ექსპერტები, კახა კახიშვილი და ნიკა ჩიტაძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სხვადასხვაგვარად აფასებენ. ორივე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში და მისი შეხვედრა პრემიერთან ისეთი ფაქტებია, რომლებიც პოლიტიკაში მოკლევადიანი პროგნოზის საშუალებას იძლევა. თუმცა, მათი პროგნოზები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
- ოფიციალური ბაქო გაანაწყენა პრეზიდენტ სააკაშვილის საჯარო განცხადებამ იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრებ აზერბაიჯანულ დიასპორას, რომელსაც გარდაბნელი სადიკოვი მეთაურობს, კრემლი აზერბაიჯანის დასასუსტებლად იყენებს. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
ნიკა ჩიტაძე:
- პრეზიდენტამდე ბაქო პრემიერმა გაანაწყენა, როდესაც თქვა, რომ აზერბაიჯანიდან ბუნებრივ აირს ძვირად ვყიდულობთ და თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხი გადასახედიაო... მინდა გითხრათ, რომ ალიევის ადმინისტრაციას არ უთქვამს, - სააკაშვილზე განაწყენებული ვართო. უბრალოდ თქვა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. სხვათა შორის, არც სააკაშვილს უთქვამს, - სადიკოვის საკითხი შეხვედრაზე განვიხილეთო. მან თქვა, რომ გარდაბნელი სადიკოვი რუსეთში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დასასუსტებლად მუშაობსო. ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ბოლო დროს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაფუჭდა.
კახა კახიშვილი:
- ქვეყნის პირველ პირს მეტი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოეთხოვება. რბილად რომ ვთქვათ, უცხო ქვეყნის პრეზიდენტის მაგივრად განცხადებების კეთება სწორი არ არის. ჩემი აზრით, იმ ფაქტმა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაოცება გამოხატა სააკაშვილის განცხადების გამო და ისიც აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, სააკაშვილი მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
- რამდენად ნაყოფიერად მიიჩნევთ პრემიერ ივანიშვილისა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრას?
ნიკა ჩიტაძე:
- კარგია, რომ პრეზიდენტი და პრემიერი მზად არიან, ერთობლივად განიხილონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. თუმცა ცუდია, პრემიერმა უკმაყოფილება რომ გამოხატა პრეზიდენტის წამოყენებული მოთხოვნების გამო. სააკაშვილის მოთხოვნა, სასამართლოსა და მედიის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სრულიად მართებულია. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ინსტიტუტები არც "ნაციონალების" მმართველობის დროს იყო თავისუფალი. დავუშვათ, ასეც იყო. "ქართული ოცნება" ოპოზიციაში ყოფნის სამაგალითო დემოკრატიას გვპირდებოდა. ჰოდა, დაგვანახვონ ეს სამაგალითო დემოკრატია.
კახა კახიშვილი:
- ეს იყო შეხვედრა - შეხვედრისთვის, ყოველგვარი შედეგის გარეშე. სააკაშვილი ცდილობს, საკუთარ გარემოცვას მაინც დაუმტკიცოს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისევ შეუძლია. რაც შეეხება ივანიშვილს, მან მოახერხა და საზოგადოებას თვალნათლივ დაანახვა, თუ ვინ არის რეალურად ქვეყანაში პირველი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სააკაშვილის პერსონაზე ფოკუსირების ნაცვლად, რეალურად უნდა მიხედოს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ძალიან ბევრია.
- როგორ ფიქრობთ, დღეს მედია და სასამართლო ხელისუფლებისგან თავისუფალი არ არის?
ნიკა ჩიტაძე:
- რა თქმა უნდა, ზეწოლა არის. ხომ ხედავთ, საზოგადოებრივ მაუწყებელში როგორ დაიძაბა სიტუაცია? პირდაპირი ზეწოლაა პრემიერისგან იმის თქმა, რომ "რუსთავი 2"-ს უკანონო მფლობელები ჰყავს. გარდა ამისა, ბევრი გაზეთი, თუნდაც "ასავალ-დასავალი" და "ახალი თაობა", რომელსაც ადრე ოპოზიციური ნიშა ჰქონდა, დღეს ხელისუფლების რუპორად იქცა. ხელისუფლება ცდილობს, ზეწოლა განახორციელოს სასამართლოზე, მოსამართლეების დაშინებითა და დაშანტაჟებით. ხან კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენზტე საუბრობენ, ხან - იურიდიული განათლების არმქონე მოსამართლეებზე.
