"თუ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას და პარლამენტს, მზად ვარ, მის იმპიჩმენტს დავუჭირო მხარი"

"ამჟამად არანაირი მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტში არ მიმდინარეობს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების პროცესში ჩვენგან წამოყენებული იყო ორი პირობა: საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმების 3/4-ით განსაზღვრა; კონსტიტუციაში ჩაწერა მუხლისა, რომელიც განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის დასავლური ორიენტაციის შეუქცევადობისა და იმ ტიპის პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში გაწევრების მიუღებლობას, რომელშიც დომინანტი მდგომარეობა ექნება რუსეთს. სხვა პირობა კონსტიტუციური ცვლილებების კონტექსტში ჩვენ არ წამოგვიყენებია", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი კაკო ბობოხიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "თუ მთავრობას და პარლამენტს დაითხოვს, მზად ვარ, პრეზიდენტის იმპიჩმენტს დავუჭირო მხარი" / "ნაციონალურ მოძრაობას" გადატრიალების არც სურვილი აქვს და არც სათანადო რესურსი".

"პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, როდესაც უსუფაშვილი და ბაქრაძე შეხვდნენ ერთმანეთს, გარკვევით ითქვა, რომ მხოლოდ ზემოთ ნახსენები ორი პირობა იყო ჩვენგან წამოყენებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დასაჭერად. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, რაზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა, ეს საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში ვერ განიხილებოდა, რადგანაც პოლიტიკური დევნა ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობია და უნდა შეწყდეს, ამაზე მიუთითებდა პრეზიდენტიც. რაც შეეხება ამ ე.წ. პოლიტიკურ ამნისტიას, რატომღაც საპარლამენტო უმრავლესობა ამ სიტყვას ხმარობს, ჩვენ შევთავაზეთ უმრავლესობას, მიგვეღო დოკუმენტი საერთო ეროვნული თანხმობის შესახებ. ამგვარი დოკუმენტი ყოველთვის აქტუალურია და კავშირი არა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კაკო ბობოხიძე.

"მე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი უმცირესობიდან მზად ვიყავით, უზრუნველგვეყო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს შეთავაზებას დათანხმდებოდნენ, რაზეც უმრავლესობა თითქოს თანახმა იყო, ყოველ შემთხვევაში, ბატონი უსუფაშვილი ასე ამბობდა. სიმართლე გითხრათ, პრობლემას ვერ ვხედავ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირო ყოველგვარი პირობების გარეშეც, რომ არა ის ტექსტი, რომელსაც ვისმენთ ხოლმე უმრავლესობის ამა თუ იმ ლიდერისგან: თურმე, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერით გვეძლევა შანსი, გავემიჯნოთ ჩვენს წარსულს, ჩამოვირეცხოთ რაღაც ცოდვები, ავირიდოთ პასუხისმგებლობა და ა.შ. ყველას გასაგონად ვამბობ: არ ვაპირებ ჩემს წარსულზე უარის თქმას იმიტომ, რომ ვარ და ვიყავი იმ პოლიტიკური ძალის წევრი, რომელმაც შეძლო საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, სული შთაებერა. შედეგად კი საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა. შეცდომები, რა თქმა უნდა, დავუშვით, მაგრამ მზად ვართ, ამ შეცდომებისთვის პასუხი ვაგოთ, თუმცა არ ვაპირებ უარი ვთქვა იმ წარსულზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ "ქართულ ოცნებას" დავუტოვეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უნაკლოდ მუშაობენ, მეტიც, დღეს სახელმწიფო ფუნქციობს სწორედ ჩვენ მიერ მიცემული ინერციით. თუ როგორ გააგრძელებს ამას `ქართული ოცნება~, ეს მომავალში გამოჩნდება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება ახლაც აქვს, 19 აპრილსაც ექნება და იმის მერეც, ამიტომ არანაირი მზაკვრობა აქ არ არის ჩადებული. ეს ლეგენდა ხელისუფლებამ გამოიგონა, უმოქმედობა რომ გადაფაროს. თუ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას და პარლამენტს, მზად ვარ, მის იმპიჩმენტს დავუჭირო მხარი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვემხრობი, არამედ იმიტომ, რომ დანამდვილებით ვიცი, მიხეილ სააკაშვილი ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამს. 19 აპრილის აქცია არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია, ეს არის ქვეყნის დასავლური კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია, რომელზეც მისვლა ყველა იმ ადამიანის ვალია, ვინც ფიქრობს, რომ დასავლურ კურსს ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს საქართველოს არჩევანია. სასაცილოდ არ მყოფნის ზოგიერთი ექსპერტის ლაპარაკი სახელმწიფო გადატრიალებაზე, "ნაციონალურ მოძრაობას" გადატრიალების არც სურვილი აქვს და არც სათანადო რესურსი. ჩვენ შევქმენით იმგვარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ სახელმწიფო გადატრიალების რესურსი არც ახლა აქვს ვინმეს და არც მომავალში ექნება, თუ ეს ინსტიტუტები არ გაანადგურეს და ქარს არ გაატანეს", - დასძენს კაკო ბობოხიძე.