„გახარიას დაბრუნების მიზანი კვლავ პრემიერის პოსტია, თუმცა ჩნდება კითხვა - ხომ იყო პრემიერი, მაშინ რატომ გადადგა?“

„გახარიას დაბრუნების მიზანი კვლავ პრემიერის პოსტია, თუმცა ჩნდება კითხვა - ხომ იყო პრემიერი, მაშინ რატომ გადადგა?“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს საკუთარი პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაციას გამართავს. მისი საპარლამენტო თანაგუნდელების გარდა, მის გვერდით იქნებიან ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძე.

გახარიას პოლიტიკიდან წასვლამ და უკან დაბრუნებამ საზოგადოებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. მაგალითად, ანალიტიკოს გია აბაშიძეს აინტერესებს რატომ არ მოხდა გახარიას პრემიერობის დროს ნიკა მელის დაკავება და რა კავშირი აქვს ყოფილ პრემიერს დავით კეზერაშვილთან?

„გიორგი გახარია საკმაოდ პოპულარული საჯარო მოხელე იყო, თუმცა სხვა საკითხია, ოპოზიციურ ფლანგზე, ის რამდენად პოპულარული და ეფექტური იქნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ქართულ პოლიტიკურ რეალობას ახასიათებს მახინჯი ტენდენცია - გუშინ, ერთ პარტიაში მყოფნი, დღეს გუშინდელ თანაგუნდელებს თავიდან ბოლომდე ლანძღავენ. პირადად გახარიას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ მის რამდენიმე თანაგუნდელს, რომლებიც პარლამენტში არიან. შავ-თეთრ ფერებში პოლიტიკური ცხოვრების დანახვა ნამდვილად არ შეიძლება, ცოტა უფრო კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი სიტუაციის მიმართ.

რაც შეეხება თავად გახარიას, მას უამრავ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. დაწყებული იქიდან - რატომ გადადგა? მელიას დაჭერა მისი პრემიერობის დროს რატომ იყო შეუძლებელი, როცა ღარიბაშვილის პრემიერობის პირველ დღესვე დაიჭირეს მელია. ასევე, ვინ არის მისი რეალური დამფინანსებელი, რადგან მედიაში ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები, კერძოდ, კეზერაშვილთან დაკავშირებით. ასევე, მაქვს კითხვები - ვინ არიან მისი პოლიტიკური პარტნიორები ოპოზიციურ ლანდშაფტში? თანაგუნდელების პირველი კონტურები ჩანს, მაგრამ რა პოლიტიკური პლატფორმა ექნება, რა კონკრეტული ხედვები აქვს მას საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე, საგარეო პოლიტიკაზე, დარგობრივ განვითარებაზე და ა.შ.

ასევე კითხვები იბადება იმასთან დაკავშირებით, არც თუ ცოტა ხნის წინ ოპოზიციური ტელევიზია გახარიას აკრიტიკებდა და ახლა რატომ არის მის მიმართ „დაშაქრული“? ასევე, ძალიან უხერხული ხომ არ არის ის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჰქონდა ექსკლუზივი გახარიას პარტიის სახელწოდებაზე და პრეზენტაციის თარიღზე?“, - განუცხადა აბაშიძემ for.ge-ს.

ასე რომ, აბაშიძე, შეიძლება ითქვას, ჩვენს კითხვას - „ვინაიდან დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფინანსებელია, ხოლო სწორედ ამ ტელევიზიით ვიგებთ გახარიას შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციებს, ხომ არ ადასტურებს, რომ გახარია კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მისგან ფინანსდება“ - რიტორიკულადაც კი მიიჩნევს.

„დიახ, სწორედ მე ეჭვგარეშე კითხვებს ვსვამ - ექსკლუზიური გაშუქება, განსაცვიფრებლად დამთბარი დამოკიდებულება... ამაზეა პასუხები გასაცემი“, - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ ის დუმილი, რომელიც გახარიამ თებერვლის შემდეგ შეინარჩუნა, საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა.შესაბამისად, გია აბაშიძეს არ აკმაყოფილებს გახარიას პარლამენტში მყოფი თანაგუნდელების პასუხები და ლიდერისგან ელის პასუხებს.

„ჩვენ გვინახავს „ქართული ოცნებიდან“ წასული არაერთი პოლიტიკოსი, გახარიას მათ არ ვადარებ, მაგრამ ნუ გაიმეორებს იმ გზას, როდესაც ქმნიან რაღაცა პარტიებს და შემდეგ ამ პარტიების სახელი აღარავის ახსოვს. არ მგონია გახარიამ ეს გაიმეოროს, თუმცა მისი გუნდის წევრების ქმედებები ძალიან გავს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ქმედებებს, რომლებიც წავიდნენ და ქართულ პოლიტიკურ რეალობას შავ-თეთრ ფერებში ხედავენ. თუ უნდა გახარიას, რომ ნორმალური პოლიტიკური პარტია ჰქონდეს, თავიდან უნდა მოიშოროს ეს მახინჯი პოლიტიკური სენი - პოლიტიკის შავ-თეთრად აღქმა“, - განუცხადა გია აბაშიძემ for.ge-ს.

