"მედიკამენტები, რომლებიც არც მოგკლავთ და არც მოგარჩენთ"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს"თავმჯდომარე ზურაბ ფუტკარაძე ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე ბევრია ისეთი წამალი, რომელიც არ მოგკლავს, მაგრამ ვერც მოგარჩენს:

- ბოლო წლებში საქართველოში მედიკამენტები თითქმის აღარ მოწმდებოდა, ამიტომ გასაგებია მოსახლეობის გულისწყრომა იმის გამო, რომ ჩვენთან მედიკამენტები ძალზე ძვირი და, ამასთანავე, დაბალხარისხიანია. შეიძლება წამალში გადაიხადოთ საკმაოდ მაღალი თანხა, მაგრამ მის მიღებას შედეგი არ მოჰყვეს. ხშირად ამას ექიმს აბრალებენ, მაგრამ მარტო ექიმი არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წამლის შექმნა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ორიგინალი წამლის შესაქმნელად და დასანერგავად 10-15 წელია საჭირო, მაგრამ არსებობს წამლის მეორე სახეობაც - ე.წ. გენერიკები, რომლებიც წესითა და რიგით, ორიგინალი წამლის ასლი უნდა იყოს. მისი ქიმიური შემადგენლობაც ორიგინალს უნდა ემთხვეოდეს. განსხვავება მხოლოდ მათ დასახელებაშია, იმიტომ, რომ გენერიკს, წესით, ორიგინალის სახელი არ უნდა ერქვას. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილი წამალია ბაიერის ასპირინი, რომელსაც გერმანია აწარმოებს, მაგრამ მისი გენერიკი არის სალიცილის მჟავა, რომელიც უნგრეთში იწარმოება. ანუ, არის ორიგინალი წამალი და გენერიკი, რომელიც მისი ასლი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში მიმართავენ ფალსიფიკაციას, რის გამოც ქიმიური ელემენტები გენერიკებში ისე აქტიური არ არის, როგორც ორიგინალში, ამიტომ ის ორიგინალივით ეფექტიანი ვერც იქნება და არც არის.

- ესე იგი, ე.წ. გენერიკიც შეიძლება ფალსიფიცირებული იყოს?
- სამწუხაროდ, ასეა. გარდა ამისა, გენერიკებში ხშირად დამატებულია ნივთიერება, რომელიც წამალს გემოსა და ფერს აძლევს. ამასაც მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა წამალში სხვა ნივთიერებაა შერეული, შედარებით გვიან შედის რეაქციაში, ორგანიზმიც უფრო გვიან შეიწოვს და ეფექტიც მცირეა. გენერიკების ფასი კი არის ნაკლები, მაგრამ მოქმედება არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არადა, ქართული ბაზარი ამ მხრივ ლიდერობას არავის უთმობს. აშშ-ის სააფთიაქო ქსელში ორიგინალი წამლების წილი 90 პროცენტია, ხოლო გენერიკებისა - 10 პროცენტი. ჩვენს სააფთიაქო ქსელში კი მედიკამენტების 95 პროცენტი გენერიკია და მხოლოდ 5 პროცენტია ორიგინალი. იმისათვის, რომ ქვეყანაში ფალსიფიცირებული პროდუქცია არ შემოვიდეს, კონტროლი აუცილებელია. ბოლო წლებში გენერიკები შემოდის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან... განვითარებადი ქვეყნებიდან. ამასთანავე, შემოდის მოწინავე ქვეყნებიდანაც, თუმცა იქაც მზადდება მედიკამენტები განვითარებადი ქვეყნებისათვის. ხშირად ეს წამლები დაფასოებულია ფილიალებში, რომლებიც ცნობილ ფირმებს სხვა ქვეყნებში აქვთ გახსნილი. მედიკამენტების შემოტანა ჩვენს ქვეყანაში ძალიან გამარტივებულია: ადამიანს შეუძლია წავიდეს, ვთქვათ, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში ან აზერბაიჯანში და ჩანთებით შემოიტანოს მედიკამენტები ისე, რომ პრობლემა არ შეექმნება.

