სააკაშვილის აზერბაიჯანული პროვოკაცია და ეკონომიკური მზაკვრობა

სააკაშვილის აზერბაიჯანული პროვოკაცია და ეკონომიკური მზაკვრობა

ბოლო დროს საბანკო თემამ საზოგადოების ყურადღება ორჯერ მიიპყრო: პირველად, როცა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილმა ჟურნალისტებს ამცნო, ,,გაზპრომსა“ და “სბერბანკთან” მოლაპარაკება დამთავრებულია და ,,თი ბი სი“ და ,,ლიბერთი“ ბანკები მალე რუსულ საბანკო სივრცეში აღმოჩნდებიანო. მეორედ კი, სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა _ ქუთაისელმა ქალბატონმა, რომელსაც ვალის გამო აღსრულების ბიურო სახლიდან გამოსახლებას უპირებდა, თავი დაიწვა... რას ემსახურებოდა პრეზიდენტის უსაფუძვლო განცხადება, რომლის გამოც სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა და შეცვალეს თუ არა ბანკებმა ე.წ. პრობლემური კლიენტების მიმართ პოლიტიკა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ? _ ,,ქართული სიტყვა“ აფბა-ს პრეზიდენტს, ეკონომიკის ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა:

 _ ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში ამ სიტყვების გამოყენება მიწევს, მაგრამ სააკაშვილის მხრიდან ეს ფრიად უპასუხისმგებლო და პროვოკაციული განცხადება იყო. საერთოდ, ქვეყნის პირველი პირის ყველა სიტყვა პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელმაც შეიძლება, საგარეო პოლიტიკური ვექტორი თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულება შეცვალოს და სავალუტო კურსის რყევაც გამოიწვიოს. ამიტომ, ასეთი განცხადებები ეროვნული უშიშროების საბჭოსთან მოთათბირების შემდეგ უნდა გაკეთეს. საბჭო კი, თავის მხრივ, ასეთ განცხადებებს თვალს პარტიული კი არა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ადევნებდეს. ამ  განცხადებაში სიმართლის მარცვალიც რომ ყოფილიყო, ამის შესახებ თავად საზოგადოებისთვის ბანკის წარმომადგენელს, უკიდურეს შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მესვეურს უნდა ეთქვა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის იყო, რომ პრეზიდენტმა ამას სერიოზული საფანელი დაუდო და ყველაფერი საგარეო პოლიტიკური კურსის ვექტორის ცვლას დაუკავშირა, რისი საფუძველიც, სინამდვილეში, არ არსებობს. წინა ხელისუფლების დროს კი, უამრავი სტრაგეტიული ობიექტი, მაგალითად, ,,მადნეული”, “კვარციტი”, ,,თელასი”, პორტები, ტერმინალები, კომპანია ,,თბილისის წყალი”, ,,ენერგოპროჯორჯია” რუსულ, ან ოფშორში დარეგისტრირებულ რუსული წარმოშობის კომპანიებზე გაიყიდა. დღეს ქართული ეკონომიკის დიდი სეგმენტი სწორედ ამ კომპანიებს უჭირავთ და ყველაფერი ეს ბენდუქიძისა და ეკონომიკის სხვა “მამების“  დამსახურებაა. აღარაფერს ვამბობ კაბინეტებში ჩატარებულ უცნაურ აუქციონებზე, რომელთა შედეგადაც, ზემოჩამოთვლილი და სხვა ობიექტები გასხვისდა.

სააკაშვილის განცხადებამ ბანკების მმართველები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და მყისიერად იმის მტკიცება დაიწყეს, რომ გარიგებებს არ აწარმოებენ. ამ დროს საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელი აქტივების გაყიდვა, საკონტროლო პაკეტის დათმობა და სხვა მსგავსი პროცესები, შეიძლება, მართლაც, მიმდინარეობდეს, ან ბანკებს გეგმაში ჰქონდეთ. სხვა საკითხია, თუ რამდენად სახიფათოა რუსეთისთვის რამის მიყიდვა. ,,ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ეს ქვეყნისთვის საზიანოდ არ ითვლებოდა. მეტიც, არც მთავრობა და არც _ ,,ქართული ეკონომიკის მამა” ბენდუქიძე საერთაშორისო გაზსადენის რუსეთზე მიყიდვას სახიფათოდ არ მიიჩნევდა და და პრეზიდენტისთვის რუსეთზე ბანკების მიყიდვა მიუღებელი ახლა რატომ გახდა? ჩემი აზრით, საქმე სხვა რამესთან გვაქვს.

