ვინ და როგორ დაგეგმა ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობამდე მიყვანა

ვინ და როგორ დაგეგმა ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობამდე მიყვანა

27 თებერვალს “ვადაგასულმა” პრეზიდენტმა მორიგი შოუ დადგა _ აეროპორტში, საიდანაც აზერბაიჯანში უნდა გაფრენილიყო, ლურჯი ელექტრომობილით მივიდა და მხარზე სპორტულჩანთაგადაკიდებულმა განაცხადა, დიდი ხანია, დაცვის გარეშე დავდივარ და ჩემი დაცვა სანდრააო. სააკაშვილის ამ “შოუს” პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ,,სუპერუპასუხისმგებლო” უწოდა... “დაცვის სკანდალი” კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა პრეზიდენტის დაცვის სახსრები შეზღუდა, პარალელურად, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ადგილას პრემიერის დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დანიშნეს. სხვათა შორის, კულუარებში ამბობენ, რომ ჯანაშია სააკაშვილის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირია. ამასთან, საქმეში ჩახედულნი არ გამორიცხავენ, რომ ჯანაშიას პერსონით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ... ერთი სიტყვით, მართალია, სააკაშვილი “ვენებს იხსნის”, დაცვის გარეშეც თავს დაცულად ვგრძნობო, მაგრამ კანონით, პრეზიდენტს დაცვა უნდა ჰყავდეს და, შესაბამისად, სახელწიფო დაცვის სამსახური სააკაშვილის დაცვას აგრძელებს...  დღევანდელი მონაცემებით, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე 350 ადამიანი ზრუნავს. ამასთან, ამ საქმისთვის, შემოდგომამდე, ანუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამასთან, სააკაშვილის განკარგულებაშია: ესკორტის ორი ეკიპაჟი (სრული შემადგენლობით, მათ შორის, _ ბრონირებული მანქანები), ოთხი ექიმი, მათ შორის, კვების, რეანიმატოლოგი, ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური, სვლა-გეზის სამსახურები და ადმინისტრაცია... ამ ფონზე, უმცირესობის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ჩვეული უტიფრობით აცხადებს, ,,ქართული ოცნება” უნდა შეეჩვიოს, რომ სააკაშვილი არაორდინალური პიროვნებაა და ყოველთვის არაორდინალურად მოიქცევაო... არის თუ არა ეს “არაორდინალური მოქცევა” გარკვეული საბოტაჟი?  ამ შეკითხვით “ქართულმა სიტყვამ” შს ყოფილ მინისტრს კობა ნარჩემაშვილს მიმართა:

_ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფლება-მოვალეობაში სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირისა და ზოგჯერ სხვა მაღალი პერსონალიების დაცვა შედის.. დასაცავი ობიექტების სიაში არიან: პრეზიდენტი, მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. შეიძლება, ამ სიაში, ასევე, მოხვდეს, ჩამოსული დელეგაცია, დიპლომატთა საცხოვრებელი სახლები, ოფისები და სხვადასხვა რანგის სტუმრები. ამ სამსახურში არსებობს სპეციალური დანაყოფი, რომელიც მთლიანად პრეზიდენტს, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის პოლიტიკური თანამდებობის პირს ემსახურება და მან უარიც რომ თქვას, დაცვა მაინც განხორციელდება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაშიც ასეა. მეტიც, დაცვა პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგაც ეყოლება და ამას კანონი არეგულირებს. სააკაშვილის განცხადებები დასავლეთზე გათვლილი წმინდა წყლის პიარი და პოლიტიკური საბოტაჟის ნაწილია. საერთოდ, ასეთ ხერხს სააკაშვილი ხშირად მიმართავს... ისე, თუკი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, 7 მილიონი ლარი და დაცვის 350 თანამშრომელი სრულიად საკმარისი კი არა, ჩემი აზრით, ზედმეტიცაა.
_ “დაცვის სკანდალამდე” კულუარებიდან გამოჟონა, ბიჭები სააკაშვილის დაცვაზე უარს ამბობენო. ამის შესახებ თქვენც გსმენიათ?