- წამლის შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია?
- დიახ ასეა, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზარი სათანადოდ არ კონტროლდება. დიდი პრობლემაა ის, რომ მედიკამენტები ძვირია, მაგრამ არანაკლებ საყურადღებოა მათი ხარისხიც. არავინ იცის, როგორი წამლები შემოდის, როგორია მათი შენახვის პირობები, როგორ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე და ა.შ... წამლის სააგენტო, რომელსაც ეს ევალებოდა, გააუქმეს და სამედიცინო რეგულირების სააგენტოს შეუერთეს. ამიტომ მედიკამენტებს ისე, როგორც საჭიროა, ბოლო წლებში უკვე არავინ ამოწმებს. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მაღალი სანდოობის მქონე ქვეყანაში ან ორგანიზაციაში რეგისტრირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანისას იმპორტიორი აღარ გადის რეგისტრაციას და მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციას წარმოადგენს. ამასთანავე, თუკი აქამდე მედიკამენტების შემოტანა პირდაპირ მწარმოებლისაგან ხდებოდა, ახლა უკვე წამლის უშუალოდ ბაზარზე შეძენა და შემოტანა შეიძლება. ამას მედიკამენტების შედარებით გაიაფება კი მოჰყვა, მაგრამ უხარისხო და ფალსიფიცირებული წამლები შემოდის. ერთი სიტყვით, მედიკამენტების კონტროლი ჩვენთან დიდი პრობლემაა. კარგია, თუ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ამის იმედს იძლევა ის, რომ იანვარში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც წამლების შერჩევითი კონტროლი უნდა განხორციელდეს. ფალსიფიკაციის რამდენიმე შემთხვევაც რომ გამოვლინდეს, ეს გაფრთხილება იქნება ყველასათვის, ვისაც ისეთი წამლები შემოაქვს, რომლის ეფექტიანობაც და ხარისხიც საეჭვოა.

- რამდენიმე სიტყვა ვთქვათ საქართველოში დამზადებულ წამლებზეც, მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის უცხოური წამლების ქართული ანალოგები.
- როგორც გითხარით, ახალი წამლის შექმნა ძალიან რთული პროცესია და დიდძალი ფული სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში წარმოებული მედიკამენტების შესახებ კი შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოეთიდან შემოდის მასალა, რომელსაც აქ აფასოებენ. ეს უცხოური წამალია, მაგრამ თავის ანალოგთან შედარებით ნაკლებად ეფექტიანი. როგორც გითხარით, ჩვენთან ორიგინალი წამლების რაოდენობა მიზერულია, ქართული წამლები კი ძირითადად გენერიკებია, რეალურად საქართველოში არანაირი მედიკამენტი არ მზადდება.

- ალბათ, ძნელია მოსახლეობას ვურჩიოთ, რომელი წამლის შეძენა ჯობია და რომლის - არა.
- დიახ, ძნელია აქ რაიმე რჩევის მიცემა, რადგან წამალი არ არის სურსათი, რომ მისი ვარგისიანობა ვიზუალური ნიშნებით გაარჩიო. ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ ორიგინალი წამალი შევიძინოთ და გამოშვების ვადას დავაკვირდეთ, თუმცა, შეფუთვაც უკვე ყველამ ისწავლა და ამის მიხედვით ვერც წამლის ქიმიურ შემადგენლობას განსაზღვრავ და ვერც მის ხარისხს. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. შორი მანძილიდან ტრანსპორტირების, კლიმატური პირობებისა თუ სხვა უამრავი ფაქტორის გამო წამალს ხშირად ეფექტი ეკარგება. შეიძლება ის მომწამვლელი არ იყოს ადამიანისათვის, მაგრამ როგორც ამბობენ, არც მოგკლავს და არც მოგარჩენს.

ცნობისათვის

2010 წლის ზაფხულში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ"ჩაატარა ქართული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ქართული წარმოების მედიკამენტების, ანუ "გენერიკების"ფასი მათი ორიგინალების იდენტური იყო, რამდენიმე შემთხვევაში - უფრო ძვირიც კი. ესე იგი, ასლი, ანუ გენერიკი, ორიგინალზე ძვირი ღირდა. ბევრი წამალი საქართველოში არ იწარმოებოდა, რადგან მათი უმეტესობა, როგორც მზა პროდუქტი, ინდოეთიდან და ჩინეთიდან შემოჰქონდათ, საქართველოში კი მათ უბრალოდ აფასოებდნენ. დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტის მხრივ "ავერსს"ყველაზე დიდი წილი ეკავა, თუმცა ამ ბიზნესში სხვა ადგილობრივი მწარმოებლებიც იყვნენ ჩართული. მედიკამენტების იმპორტიორ ქვეყნებს შორის კი ინდოეთი ლიდერობდა, მას მოჰყვებოდა ჩინეთი, მესამე და მეოთხე ადგილები კი გერმანია და იტალიამ გაინაწილეს, თუმცა მათი წილი ამ ბიზნესში შედარებით მოკრძალებული იყო - კერძოდ, 4,7% და 4,1%.