გასულ კვირაში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო ინფორმაცია 2009-2012 წლებში სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებზე გაცემული ფულადი პრემიების შესახებ, რაზეც დაახლოებით 42 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყოფილი თავდაცვის მინისტრები, თურმე, ცეცხლსასროლი იარაღით გულუხვად ასაჩუქრებდნენ პარლამენტარებს, ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მსახიობებსა თუ მომღერლებს. ირაკლი სესიაშვილმა ცალკე წარმოადგინა იმ ძვირად ღირებული მანქანებისა და ფეშენებელური კაბინეტების ფოტოები, რომლითაც ყოფილი თავდაცვის მინისტრები სარგებლობდნენ იმ ფონზე, როდესაც სამხედრო ნაწილების ყაზარმების უმრავლესობაში არ არსებობდა ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები. ამ ბრალდებებს ციხიდან გამოეხმაურა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელმაც ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. იყო თუ არა ფულადი პრემიების გაცემა უკანონო და რამდენად ყაირათიანია ამჟამინდელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა? - ამ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ბატონო ირაკლი, რა პასუხისმგებლობა შეიძლება მოეთხოვოს, მაგალითად, გაერთიანებული შტაბის უფროსს ან მის მოადგილეს, რომლებმაც 100 ათას დოლარზე მეტი პრემია მიიღეს, ან მსახიობებს, რომელიღაც თოქშოუდან, რომლებსაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა კარგი მუშაობისათვის სატაბელო იარაღი აჩუქა? აპირებთ თუ არა, რომ დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი? ასეთ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა?
ირაკლი სესიაშვილი: პარლამენტის უფლებამოსილება არაა, გამოძიება აწარმოოს და ვინმე დასაჯოს. ეს პროკურატურისა და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა ამ საკითხებზე მუშაობს. მაგალითად, იმავე იარაღის ჩუქებასთან დაკავშირებით არის შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის, რომელიც არეგულირებს იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესებს. თავდაცვის მინისტრს, მართლაც, აქვს უფლება, რომ იარაღი ჯილდოს სახით გადასცეს პირს, მაგრამ ეს პირი უნდა იყოს ამ უწყების ყოფილი ან მოქმედი თანამშრომელი, რაც ამ შემთხვევაში - როგორც პარლამენტის წევრების მიმართ, ასევე ამ მსახიობების მიმართ - უკანონოდ განხორციელდა და, შესაბამისად, უნდა დადგეს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, თუ გამოიკვეთა სხვა პირების პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აქაც ეს საგამომძიებლო ორგანოებმა უნდა გადაწყვიტონ.
რადიო თავისუფლება: თქვენ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, ციხიდან გიპასუხათ და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგდოთ ბრალი, თქვენც და ირაკლი ალასანიასაც.
ირაკლი სესიაშვილი: შეიძლება პრემიის გაცემა კანონის დარღვევა არ იყოს, მაგრამ როდესაც მეთაური, გენერალური შტაბის უფროსი თუ მოადგილე ხედავ, რომ სამხედრო ნაწილები ასეთ მძიმე ვითარებაშია და გაუსაძლისი პირობებია ჯარისკაცებისათვის და, აი, ამხელა პრემიებს ირიგებ, რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ვსაუბრობთ და იმაზეც, რომ უპასუხისმგებლობასა და ფეოდალურ მმართველობასთან გვქონდა საქმე. იგივე ითქმის მინისტრზეც! მინისტრი, რომელიც დღეს მეუბნება, რომ, თურმე, სამხედრო ნაწილში ათენებდა და აღამებდა და თავს აკლავდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას, ეს მას არ აძლევს იმის უფლებას, რომ ფეშენებელური კაბინეტები მოიწყოს, „პლეისთეიშენის“ მანქანაში (იგულისხმება MERCEDES BENZ VIANO) 442 ათასი ლარი გადაიხადოს და დაკავებული იყოს საკუთარი სეირნობით.