_ ცხოვრების სტილიდან და მისი გრაფიკიდან გამომდინარე, სააკაშვილთან მუშაობა, მართლაც, ძნელია. ის ადვილად დასაცავი არაა... მახსოვს, პრეზიდენტ შევარდნაძის გადაადგილების გრაფიკი, მინიმუმ, ერთი თვით ადრე ვიცოდით და ამ გრაფიკიდან ამოვარდნა გარკვეულ სირთულეს ქმნიდა. ეექსტრემალური სიტუაცია წელიწადში, შეიძლება, 5-6-ჯერ შეიქმნას, მაგრამ სააკაშვილი დაცვას ყოველდღე ექსტრემალურ სიტუაციაში ამყოფებს და ეს სირთულეებს იწვევს.

_ სააკაშვილის მხრიდან დაცვაზე საჯაროდ უარის თქმა, შეიძლება, ტერაქტისა და თავდასხმის საბაბი გახდეს?

_ რა თქმა უნდა, საშიშროება არსებობს. დაცვა მხოლოდ პრეზიდენტზე გაყოლა-გამოყოლა და, საჭიროების შემთხვევაში, მასზე გადაფარება არაა. ექსტრემალურ სიტუაციამდე მისვლა დაცვის სამსახურის ნაკლია. დაცვის საქმიანობის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ასეთი რისკი მინიმუმადე დაიყვანოს. სხვათა შორის, არსებობს ოპერატიული სამსახური, რომელიც პრეზიდენტს კუდში არ დაჰყვება, მაგრამ უზარმაზარ და საფუძვლიან სამუშაოს ატარებს _ მაგალითად, შეისწავლის იმ პირებს, ვისაც პრეზიდენტი უნდა შეხვდეს, ასევე _ იმ ტერიტორიას, სადაც პირველმა პირმა უნდა გაიაროს... თუკი პრეზიდენტის ესკორტთან ახლოს რომელიმე ავტომანქანამ საეჭვო მანევრი შეასრულა, ოპერატიული სამსახური ამასაც სწავლობს. მოკლედ, დაცვა თავის საქმიანობას პრეზიდენტის კაპრიზზე ვერ ააგებს.

_ ბატონო კობა, სააკაშვილს შეუძლია, რომ ტერაქტის, ან თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს?

_ თეორიულად, ამის დიდი ალბათობაა და თუკი ასეთი რამ მართლა მოხდა, ცხადია, დაცვის პასუხისმგებლობა დადგება. ვიდრე პრეზიდენტია, დაცვა მოვალეა, სააკაშვილს ოქროსავით მოუაროს. ისე, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტები ველოსიპედებით დადინ, მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს გამორიცხულია. სხვათა შორის, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ერთხანობას, ესკორტის შემხვედრი მოძრაობის აკრძალვაც გვინდოდა, მაგრამ ამაზე შევარდნაძემ კატეგორიული უარი თქვა, რადგან მიაჩნდა, რომ მისი გადაადგილებით ხალხს მაქსიმალურად მცირე დისკომფორტი უნდა შექმნოდა...

_ თავის დროზე ამბობდნენ, რომ შევარდნაძე ერთ-ერთი კარგად დაცული პრეზიდენტი იყო, თუმცა მასზე ტერაქტი ორჯერ განხორციელდა...
_ საერთოდ, ინციდენტის დროს დასაცავი პირი შემთხვევის ადგილიდან, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იქნას გაყვანილი. ორივე ტერაქტის დროს, შევარდნაძე გადარჩა და, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დაცვამ თავისი მოვალეობა შეასრულა.

_ ამ ლოგიკით, დაცვამ თავისი მოვალეობა 2008 წლის აგვისტოშიც შეასრულა, როცა დაცვის ბიჭები მიწაზე გართხმულ სააკაშვილს გადაეფარნენ? სხვათა შორის, ამ ფაქტზე სააკაშვილმა კომენტარი ახლახან გააკეთა, ოცდაათმა  კაცმა მიწაზე დამაგდოო...
_ ომის დროს საფრთხე, ცხადია, არსებობს, მაგრამ მაშინ საფრთხე არ ყოფილა. უბრალოდ, სააკაშვილს ციდან ხმაური შემოესმა და გაიქცა, დაცვა კი, უკან მისდევდა და ცდილობდა, შეეჩერებინა. სხვათა შორის, იქვე საფრანგეთის საგარეო მინისტრი კუშნერი იდგა, რომელიც არ განძრეულა. სააკაშვილი პრეზიდენტობის პირველ დღეებში შეგვპირდა, ჩვეულებრივი რეისებით, ხალხთან ერთად ვიფრენო, შემდეგ კი, ორი-სამი თვითმფრინავი შეიძინა.

