რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს პუტინის მრჩეველ სადიკოვთან და ვისი დავალებით იქმნება პოლიტიკური პარტია

რა კავშირი აქვს ვანო მერაბიშვილს პუტინის მრჩეველ სადიკოვთან და ვისი დავალებით იქმნება პოლიტიკური პარტია "შულავერი"

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თავხედობას, როგორც იტყვიან, საზღვარი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ იმას, რაც მიშამ აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, მსოფლიო პოლიტიკურ ქრესტომათიაში ანალოგი არ მოეძებნება. მაინც, რა ჩაიდინა ასეთი სააკაშვილმა? რა და, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ლამის, დამხობა უწინასწარმეტყველა.

საერთოდ, სააკაშვილს ისეთი "უჭირავს", თითქოს ილჰამი მისი განუყრელი ძმაკაცია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, კულუარებში ორი პრეზიდენტის ურთიერთობაზე არცთუ სასიამოვნო ჭორი გავრცელდა, ესაო, ისაო, ალიევის თბილისური ვიზიტის დროს, ვახშამზე მიშას სასმელი მოეძალა და სუფრასთან არაკორექტულად მოიქცა, რაც აზერბაიჯანის პირველ პირს ძალიან არ ესიამოვნა და სააკაშვილს დელიკატურად მიანიშნა, შენთან ურთიერთობის სურვილი აღარ მაქვსო.

ჩვენში დარჩეს და, გამორიცხული არაა, სააკაშვილისა და ალიევის ურთიერთობის გაფუჭებაზე ხმა, თავის დროზე, მიზანმიმართულად გავრცელდა, თორემ ორი პრეზიდენტი, მართლაც, უბრად რომ იყოს, სააკაშვილი აზერბაიჯანს წარამარა ვეღარ ესტუმრებოდა, თუმცა ბაქოში ბოლო ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებებისთვის ალიევმა სააკაშვილს, შესაძლოა, "პასუხი მოსთხოვოს".

მაშ ასე, თბილისის აეროპორტში ფეხი დადგა თუ არა, "ნაცბელადმა" ოკუპანტებთან მებრძოლთათვის დამახასიათებელი პათოსით განაცხადა:

"ძალიან თბილი დახვედრის გარდა, დავინახე, რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვიმყოფებით ჩვენცა და აზერბაიჯანიც. რუსეთში შეიქმნა დიასპორა, რომელშიც არის ვინმე გარდაბნელი სადიკოვი, ძალიან მდიდარი რუსი, ერთ-ერთი ე.წ. ბიზნესმენი, შეიყვანეს ალეკ პეროვი და რამდენიმე სხვა რუსი მილიარდერი, რომელთა მიზანია ზუსტად იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის, ამ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ, როგორი სცენარითაც საქართველოში აწარმოეს გასული წლის ოქტომბერში, არჩევნებზე - ფულის გამოყენებით, ოლიგარქების გამოყენებით, რუსული კაპიტალის გამოყენებით, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით. ეს სადიკოვი არის გარდაბნელი და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის... როდის იყო ბოლოს ლაპარაკი საქართველოში ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე - ბოლო 8 წელიწადი არ ყოფილა. მე სულაც არ მიხარია, რომ ახლა ამაზე ვსაუბრობ".

მართალია, ეს გარდაბნელი სადიკოვი რეალურად არსებობს, მაგრამ როგორც "ვერსიის" კონფიდენციალური წყარო ამბობს, "სადიკოვის თამა "ნაციონალების" მორიგი პიარსვლაა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ივანე მეაბიშვილმა "მოხარშა".

როგორ გაჩნდა და რას ემსახურება "სადიკოვის ტრიუკი"? ვიდრე ამ თემას განვავრცობთ, შეგახსენებთ, რომ საფრთხე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ზემოხსენებულ განცხადებაშია აქცენტი გაკეთებული, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, უსაფუძვლოა.

"აბსოლუტურად არაიანირი საფრთხე არ არსებობს, არის მშვიდი სიტუაცია და თუ ვინმე დაგეგმავს ან გეგმავს პროვიკაციებს, ის მკაცრად დაისჯება",- აცხადებს ღარიბაშვილი.

არადა, როგორც "ვერსიის" წყარო ამბობს, სადიკოვის თემა წმინდა პროვოკაციაა. ძნელი სათქმელია, ინფორმატორის ვერსია სიმართლესთან ახლოსაა თუ არა, მაგრამ როგორც "ვერსიას" უთხრეს, მოსკოველი სოიუნ სადიკოვის ახლო ნათესავი მარნეულში ცხოვრობს, რომელსაც ადგილობრივ აზერბაიჯანელებზე ერთგვარი გავლენა აქვს. ამასთან, ჩვენებური სადიკოვი მერაბიშვილის დიდი ხნის ძმაკაცი ყოფილა. ჰოდა, ნახერხემალს მარნეულელი და მოსკოველი სადაკოვების "საკუთარი მიზნებისთვის" გამოყენება გადაუწყვეტია და მთელი ეს "აზერბაიჯანული ინტრიგა", როგორც წყარო ამბობს, ტელეფონით დაუგეგმავს, ანუ ჯერ მოსკოველ სადიკოვს შეხმიანებია და უთქვამს, ჩვენი საქმე ცუდად მიდის და შენი დახმარება გვჭირდებაო. რაშია საქმეო, დაინტერესებულა თანამოსაუბრე. ჰოდა, ივანესაც ჩამოურაკრაკებია, მოსახლეობა რუსეთით უნდა
დავაშინოთ და ამ საქმისთვის გვჭირდებაო.

