აფხაზეთის დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის ქემალ არძინბას მკვლელობაზე სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ სამინისტრომ დამნაშავეების აყვანის გეგმა შეიმუშავა, ხოლო „გენერალურმა პროკურატურამ" მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. ამავე დროს დე ფაქტო ოპოზიცია ვეტერანების ორგანიზაცია „არუაამ" ბჟანიას გადადგომის საკითხი დააყენა იმ მოტივით, რომ ის კრიმინალის ალაგმვას ვერ უზრუნველყოფს.
ამ დრომდე ე.წ. სამარდალდამცავი ორგანოების ძალისხმევის კონკრეტული შედეგები ცნობილი არაა, თუმცა როგორც „ეხო კავკაზას" დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ინსპექტორმა მილანა ნარმანიამ განუცხადა, დამნაშავეების დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიებები ტარდება.
„18 მაისს 17:40 საათზე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამნენტმა სოხუმში სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო, შემთხვევის ადგილზე მისვლით დადგინდა, რომ იმამ შამილის ქუჩა ნომერ 6-ში საცხოვრებელი სახლიდან განხორციელებული სროლების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ქემალ ნოდარის ძე არძინბა დაიჭრა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილზე მუშაობს საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფი, ასევე სპეციალისტები აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრიდან.
„შინაგან საქმეთა მინისტრის დმიტრი დბარის ბრძანებით, გამოცხადდა განგაში, დაბლოკეს სოხუმის გასასვლელები და დამნაშავეთა აყვანის გეგმა გამოცხადდა, 18 მაისსვე, მოქალაქე არძინბას მკვლელობის ფაქტზე 99-ე და 217-ე მუხლების მეორე ნაწილების გათვალისწინებით, ტარდება ოპერატიული ზომები ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით," - განაცხადა მკვლელობის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
არძინბა სოხუმის ცენტრში, იმ სახლთან მოკლეს სადაც ცხოვრობდა. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ დიმიტრი დბარის თქმით, არძინბას სამმა ნიღბიანმა ესროლა, მას წინა მხარში, მკლავში და საზარდულში სამი ჭრილობა მიაყენეს.
თავად ქემალ არძინბას ოკუპირებულ აფხაზეთში გავლენიან „ავტორიტეტულ ბიზნესმენად" მოიხსენიებენ, თუმცა კრიმინალურ სამყაროში მას ე.წ. კანონიერი ქურდის სახელი არ ჰქნოდა. მის სახელს არარერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. მას 2019 წლის ნოემბერში, მახაჯირის სანაპიროზე მომხდარ სამმაგ მკვლელობაში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ალხას ავიძბა და ასტამურ შამბა ჩაცხრილეს, ასევე, რესტორნის მიმტანი გოგო.
როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, ქემალ არძინბას მკვლელობა შარშანწინ მომხდარი რესტორან „სან-რემოსთან" მომხდარი მკვლელობის შურისძიებისა და წმინდა წყლის შიდა ქურდული გარჩევების ნაწილია.
„ეს ადამიანი თავისი კრიმინალური ცხოვრებით გამოირჩეოდა, თვითონ ე.წ. ქურდი არ იყო, თუმცა კრიმინალურ სამყაროში დიდი გავლენები ჰქონდა. შარშანწინ, როცა რესტორან „სან-რემოსთან" გარჩევა მოხდა, სწორედ ამ კვლელობის ორგანიზება მას ბრალდებოდა. ამ მკვლელობამ მაშინ ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია. ავიძბა, რომელიც ახლა ციხეშია, მოკლულის ერთ-ერთი ნათესავი იყო. ავიძბა დონბასში იბრძოდა, ჩამოვიდა, „ხელისუფლებას" შეუტია, რომ არაფერს არ აკეთებდა და ერთ დღეში ჩამოაგდო და ამით მოულოდნელად ხელისუფლებაში ბჟანია მოვიდა.
„ბჟანიაც ასეთ ცვლილებებს არ ელოდა, რომ ხაჯიმბას ასე უცებ ამ მკვლელობის გამო გადააგდებდა. მკვლელობა ამ ადამიანს - არძინბას ბრალდებოდა, მან აფხაზეთის ტერიტორია მაშინვე დატოვა, მას ეძებდნენ, მაგრამ რუსეთში დაიმალა, ახლა ჩამოვიდა და ეტყობა ელოდებოდნენ, ალბათ მისამართი და ინფორმაცია ჰქონდათ და თუ არ ვცდები სნაიპერითაა ნასროლი, შორიდან კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო და ამით შურისძიება განახორციელეს.
„ესაა წმინდა წყლის შიდა ქურდული გარჩევების ნაწილი, აშკარად ჩანს, რომ აფხაზეთი ქურდული სამყაროს ბუდეა და ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. მგონია, რომ პირდაპირ „სახელმწიფოს" დაკვეთა არ ყოფილა არც პირველი შარშანწინდელი მკვლელობის შემთხვევა და არც ახლა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ იქ სრული განუკითხავობაა, ერთნი კლავენ მეორეს და მერე მეორენი შურს იძიებენ. ესაა ქურდუილი გარჩევები და შურისძიება, რომ ვინ არის ამ სფეროში და ამ ადგილზე უფროსი ვინაა," - განაცხადა მან
ამბობს, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი დასამალი ადგილია და თუ მკვლელები დამალვას შეეცდებიან, „საერიოზულად დაიმალებიან".
„ძალიან იოლია, რომ აფხაზეთში დღეს დაიმალო, იმდენი მიტოვებული სოფლები ადგილები და ტყეებია, თან „ხელისუფლების" რაღაცა შტოსთან შეკრულები იქნებიან, სხვანაირად შეუძლებელია, ამიტომ რა თქმა უნდა, თუ დაიმალებიან, სერიოზულად დაიმალებიან. ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ძალა ვერ იპოვის, მაგრამ ეს დე ფაქტო ხელისუფლებისთის დიდი გამოწვევაა. თუ ვერ იპოვიან, ყოველგვარ ე.წ. სახელმწიფო სტრუტურას ჩამოშლიან - პრინციპში, ისედაც არ არსებობენ.
„უკვე ე.წ. ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, ოპოზიციური გერთიანება „არუაამ" გუშინ უკვე ბჟანიას გადადგომაზე საკითხი დააყენა იმიტომ, რომ ის კრიმინალური სამყაროს ალაგვმას ვერ უზრუნველყოფს, ამას ვერც ხაჯიმბა ვერ აკეთებდა და ვერც ახლა ბჟანია," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.