_ ბატონო კობა, რა ამის პასუხია და, ამასწინათ, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ,,ნაციონალებიფარულად თავისიანებსაც უსმენდნენ და უღებდნენო. საკუთარ თანაგუნდელებზე კომპრომატების შეგროვება რას ემსახურებოდა?

_ ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით, კანონიერის გარდა, არალეგალური სამსახურიც არსებობს, რომელიც იმ ყოფილ უმაღლეს ჩინოვნიკებს ემსახურებიან, რომლებიც სახელმწიფო კი არა, პირადი ინტერესებით მოქმედებენ. საბოტაჟის ამ ფორმით სახელმწიფოსა და მთავრობისთვის ზიანის მიყენება ეფექტურად შეიძლება.

_ ისე, თქვენი მინისტრობის დროს ამბობდნენ, ნარჩემაშვილმა ყველა კორპუსშინასედკა” “ჩასვაო”. მართლაც ასე იყო?

_ არა, აგენტები არ ჩამინერგავს. უბრალოდ, პასპორტიზაცია “გავაკეთეთ”. მოქალაქეებს კი, მხოლოდ სასამართლოს სანქციით ვუსმენდით, თუმცა მწირი ტექნიკური საშუალებები გვქონდა. სხვათა შორის, ტოტალური მოსმენები თავის დროზე გერმანიაშიც ხორციელდებოდა _ 2 ათასი ქალი იჯდა და საქალაქო სატელეფონო საუბრებს უსმენდა, მაგრამ ამან ერიხ ჰონეკერის გერმანია მაინც ვერ გადაარჩინა. მიშაც, დაახლოებით, ასე გვისმენდა _ “ნაციონალებს” სატელეფონო საუბრის ტექნიკურად ჩაწერის კი არა, ანალიზის პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ ეს ხალხმა არ იცოდა და ისე დაშინდა, რომ ჩვეულებრივი საუბრისაც ეშინოდა. ამ მოსმენების გამო კრიმინალებიც სხვა რეჟიმში გადავიდნენ, რამაც ოპერატიული სამსახურის მუშაობას ხელი შეუშალა _ შეეძლო, მეტი საჭირო ინფორმაცია მიეღო, მაგრამ ეს სივრცე უცებ ჩაიკეტა. წესით, ეს მოსმენები გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო _  მოსმენას ეფექტი მაშინ აქვს, როცა ამის შესახებ ხალხმა არ იცის. “ნაციონალებმა” კი, ეს შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისა და ცალკეულ პიროვნებებზე ანგარიშსწორებისთვის ბოროტად გამოიყენეს...

_ ...ბატონო კობა, საუბრის თემას შევცვლი და გიორგი სანაიას მკვლელობაზე გკითხავთ, მით უმეტეს, რომ მოკლული ჟურნალისტის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს... შს მინისტრი 2001 წლის იმ .. მინირევოლუციის წყალობით გახდით, რომელიც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგის გარდაცვალებას უკავშირდებოდა.

_ ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩემი გამინისტრება ,,მინირევოლუციას” უკავშირდებოდა. “რუსთავი 2”-ში უშიშროების შესვლის შემდეგ, ნოემბერში, შს მინისტრი კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი გადადგნენ. სწორედ ამ დროს შევუდექი მინისტრის მოვალეობის შესრულებას და დეკემბერში ეს მკვლელობა გავხსენით. ისე, გაუგებარია, ოჯახი საქმის გადასინჯვას რატომ ითხოვს. ეს საქმე თანამედროვე  შერლოკ ჰოლმსებმა და მეგრეებმაც რომ გამოიძიონ, იმაზე მეტს ვერ მიიღებენ, რაც არის. ეს პოლიტიკური მკვლელობა არ იყო და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს საქმე გახსნილია და დამნაშავემ სასჯელიც მოიხადა.

_ ერთ-ერთი პირველი ყოფილი მაღალჩინოსანი იყავით, რომელიცვარდოსნებმადააპატიმრეს. ისე, “ნაციონალებიგარკვეულწილად გამოიწვიეთ _ ნანული შევარდნაძის გასვენებაში მიხვედით...

_ არ შემეძლო, იმ ადამიანისთვის, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, არ მივსულიყავი და სამძიმარი არ მეთქვა.

_ ელოდით, რომ დაგიჭერდნენ?
_ ვიცოდი, რომ საფრთხე არსებობდა და ჩემს გამო დარტყმის ქვეშ, შეიძლება, ოჯახი და ახლობლები აღმოჩენილიყვნენ...