ექსპერტი გიორგი გახარიას ურჩევს, რომ მერობისთვის ბრძოლაში არ ჩაებას, ვინაიდან „ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე უკონკურენტოა. თანაც, როდესაც პრემიერი იყავი და ახლა დედაქალაქის მერობაზე იყრი კენჭს, ასეთი პრეცენდენტები მსოფლიოში არის.

„არ მგონია გახარიამ ეს ნაბიჯი გადადგას. შეიძლება ისეთი კანდიდატი დააყენოს, რომელიც საერთოდ კონკურენციის მიღმა იყოს და შესაძლოა, იმუშაოს იმაზე, რომ საკრებულოში რაც შეიძლება მეტი კვოტა ჰქონდეს“, - გვითხრა ექსპერტმა.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გახარიას დღეის მდგომარეობით ამომრჩევლის 10-12% უჭერს მხარს და ის ვადამდელ საპარლამენტო ან 2024 წლის არჩევნებში ბარიერს აუცილებლად გადალახავს. თუმცა, ჩიტაძე არ ფიქრობს, რომ გახარია ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს, რადგან ამის რესურსი ჯერ არ გააჩნია და ეს მხარდაჭერა არ ეყოფა.

„საჯარო მოხელეები, რომელთა რაოდენობაც 200 ათასს აღემატება, ისინი და მათი ახლობლები ხმას „ოცნებას“ მისცემენ. მეორე მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სტაბილური ამომრჩეველი ყავს - დაახლოებით 25-27%. შემდეგ, ხმები ნაწილდება (3-4%) „სტრატეგია აღმაშენებელზე“, „ლელოზე“. აქედან გამომდინარე, გახარია 10-12%-ზე მეტს ვერ მიიღებს. თუმცა, მომავალში ეს იქნება ვადამდელი არჩევნები თუ 2024 წლის არჩევნები, ის ბარიერის გადალახვას შეძლებს. ის, რომ გახარიას პარტია მმართველი გუნდი გახდეს, ამ შემთხვევას სკეპტიკურად ვუყურებ. რაც შეეხება გუნდის წევრებს, გიორგი აბაშიშვილსა და ლევან დოლიძეს პირადად ვიცნობ და მეტ-ნაკლებად ინტელექტუალური ხალხი ჰყავს. კი, ექს-პრემიერი ქართულ პოლიტიკაში შეაბიჯებს, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს“ , - გვითხრა ექსპერტმა.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზანი კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაა. თუმცა, ჩნდება კითხვა - ხომ იყო პრემიერი, მაშინ რატომ გადადგა? ის იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ალბათ ჩათვალა, რომ ის თავისუფლად მოასპარეზე პრემიერი არ იყო და დიდწილად ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული. „ასევე, ჩემი აზრით „ქართული ოცნების“ გარკვეული წევრები მას საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. ივანიშვილი არაფორმალური მმართველი იყო, ამიტომ დამოუკიდებელი პრემიერი ვერ იქნებოდა. თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის პირველ წელს ივანიშვილის მხრიდან თავისუფლება მქონდაო. ამით დადასტურდა, რომ ივანიშვილი ერეოდა და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას გარკვეულწილად ზღუდავდა. ასე იყო გახარიას შემთხვევაში და მისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ოცნებაში“ გარკვეული კლანი გაძლიერდა, რომელიც გახარიას ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ, მგონია გახარიას პრემიერად მოსვლა თავისი გუნდით სურს და შორს მიმავალი მიზნები აქვს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტის აზრით, ექს-პრემიერი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ითანამშრომლებს და მესამე პოლიტიკურ ძალას ითამაშებს. ხოლო თუ მან „ქართულ ოცნებასთან“ დაიწყო თანამშრომლობა, საზოგადოებაში გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გახარია „ოცნების“ პროექტია.

„თუ გახარია „ქართული ოცნების“ პროექტია და ეს გამორიცხულიც არაა, ის ღიად მმართველ გუნდთან არ ითანამშრომლებს. ბუნებრივია, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლებს. ვფიქრობ, გახარია ეცდება თავი წარმოაჩინოს და მესამე ძალის როლი ითამაშოს“- განუცხადა ნიკა ჩიტაძემ for.ge-ს.

 

 

არაგველი641 "მე თქვენ დაგასრულებთ"!
2 წლის უკან