- თქვენი აზრით, სასამართლოს დღეს ობიექტური გადაწყვეტილებები გამოაქვს?
- დიახ, სასამართლო დღეს ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს.
- მართებულად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ სასამართლომ არანაირი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა უგულავას, რომელსაც პროკურატურა ძალიან სერიოზულ ბრალს (სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად ხარჯვა) სდებს?
- თუ პროკურატურა უგულავას ბრალეულობაზე ლაპარაკობს, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მართლა დამნაშავეა. ამას სასამართლო იძიებს. მასე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს რუსეთის აგენტები და კრიმინალები პოლიტპატიმრებად მიაჩნიათ. ის ადამიანი კი, რომელმაც 8 თებერვალს ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მხოლოდ 200 ლარით დააჯარიმეს.
კახა კახიშვილი:
- დღევანდელი ხელისუფლებისგან სასამართლო ნამდვილად თავისუფალია, მაგრამ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების იარაღს წარმოადგენს. შეგახსენებთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას: "თავის დროზე სასამართლო აჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის იდეას. დღეს ნულოვანი ტოლერანტობის ეპოქა გასულია და სასამართლო იმიტომ არის ორიენტირებული არასაპატიმრო ღონისძიებებზე". კუბლაშვილის ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლო დღემდე "ნაცმოძრაობის" პოლიტიკის გამტარებელია. შეგახსენებთ იმასაც, რომ სასამართლოში, მენეჯერულ თანამდებობებზეც კი მხოლოდ პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ინიშნებოდნენ. რაც შეეხება მედიას, სააკაშვილმა მთელ ქვეყანას გვახვეწნინა, რომ "მასთქერის" პრინციპით მაინც მოეცა დაბალანსებული ინფორმაციის მიღების საშუალება. ადამიანი, რომელიც ერთ და ორ თვეზე ვაჭრობდა, როგორ შეიძლება, თავისუფალი მედიის გარანტი გახდეს? არჩევნების შემდეგ მედია ნამდვილად გათავისუფლდა ზეწოლისგან, მაგრამ კარგი იქნება, თუ თავისუფალი სიხშირეების რეგულაციას საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფენ. გასაგებია, რომ საკაბელო ტელევიზიების მაუწყებლებს პრობლემები აღარ ექმნებათ, მაგრამ სიხშირე ისევ "ოკუპირებულია" იმ კანონმდებლობის მიერ, რომელიც პარლამენტმა "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში მიიღო.
- პროკურატურის მუშაობას როგორ შეაფასებთ?
ნიკა ჩიტაძე:
- ვერ ვიტყვი, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია. ეს უწყება აშკარად პოლიტიკური სტრუქტურაა, რადგან პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალიან ხშირად სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს. მაგალითად, მთავარმა პროკურორმა თქვა, - ნიკა გვარამია მისი გონებრივი შესაძლებლობის გამო უნდა დავაპატიმროთო. ნიშანდობლივია ისიც, რომ პროკურატურა ავრცელებს ჭორს, თითქოს ხელთ "ნაციონალების" პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები ჩაუვარდა. ამით კბილაშვილი ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას აზრი, ვითომ "ნაციონალები" ცუდად იქცეოდნენ.
- მაშინ იმას რით ახსნით, რომ საზოგადოების ნაწილი პროკურატურას სწორედ უმოქმედობაში ადანაშაულებს და მისგან სამართლიანობის აღდგენას ანუ ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯას მოითხოვს?