_ დაპატიმრების შემდეგ, ზეწოლა თქვენზეც განხორციელდა?
_ არა, არც ჩვენება მიმიცია და არც _ აღიარება. ბრალდება კი, აბსურდული იყო, თითქოს რაღაც განუბაჟებელი გაზი შემოვიტანე. ამიტომ, სამართლებრივ კატეგორიაზე მსჯელობას აზრი არ ჰქონდა და საპროცესო გარიგება გავაფორმე, თუმცა ბრალი არ მიღიარებია.

_ რამდენი გადაიხადეთ?
_ 300 ათასი ლარი.
_ ზეწოლას, ალბათ, იმიტომ გადაურჩით, რომ თქვენი პატიმრობისას, ციხეებს ბაჩო ახალაია არ კურირებდა...
_ დიახ, გამიმართლა... მართალია, იურისტი ვარ, მაგრამ თავის დროზე ჩემს საქმეში არც ჩამიხედავს. ახლა კი, ვაპირებ, რეაბილიტაციისათვის ბრძოლა დავიწყო.
 
_ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილმა თქვენზე შური თუნდაც იმიტომ იძია, რომ “ვარდების რევოლუციის” დღეებში მასთან შეკამათება მოგივიდათ?
_ რა თქმა უნდა, ეს შურისძიება იყო _ ჩემი ღირსეული საქციელი და ის არ მაპატია, რომ ხალხის წინააღმდეგ არ მიმოქმედია. ჩემი მოვალეობა, როგორც შს მინისტრმა, ღირსეულად, ერთგულად შევასრულე და დღეს თავაწეული  დავდივარ. აბა, გაბედონ და, ბატონმა “ნაციონალებმაც” დაცვის გარეშე იარონ!

_ ბატონო კობა, კიდევ ერთი უსიამო ამბავი უნდა გავიხსენო: თქვენ და რამდენიმეს ,,საჯაიას კადრებს“ გეძახდნენ. ნუგზარ საჯაია გამოცდილი ადამიანი იყო და ამიტომაც, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ მას თავი არ მოუკლავს...
_ საჯაია საავადმყოფოში მე წავიყვანე. ის, მორალური ტერორით, თვითმკვლელობამდე ნამდვილად მიიყვანეს. ყველაფერი კი, ძალიან ადრე დაიწყო.

_ როდის?
_ 1997წლიდან ქვეყანამ ეკონომიური აღმავლობა დაიწყო _ ლარი გამყარდა, ეკონომიკის მაჩვენებელი გაიზარდა, ქვეყანა კრიმინალისა და ,,მხედრიონისგან” გაიწმინდა. ამ დროს, ხელისუფლების შიგნით ჩნდება ძალა, რომელიც ყველაფერ ამის ნგრევას ცდილობს.

_ რომელ ძალას გულისხმობთ?
_ მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიას, გია ბარამიძეს, მიხეილ მაჭავარიანს... ეს ხალხი პარლამენტში, ცხონებულ ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, ხელისუფლებას შიგნიდან დარტმას მიზანმიმართულად აყენებდნენ. ამ ადამიანებმა თავიდან მოიშორეს კვალიფიციური კადრები _ დავით იაკობიძე, ნოდარ ჯავახიშვილი...

_ და ყველაფერი ეს რას ემსახურებოდა?
_ რას და, _ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, გადაბარებას... ამ გუნდმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმაც მოახდინა და ისეთი კანონები შექმნა, რომლებმაც სახელმწიფო ცვედანი გახადა... 1999 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ისევ “მოქკავშირი” იმარჯვებს და ახალგაზრდული გუნდი, ჟვანიას ხელმძღვანელობით, გეზს იცვლის _ მას შევარდნაძე აღარ სჭირდება... არჩევნებიდან ორ-სამ კვირაში “რუსთავი 2”-ი ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს და შევარდნაძეზე ზეწოლა მიზანმიმართულად ხდება. ჩანაფიქრი ასეთია: შევარდნაძე 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაუძლურებული უნდა მივიდეს და ამ გუნდს სთხოვოს, მოდით, ახლა გამამარჯვებინეთ და ძალაუფლებას მერე დაგითმობთო. ამ ჯგუფს უნდოდა, რომ 2000 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დანიშნულიყო... სწორედ ამ დროს, უშიშროების საბჭოზე, საჯაია-ჟვანიას შორის პირველი დაპირისპირება მოხდა.