ისე, ცოტა დაუჯერებელია, ასეთი "მნიშვნელოვანი ინტრიგა" მერაბიშვილმა, რომელიც შს მინისტრობის დროს, მთელ ქვეყანას უსმენდა, ტელეფონით დაგეგმა, მაგრამ თუ მართლაც ასე მოხდა, "ვერსიის" წყაროს თქმისა არ იყოს, საინტერესოა, ეს დეტალი ქვეყნის უშიშროებას როგორ ან რატომ გამორჩა.

რასაკვირველია, გამორიცხული არაა, ეს მიზანმიმართულად შემოდგებული ვერსია იყოს, მაგრამ, ასეა თუ ისე, წყაროს ინფორმაციით, პროვოკაციის პირველი ეტაპი სწორედ ის ყოფილა, რაც ბაქოდან დაბრუნებულმა სააკაშვილმა გააკეთა - პოლიტიკურ ველში სადიკოვი "შემოაგდო" და ამით სიტუაცია, ასე ვთქვათ, დატესტა.

"ნაციონალების" ფარული გეგმის მეორე ეტაპი კი, როგორც "ვერსიის" წყარო ეჭვობს, დაახლოებით, ასეთი იქნება: ეს სადიკოვი გამოვა და იტყვის, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რომელსაც "შულავერი" ერქმევა და რომელიც მარნეულში და, საერთოდ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

სხვათა შორის, საქართველოს უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, არ ყოფილა პრეცედენტი, ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობის ავანგარდში ყოფილიყვნენ. შესაძლოა, ასეთი გამოსვლები ცალკეულ პრესონებს ჰქონდათ, მაგრამ ქართველი აზერბაიჯანელები ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იდგნენ. ეს კი არა და, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველ გუნდს ყოველთვის ამ ელექტორატის იმედი ჰქონდა...

რაც შეეხება თავად სოიუნ სადიკოვს, ის წარმოშობით გარდაბნელი აზერბაიჯანელია და ამჟამად, რუსეთში სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული. ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ სადიკოვი მოსკოვში, აზერბაიჯანული სათვისტომოს საფარქვეშ შექმნილი ე.წ. მილიარდერთა კლუბის წევრია. ამ კლუბის მიზანი, როგორც კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, აზერბაიჯანის მოქმედ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაა.

"სადიკოვი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წევრია და განსაკუთრებული ფუნქცია არ აქვს, თუმცა სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, ამ ადამიანის ამპულა გაზარდა",- მიიჩნევს არეშიძე.

რუსული მედიის ცნობით კი, სადიკოვი პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პერსონაა - წინასაარჩევნო კამპანიის დროს პუტინის მრჩეველი იყო. დღეს კი, რუსეთის მთავრობასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ სადიკოვი, თავის დროზე, საბჭოთა უშიშროებაში მუშაობდა...

მიხეილ სააკაშვილის ზემოხსენებულ განცხადებას თავად სოიუნ სადიკოვიც გამოეხმაურა. ცხადია, პოლიტიკურ პარტია "შულავერზე" მინიშნებაც კი არ გაუკეთებია და ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას, მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"ნუ წამოეგებით პროვოკაციას. სააკაშვილი ძალაუფლებას კარგავს და არ იცის, როგორ შეინარჩუნოს გავლენა. მას რომ ჭკუა ჰქონდეს, რუსეთთან საერთო ენას გამონახავდა, რომ არა რუსეთი, საქართველო როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა. არ უნდა დაგავიწყდეთ, ქართველები აქ შრომობდნენ და ეს ფული საქართველოს ეკონომიკას უწყობს ხელს. მესმის, ალიევი მას კარგად გაუმასპინძლდა და ახლა სააკაშვილი მის სიმღერას მღერის, მაგრამ თუ შენ პრეზიდენტი ხარ და ეს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებმა დაგაკისრეს, არ უნდა მოექცე გავლენის ქვეშ. სააკაშვილის განცხადება ექსტრემიზმისა და სისხლისღვრისკენ მოწოდებაა".

ძნელი დასაჯერებელია, სააკაშვილის ამ "აზერბაიჯანულმა ავანტურამ" გაამართლოს, მაგრამ ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. სიფრთხილე კი, თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ სადიკოვის ბეგრაუნდში პუტინი და საბჭოთა უშიშროება ფიგურირებს.