_ სახელდობრ?
_ სააკაშვილს ვერავინ დაუკარგავს, რომ ნიჭიერი, გამჭრიახია და მის განცხადებაშიც პატარა მზაკვრობა დევს. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ირაკლი ქადაგიძეს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, ქადაგიძე კვალიფიციური ადამიანი აღმოჩნდა და მასთან ვითანამშრომლებო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოსტზე, უახლოეს მომავალში, ცვლილება არ მოხდება. ამან, ბუნებრივია, სააკაშვილი გაანაწყენა და ქადაგიძე საზოგადოების წინაშე ,,ჩაუშვა”. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს პრეზიდენტს ინფორმაცია საბანკო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ არა _ მცდარი, გადაუმოწმებელი და, მით უმეტეს, ისეთი, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ზიანს აყენებს. მოკლედ, გამოდის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სააკაშვილს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. ამიტომ, სააკაშვილი შეეცადა, გაუგებრობის მუხტი ჩაეგდო ბიძინა ივანიშვილსა და ქადაგიძეს შორის. პრეზიდენტის რიტორიკა ასეთი იყო, რუსული კაპიტალი მძლავრად იპყრობს ქართულ ეკონომიკას, რუსული კაპიტალის გამოხატულებაა ბანკი “ქართუ” და პრემიერის ფულიც რუსულიაო. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილი, თავისი მრწამსით, პროდასავლურია და თავისი აქტივების და ქონების აბსოლუტურად მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლეთის საფონდო ბირჟებზე აქვს განთავსებული.
_ ბატონო ვაჟა, არანაკლებ საინტერესოა ე.წ. აზერბაიჯანულ სეპარატიზმზე აქცენტის გაკეთება, რომლის შესახებაც სააკაშვილმა განცხადება აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა...
_ ესეც რუსული საფრთხის ისტერიკა იყო, რომელსაც ეფექტური რემარკები ახლდა. აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა სააკაშვილმა გვამცნო, რომ ქვემო ქართლის მოსახლეობაში, თურმე, სეპარატისტული ტენდენციები არსებობს. არადა, ექსცენტრიული ინდივიდების გარდა, ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა ავტონომიური მოთხოვნებით არასოდეს გამოსულა. სააკაშვილის წარმოსახვით, ვინმე სადიკოვი, წარმოშობით გარდაბნელი რუსი მილიონერი, რაღაც ორგანიზაციას ქმნის და ამ ორგანიზაციის წევრია ,,ლუკოილის” მეპატრონე ვაგით ალეკპეროვი, რომელიც 13 მილიარდს ფლობს. სააკაშვილის თქმით, მილიარდერი იწყებს ფიქრს, აზერბაიჯანში ის გაიმეოროს, რაც რუსეთმა საქართველოში ,,ჩაიდინა”, ანუ ხელი ივანიშვილის მოსვლას შეუწყო. ამ განცხადებამ უხერხულ მდგომარეობაში აზერბაიჯანის მხარე და პერსონალიებიც ჩააყენა, მით უმეტეს, რომ ვაგით ალეკპეროვს მხოლოდ ალიევთან შესამჩნევი კარგი ურთიერთობა კი არა, რუსეთში გავლენაც აქვს. მოკლედ, ამ განცხადებით სააკაშვილმა დასავლეთი “შეაშინა”, პოზიციას ხელისუფლებაში მხოლოდ ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის მობრუნებით გაიმყარებ, ჩვენ ვართ პროდასავლურობის გარანტი, სხვა შემთხვევაში, საშინელება მოხდებაო. 

_ ბატონო ვაჟა, მოდით, ისევ საბანკო თემას დავუბრუნდეთ. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, აღსრულების ბიუროს მიერ, სახლიდან გამოსახლების დროს, ქალბატონმა თავის დაწვა სცადა. წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ამ პრობლემით დაინტერესდებოდა...
_ სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საყოველთაო დაპირებები არ მახსენდება... ამ მიმართულებით ფანანსური ამნისტია მხოლოდ ბანკს კი არა, კეთილსინდისიერ გადამხდელსაც დააზიანებს და ვალების დაგროვებას სამომავლოდაც წაახალისებს. მოვალეებისთვის ე.წ. მოჭრითი შეღავათების დაწესებაც ხიფათის შემცველია. ამასთან, სახლ-კარდაკარგული მოქალაქეების მდგომარეობაც მძიმეა და საშიშია, ისინი ლუმპერპროლეტარად არ იქცნენ და ემიგრაციაში არ წავიდნენ.

_ ამას წინათ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კერძო მევახშეების საქმიანობა უნდა გადაიხედოს...
_ მიმაჩნია, რომ ეს საკითხი გადასახედია. საერთოდ, ადამიანები ეკონომიკურ საქმიანობას ისე ეწევიან, როგორ საშუალებასაც გარემო აძლევთ. კერძო პირებს, რომლებიც ფულს აპროცენტებენ, კანონს არ არღვევენ და სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებენ, ანუ იმას აკეთებენ, რაც დაშვებულია, ვერ შეედავებიან.

_ ბატონო ვაჟა, როგორც ვიცი, გაქვთ იდეა, რომელიც კერძო მევახშეებისა თუ ბანკებისგან დაზარალებულთა დახმარებას ითვალისწინებს...
_ დიახ, კარგი იქნება, თუ ილია ჭავჭავაძის სათავადაზნაურო ბანკის მსგავსი ფონდი შეიქმნება.

_ მრავალი წელია, საბჭოთა ანაბრების თემაზე აპელირება არ წყდება. ხალხმა “შემნახველ სალაროში” შეტანილი ფული უნდა დაივიწყოს?
_ საბჭოთა ანაბრები ძველი და აქტუალური თემაა, თუმცა საზოგადოებამ ეს პრობლემა თავიდანვე არასწორად აღიქვა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბევრმა, წიაღისეულით მდიდარმა ქვეყანამ, ეს თანხები გასცა და საკმაოდ კარგი ინდექსითაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ხელი ნულოვან ვალდებულებაზე მოგვაწერინეს, რითიც უარი ვთქვით აქტივებზე და ვალებიც ჩამოგვეწერა. ამ ნულოვან ვარიანტზე დათანხმება შეიძლება, სწორი არ იყო, რადგან საბჭოთა კავშირის ეკონომიკის აქტივები ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდური იქნებოდა, მაგრამ ეს შეთანხმება ჩვენი დამოუკიდებლობისთვის გაღებული ხარკი და სასჯელი იყო, რომლითაც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთმა დამოუკიდებლობის გზაზე მდგარი სახელმწიფოები დასაჯა.
მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთ ანაბრები უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს არც იაფფასიანი პოპულიზმი უნდა იყოს და არც _ დემაგოგების განსჯის საგანი...