების სისტემა მხოლოდ მინისტრებთან დაკავშირებით არ უნდა შეიცვალოს და ცვლილება მთლიანად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღურების წესს უნდა შეეხოს:
”გაღიზიანება, რასაც საზოგადოებაში იწვევდა, იყო არა მარტო ის, რომ მინისტრები იღებდნენ ამხელა პრემიას, არამედ იღებდა დეპარტამენტის რომელიმე ხელმძღვანელი, ან მინისტრის მოადგილე. უბრალოდ, მინისტრები უფრო ცნობადი სახეები არიან და შეიძლება ეს ინფორმაცია უფრო კარგად ჩანდეს მათ მაგალითზე, მაგრამ თუ მთლიანობაში შევხედავთ ამას, როგორც გლობალურ საკითხს, მინისტრებთან დაკავშირებით ანაზღაურების სისტემისა და ფორმის შეცვლა ან იმავე პრემირების სისტემასთან მიმართებით ცვლილებების გატარება მთლიანად პრობლემას, ცხადია, ვერ მოხსნის”.
მინისტრების მოადგილეების და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების და პრემირების წესში არაფერი იცვლება, მათი პრემირების გადაწყვეტილებას თავად მინისტრები მიიღებენ.
ის, რომ გაიზრდება მინისტრების ყოველთვიური სახელფასო განაკვეთი და მას დაერქმევა თავისი სახელი და ის იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე გაორმაგებული ხელფასის ოდენობის პრემია იყო, ეს უკვე კარგია, ამბობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და იმასაც აღნიშნავს, რომ პრემიერის ამ გადაწყვეტილებით პრემიას თავისი დანიშნულება უბრუნდება.