რადიო თავისუფლება: ბატონო ირაკლი, ამ ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც თქვენ ამ კონტროლის მექანიზმებზე საუბრობთ და ცდილობთ ყოფილი ხელისუფლების ესა თუ ის ნაბიჯი შეაფასოთ, ხომ არ ხდება თავდაცვის სამინისტროში დღეს იგივე? ხომ არ ღებულობს გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილე ასევე მაღალ პრემიებს? დღევანდელების კონტროლი თუ არსებობს? გასაგებია, რომ გუშინდელები ცუდს აკეთებდნენ. დღეს რა კეთდება?
ირაკლი სესიაშვილი: პირველ რიგში, პარლამენტმა კარგი მაგალითი მისცა ხელისუფლებას, როდესაც უარი თქვა პრემიებზე (ეს მოხდა მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან. მანამდე ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებიც ძველი წესით ღებულობდნენ პრემიებს. - რედაქცია). მეორე, ჩვენ მიერ ასეთი მკაცრი განცხადებები პრემირებასა თუ ფუფუნების სხვა საგნებთან მიმართებაში არის სწორი სიგნალი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დაფიქრდეს და არ გაიმეოროს იგივე შეცდომები. და მეტსაც გეტყვით, თავდაცვის მინისტრთან საუბრის შემდგომ ჩვენ ვყალიბდებით მექანიზმზე, რომ გამჭვირვალობას ხელი შეეწყოს. ამიტომ შესაძლოა ჩვენ შევთანხმდეთ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც თითოეული ძალოვანი უწყება ვალდებული იქნება ყოველწლიურად ღია, საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნოს თითოეული თეთრის დახარჯვის შესახებ. ეს იქნება ყველაზე საუკეთესო გზა იმისათვის, რომ პრევენციულად მოვახდინოთ ზემოქმედება უკანონო, არამიზნობრივ ხარჯვაზე.
რადიო თავისუფლება: იმ დღეს (6 მარტს), როდესაც თქვენ პრეზენტაცია გამართეთ და ძვირად ღირებულ ავტომანქანებსა და პრემირების სისტემაზე ლაპარაკობდით, დიმიტრი შაშკინი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დაბრუნდა საქართველოში და იგი მზად არის გასცეს პასუხი შეკითხვებს, თუკი მის მიმართ საერთოდ არსებობს რაიმე შეკითხვები. თქვენ პირადად რა შეკითხვები გაქვთ დიმიტრი შაშკინის მიმართ? თუ იკვეთება შემოწმების აქტებში მისი პირადი პასუხისმგებლობა?
ირაკლი სესიაშვილი: რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურა დაკავებულია თავდაცვის სამინისტროში ფინანსური ხარჯების შესწავლით. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს უფლება რაიმე საკითხი კონკრეტულად გავაჟღერო, თუმცა ჩემთვის ცნობილია რიგი სავარაუდო დარღვევების შესახებ, რაზეც, რა თქმა უნდა, ბატონ ყოფილ მინისტრს მოუწევს პასუხის გაცემა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა და ვიმედოვნებ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხების კვლევას.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს, თუ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, შორს არ არის ის დრო, როდესაც რუსეთის საგამომძიებლო ორგანოებმა შეიძლება ოფიციალური თხოვნით მიმართონ საქართველოს შესაბამის უწყებას გივი თარგამაძის - თქვენი კომიტეტის რიგითი წევრის - გადაცემის შესახებ. თქვენი დამოკიდებულება როგორია თარგამაძის შესაძლო ექსტრადაციაზე?
ირაკლი სესიაშვილი: ბატონი გივი თარგამაძისადმი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, მიუხედავად მის მიმართ ჩემი სიმპათიის თუ ანტიპათიისა, ჩვენი შეხედულებების მკვეთრი განსხვავებულობისა, მინდა გითხრათ, რომ ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ის არის საქართველოს მოქალაქე, მას იცავს საქართველოს სახელმწიფო და, შესაბამისად, ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც სახელმწიფოს ინტერესებშია. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მას დაიცავს სახელმწიფო.