- ჯერ ერთი, საზოგადოების რომელ ნაწილზე ლაპარაკობთ, რომელიც ჩიორაზე ამბობს, - უფრო კარგად უნდა გალახულიყოო? სხვათა შორის, ამა თუ იმ სოციალურ ქსელში ჩემ შესახებაც წავიკითხე არცთუ სახარბიელო კომენტარები. ერთ-ერთი იმასაც წერდა, მაგას კაცმა თავი უნდა გაუტეხოსო. მართლა არ მესმის, რა სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობენ ასეთი აგრესიული ადამიანები. პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს იმიტომ ვერ იჭერს, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს. რა სამართალზე უნდა ილაპარაკოს პროკურორმა კბილაშვილმა, რომელსაც მოსკოვში ბინა აქვს და რომელიც ამბობს, რომ არ იცის, ვინ არის დამნაშავე რუსეთ-საქართველოს ომში, რადგან თურმე პოლიტოლოგი არ გახლავთ; ასევე ვერ აფასებს პუტინს და მიზეზად ისევ იმას ასახელებს, რომ პოლიტოლოგი არ არის. ყველაფრის მიუხედავად, "ნაციონალები" მზად არიან კოჰაბიტაციისა და თანამშრომლობისთვის.
კახა კახიშვილი:
- პროკურატურის მუშაობას ვერ შევაფასებ დადებითად. ადეიშვილის დროს დანიშნულ პროკურორებზე თავად სააკაშვილმაც კი თქვა, რომ ამ ადამიანებმა გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას, რადგან "მადა ჭამაში" მოდისო. ახლა ის პროკურორები, რომლებსაც მადა ჭამაში მოუვიდათ, ისევ თავიანთ თანამდებობებს ინარჩუნებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეც. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია. გაოცებული ვარ კბილაშვილის განცხადებით იმის თაობაზე, რომ თურმე გენერატორები კი გაუშვა სამსახურიდან, მაგრამ შემსრულებლები, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, დატოვა. ეს იურისტისგან, ცოტა არ იყოს, უცნაური კომენტარია. პროკურატურას აქვს ორი პრობლემა: ერთი ის, რომ მთავარი პროკურორი სისხლის სამართლის სპეციალისტი არ არის, ძალიან უჭირს პროკურატურის მართვა და ისევ ადეიშვილის კადრებს ეყრდნობა. მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ "ნაციონალების" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში პროფესიონალმა კადრებმაც დაკარგეს კვალიფიკაცია. იცით, რატომ? იმიტომ, რომ უსაქმურობას მიეჩვივნენ. ცარიელი ქაღალდიც რომ მიეტანათ სასამართლოში და ეთქვათ, ადეიშვილს ასე უნდაო, სასამართლო უპრობლემოდ იღებდა პროკურატურისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. დღეს მათ უკვე ნებისმიერი შუამდგომლობის დასაბუთება უჭირთ. არჩილ კბილაშვილს ახალი კადრების მოძიებას ვურჩევდი.
- კბილაშვილი ამბობს, რომ ახალი კადრები უბრალოდ - არ არსებობს.
- ქვეყანაში იურიდიული განათლების მქონე საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა. კბილაშვილს შეუძლია, ეს ახალგაზრდები სტაჟიორებად მიიყვანოს და მათგან პროფესიონალი კადრები ჩამოაყალიბოს.
- დაბოლოს, რას უნდა ველოდოთ "ნაციონალების" მიერ დაანონსებული 19 აპრილისგან?
ნიკა ჩიტაძე:
- განსაკუთრებულს არაფერს, ჩვეულებრივი მიტინგი ჩატარდება. კობა დავითაშვილმა კი თქვა, ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავსო, მაგრამ ეგ პროვოკატორი თავად არის. ამ კაცს რა აქვს სალაპარაკო, როდესაც მოსკოვში ჩავიდა და ჟირინოვსკისთვის ხელის ჩამორთმევას ცდილობდა. უბრალოდ, თავად ჟირინოვსკიმ არ გაუწოდა ხელი.
კახა კახიშვილი:
- "ნაციონალები" ცდილობენ, რამენაირად პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ. გარწმუნებთ, 19 აპრილის მერეც დააანონსებენ რამეს. ეს ყურადღების მისაქცევად ერთგვარი ტაქტიკაა. "ნაციონალები" რუსთაველს ნამდვილად ვერ გაავსებენ, თუმცა რამდენიმე ადამიანს შეკრებენ. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს მათი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა - იმ კანონის ჩარჩოებში, რომელიც "ნაციონალებმა" საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნის დროს თავად მიიღეს, კანონში - მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ.