ვან კლიბერნიდან „ერისიონამდე“

ვან კლიბერნიდან „ერისიონამდე“

27 თებერვალს ტეხასში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პიანისტი ვან კლიბერნი - მუსიკოსი, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და ვისაც შორეულ 1958 წელს სამშობლოში ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს. ამის მიზეზი კი, მისი უზადო საშემსრულებლო ხელოვნების გარდა, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება იყო, უფრო ზუსტად - მზარდი დაპირისპირება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის.

ვან კლიბერნმა, სულ რაღაც 23 წლის მუსიკოსმა, მოსკოვში ბრწყინვალედ შეასრულა ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და დიდი რუსი კომპოზიტორის სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა. ამერიკელი პიანისტის ეს აღიარება მოხდა ექვსი თვის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ კოსმოსში პირველი თანამგზავრის გაშვებიდან, რამაც აშშ-ში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. შესაბამისად, კოსმოსური სფეროს ათვისებაში დაწინაურებული საბჭოთა კავშირიდან დაბრუნებულ ამერიკელ ლაურეატს ნიუ იორკის ქუჩებში როგორც გმირს, ისე დახვდნენ.

ვან კლიბერნისაგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“, რომელიც მოსკოვში მართავს გასტროლებს, სამშობლოში არავინ დახვდება ზარ-ზეიმით - მათ შორის, ალბათ, არც ის ხელოვანები, მსახიობები თუ მომღერლები, რომლებიც ცდილობენ, გაამართლონ ასეთი კულტურული ურთიერთობები, როგორც ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური კავშირის აღდგენის დამხმარე საშუალება.

ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ, აშშ-ისგან განსხვავებით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი და აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა; და, ესეც რომ არა, „ერისიონი“ მოსკოვში არ წასულა რაიმე ისეთ საერთაშორისო კონკურსზე, რაშიც ქართველების გამარჯვება ისეთსავე სიხარულს მიანიჭებდა საქართველოს მოქალაქეებს, როგორიც იყო 23 თებერვალს ქართველი მორაგბეების მორიგი გამარჯვება რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში „ერთა თასზე“.

შესაბამისად, საქართველოში არცთუ მცირეა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ „ერისიონი“ სამარცხვინო დერეფანში გატარებას უფრო იმსახურებს, ვიდრე ხოტბას. ახლახან ანსამბლის ოფისის წინ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გამართა 1980-იან წლებში საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა. საკუთარი, კიდევ უფრო კრიტიკული პოზიცია გამოხატა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ, რომელმაც მოსკოვში ანსამბლ „ერისიონის“ გამოსვლას „ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უწოდა ქართული კულტურის ისტორიაში“.

ფეისბუკში გამოქვეყნებულ ბლოგში ნიკოლოზ ვაშაკიძე უფრო შორს მიდის და სახელოვანი ანსამბლის გასტროლებს მოსკოვში დამცირებული და ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან უაღრესად მახინჯ და სულმდაბალ ქმედებას უწოდებს. „სანამ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტილი არ არის, მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა ჩემთვის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია“, - წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც ამ ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ საერთოდ გაუჩინარდა თვალსაწიერიდან, აღარ ხვდება მედიას, არ აკეთებს, როგორც კოლეგა ჟურნალისტები იტყვიან ხოლმე, „კომენტარებს“.

გასაგებია, რატომაც: ნიკოლოზ ვაშაკიძის პოზიციის გაზიარებისაგან თავი შეიკავა ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, და, კონიუნქტურული მოსაზრებებით, ასევე გაჩუმება არჩიეს ნაციონალისტურ პოზიციებზე მდგომმა სხვა, როგორც იტყვიან, კვალიფიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რადგან თუ საქმე მოსკოვში ჩასვლისთვის კრიტიკაზე მიდგა, მაშინ კაცმა მიზანში დაბალი ღობე კი არ უნდა ამოიღო, რომელიმე შემოქმედებითი ჯგუფისა თუ მომღერლის სახით, არამედ ჯერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უნდა გააკრიტიკო, რომლის მოსკოვურ ვიზიტსა და ვლადიმირ პუტინის მისამართით კრემლში გამოთქმულ ქათინაურებთან შედარებით, „ერისიონის“ გასტროლები ნამდვილად უწყინარ ნაბიჯად ჩანს.