პრაქტიკულად გამოვიდა, რომ ბელარუსის მთავრობას ფარულად მადლობა გადაუხადეს, რომ საერთოდ მთელი თვითმფრინავი არ დააკავა და ყველა, ვინც იმ თვითმფრინავში იჯდა, ციხეში არ გაუშვა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ ექსპერტი კახა გოგოლაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისის მინსკში დაშვების ფაქტს და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებას ეხებოდა.
გოგოლაშვილის განმარტებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული და ასევე, ფაქტი დაეგმოთ.
ექსპერტის განცხადებით, ქმედება, რომელიც ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდერე ლუკაშენკომ განახორციელა, საერთაშორისო დანაშაულია.
„ეს არის არამხოლოდ ერთი მგზავრის, არამედ, პრაქტიკულად, თვითმფრინავის გატაცება. მე მგონი, ეს პირველ რიგში, საერთაშორისო დანაშაულია. ნებისმიერი მგზავრის გატაცება თვითმფრინავიდან, რომელიც ვილნიუსში მიფრინავდა და ბელარუსში ჩასვლას არ აპირებდა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უკანონოა, საერთაშორისო სამართლის დარღვევაც არის და მთლიანობაში შეურაცხყოფაა საერთაშორისო საზოგადოების. ლუკაშენკოს და მის მთავრობას როგორ შეიძლება საერთოდ ესაუბრო იმაზე, ვიღაც დამნაშავეა თუ არა, რამდენად კანონიერად იყო გასამართლებული, თუ ეჭვმიტანილი ბელარუსში“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
მისივე განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასწორი განცხადება გააკეთა.
„ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მივესალმებით, მგზავრები აფრინდნენ და სადღაც დაფრინდნენო, მე მგონი, არარელევანტურია, რადგან განცხადებაში ერთადერთ რაღაცაზე უნდა ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული - ამ ფაქტის დაუშვებლობაზე. გამოდის, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებდნენ ბელარუსის, თუ რუსეთის დაზვერვის ხალხი, რომლებიც შევიდნენ თითმფრინავში და გამოიყვანეს ოპოზიციონერი ჟურნალისტი. ჩემი აზრით, მთლიანობაში განცხადება უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაქტზე მიმართული და არ უნდა ყოფილიყო არავითარი პოზიტიური ნოტები. პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ ბელარუსის მთავრობას ფარულად მადლობა გადაუხადეს, რომ საერთოდ მთელი თვითმფრინავი არ დააკავა და ყველანი ციხეში არ გაუშვა, ვინც იმ თითმფრინავში იჯდა, ასე გამოდის, ხომ? ეს აბსოლუტურად არასწორი განცხადებაა. განცხადება უნდა იყოს მაქსიმალურად იმაზე მიმართული, რომ ჟურნალისტი გაათავისუფლონ, რომ დაუშვებელი და დასაგმობია ასეთი მოქმედებები, საერთაშრისო აეროწესების დარღვევა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ თვითმფრინავის მგზავრები და ა.შ“, - აცხადებს გოგოლაშვილი.
ის ასევე განმარტავს, თუ რატომ გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი განცხადება.
„ეს ძალიან ძველი ამბავია, ჩვენ ბელარუსთან კარგი ურთიერთობები, კარგი ეკონომიკური კავშირები გვაქვს, ბელარუსი იშვიათად თუ უჭერს მხარს რუსეთ-საქართველოს წინააღმდეგ რაიმე პროვოკაციებს. რაღაც ასეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ ლუკაშენკო საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებში რუსეთის მთავრობასთან ერთად არ იღებს მონაწილეობას, ეს განაცხადა კიდეც ლუკაშენკომ, მაძალებდნენ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარებასო. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ახლოს ვიყავი, შეიძლება დავთანხმებულიყავი კიდეც, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეო. შანტაჟივით გამოდის, რაც არ უნდა დააშავოს ლუკაშენკომ, სულ იმის უნდა გვეშინოდეს, აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი არ აღიაროს.
ბელარუსის ხელმძღვანელობას იმდენად გაფუჭებული აქვს საერთაშორისო პრესტიჟი და იმდენად დაბალი აქვს, აღიარებს თუ არა აფხაზეთს, სამხრეთ-ოსეთს, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ამის გამო, ჩვენ არ უნდა შევიკავოთ თავი. მე მგონი, არის ეკონომიკური ინტერესები, რომელიც ჩვენ ბელარუსთან გაგვაჩნია, ესეც ალბათ, რაღაც ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეკონომიკური ინტერესი, განა ევროპას, ან სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს? ასეთ რეჟიმზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდე დამოკიდებული და მისი შანტაჟის ობიექტი არ უნდა იყო“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.
შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.