_ რას გულისხმობთ?
_ საჯაიამ ჟვანიას პირდაპირ უთხრა, რასაც თქვენ აკეთებთ, ხელისუფლების საბოტაჟია და ეს დაუშვებელიაო. ამის შემდეგ ნუგზარ საჯაიას მორალური ტერორი დაიწყო.

_ კი, მაგრამ საჯაია ხომ გამოცდილი სპეცსამსახურელი იყო, გუნდიც ჰყავდა და ამ მორალური ტერორის შეჩერება რატომ ვერ მოხერხდა? ისე, საჯაიას თვითმკვლელობის ხელახალი გამოძიება რომ მოხდეს, შესაძლოა, თქვენს მიერ ხსენებული გუნდის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ან ისინი დაკითხვაზე მაინც დაიბარონ?
_ თვითმკვლელობამდე მიყვანის დანაშაულს ხანდაზმულობა აქვს...
მხოლოდ რევოლუციურ სამეულს კი არა, დასავლეთსაც უნდოდა, რომ შევარდნაძე ისე წასულიყო, როგორც მათ აწყობდათ _ ექვს თვეში. შევარდნაძე კი ისე მოიქცა, როგორც თვითონ უნდოდა.
ისე, მეეჭვება, დღევანდელმა ხელისუფლებამ ის საგარეო მხარდაჭერა მიიღოს, რაც სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში ჰქონდა. კი ბატონო, მიშა სააკაშვილი დამთავრდა, მაგრამ ,,მიშიზმი” არ დამთავრებულა.

_ 19 აპრილისთვის გამოცხადებული “ნაციონალური მიტინგიც” ამ “მიშიზმის” გამოხატულებაა?
_ 19 აპრილი ეროვნული ბიბლიოთეკის წინ 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების დიდ პროცესებში გადაზრდის მცდელობაა... კოჰაბიტაცია, ანუ თანამმართველობა როგორ უნდა შეძლო, როცა ეს სააკაშვილს არ უნდა და ცდილობს, ყველაფერში ხელი შეგიშალოს.

_ ...კობა ნარჩემაშვილი ქვეყნის ისეთივე “ხერხემალი” რატომ არ იყო, როგორც _ ვანო მერაბიშვილი?
_ ჩემს საქმეს ისე ვაკეთებდი, როგორც შემეძლო. 23 ნოემბერი არც მე დამიფასეს და არც _ პოლიციელებს. იმ პოლიციისა და საქციელისგან კი, რაც 26 მაისს თბილისში ჩაიდინეს, ღმერთმა დამიფაროს. 26 მაისი 1989 წლის 9 აპრილზე მძიმეა, რადგან ამ დღეს უიარაღო ქართველს ქართველი ესროდა. 26 მაისის ღამეს, დედაჩემი ავად გახდა, საავადმყოფოში წავიყვანე და თბილისი სან-ტიაგოსა და 1968 წლის პრაღას ჰგავდა _ ქუჩები ტანკებით, “ბე-ტე-ერ”-ებით და კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელებით იყო სავსე. საშინელმა პროპაგანდისტულმა მანქანამ კი, ხალხს ყველაფერი ეს სხვანაირად დაანახა...

თანამედროვე მსოფლიოში რამდენიმე პოსტულატი არსებობს, რის გამოც ქვეყანა დემოკრატიულად ითვლება. ამ პოსტულატებისგან უმთავრესი სიცოცხლისა და საკუთრების უფლებაა, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ჩვენთან დაცული არც ერთი იყო და არც _ მეორე. კრიმინალი დაამარცხეს და სტაბილიზაცია დაამყარეს და, იცით, რის ფასად? რის და, 30 ათასი პატიმრის, 400 ათასი პირობითი მსჯავრდებულისა და დანგრეული ოჯახური სიმყუდროვისა და ჯანმრთელობის ფასად.

_ ზოგი მიიჩნევს, რომ “ნაციონალებს” ნიუნბერგის მსგავსი პროცესი უნდა მოვუწყოთ...
_ ნებისმიერმა სასამართლო პროცესმა მოძალადე და სასტიკი ხელისუფლების მიმართ შეიძლება, სიმპათია გააჩინოს, რადგან მოძალადეს შესწევს უნარი, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს. ამიტომ, საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა უნდა ახსნას, თუ რა დაგვემართა და აქამდე რამ მიგვიყვანა. ამ 9 წელს შეფასება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივცეთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ!