ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, შემდგომში ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ჯერლიდ ძარია, რომელიც ამჟამად პენიტენციური სისტემის N17 დაწესებულებაში იხდის სასჯელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. იგი თავს სააკაშვილის გუნდის მძევლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეში გამოძიებისთვის მეტად მნიშვნელოვან მოწმედ გამოდგება.
- ბატონო ჯერლიდ, რისთვის იხდით სასჯელს?
- მე და ჩემი ძმა ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერები ვიყავით. 1998 წელს შევარდნაძის მომხრეებმა ძმა მომიკლეს. ერთი წლის შემდეგ კი მარტვილში, ჩვენს დაჯგუფებასა და "მხედრიონის" ნარჩენებს შორის დაპირისპირებისას, ჩემი ნასროლი ტყვიით დაიღუპა ჩემი ძმის მკვლელი. როდესაც მან ძმა მომიკლა, არ დაუპატიმრებიათ, შემდეგ კი მკვდარი გაასამართლეს და განზრახ მკვლელობისთვის 13 წელი მიუსაჯეს. 1999 წელს დამაპატიმრეს და ერთი წლის განმავლობაში ციხეში ისე ვიჯექი, სასამართლო პროცესი არ გამართულა. 2000 წელს, როდესაც "რესბალნიციდან" ლოთი ქობალია, გურამ აბსანძე და სხვები გაიქცნენ, მეც მათ შორის ვიყავი. 2004 წლამდე ვიძებნებოდით, 2004 წლის 4 აპრილს კი "ვარდების" ხელისუფლებამ შემოგვირიგა. ამ პროცესში მონაწილეობდა შს იმჟამინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენპროკურორის მოადგილე კახა კობერიძე და სხვ.
2 წლის განმავლობაში თავისუფლად დავდიოდი - პასპორტიც ავიღე და მართვის მოწმობაც. 2006 წელს დამიბარა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ამირან მესხელმა, რომელიც იმხანად უშიშროებას განაგებდა. მან თანამშრომლობა შემომთავაზა, სანაცვლოდ სამსახურს და ხელფასად 2000 ლარს დამპირდა, რაზეც უარი ვთქვი.
- თანამშრომლობაში რა იგულისხმებოდა?
- შემორიგების შემდეგ მე და იმჟამინდელი პრემიერი ზურაბ ჟვანია დავმეგობრდით. ბატონი ზურაბის დაღუპვამდე ერთი კვირით ადრე ჩვენ ჯერ კანცელარიასთან, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის სახლთან შევხვდით და ვისაუბრეთ. ამ შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდოდათ - რატომ შევხვდით, რაზე ვისაუბრეთ და სხვ. მეგობრები ვიყავით და განსაკუთრებულზე არაფერზე გვისაუბრია-მეთქი, ვუთხარი, რაზეც მესხელმა ტონს აუწია, ჩამაცივდა, ყველაფერი მითხარი, თორემ ინანებო. ამ ამბიდან ერთ თვეში, 2006 წლის 8 მაისს კი დამაპატიმრეს...
- რა ბრალი წაგიყენეს?
- ძველი ბრალდება წამიყენეს და მომისაჯეს 17 წელი. არადა, მაქვს შემორიგების დამამტკიცებელი ფირებიც, დოკუმენტიც, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ ჟვანია, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და სხვები. ორი თვის შემდეგ ქუთაისის ციხეში მომაკითხეს მეგის ქარდავამ და ბაჩო ახალაიამ, გამიყვანეს საპატიმროს დირექტორის მოადგილე კუჭუხიძის ოთახში. ახალაიას მითითებით, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დამადეს და მეკითხებოდნენ, რაზე ლაპარაკობდი ზურაბ ჟვანიასთანო. პასუხი რომ ვერ მიიღეს, წამების ყველა ხერხს მიმართეს - შემდგნენ ფეხებით, გამოიყენეს ელექტროშოკი, ერთადერთი "დუბინკა" არ უხმარიათ შეურაცხმყოფელი ფორმით, თორემ დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. ამის მიუხედავად, მათაც ვუთხარი, მე და ზურა ჟვანიამ, როგორც მეგობრებმა, ისე ვისაუბრეთ-მეთქი.
- რა გქონდათ სათქმელი, ბატონო ჯერლიდ, იქნებ ახლა თქვათ, ბოლოს რაზე ისაუბრეთ თქვენ და პრემიერმა?
- მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანია ოპოზიციაში აპირებდა გადასვლას, ვინაიდან სახელმწიფოს პირველ პირებს შორის განხეთქილება იყო. ზურას ჩვენი, ზვიად გამსახურდიას მომხრეების თანადგომა, დასაყრდენი სჭირდებოდა და სწორედ მე და ჩემი მეგობრები ვიყავით ასეთი ძალა. ახალაიასა და ქარდავას ამას ხომ არ ვეტყოდი? თუმცა სპეცსამსახურის
წყალობით, მათ ყველა ინფორმაცია ჰქონდათ და ვიცი, რომ ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარიც ჩაწერილი აქვთ. იმხანად ვანო მერაბიშვილი იყო შს მინისტრი და მოგეხსენებათ, ყველას უსმენდა, თუმცა რას წარმოვიდგენდი, პრემიერსაც თუ უსმენდნენ?! დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს.
- რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
- იქ, ხელისუფლების შიგნით, ძალაუფლება ვერ გაინაწილეს. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ მერაბიშვილი და ოქრუაშვილი იყვნენ სააკაშვილის კადრები, მათ გარდა, ყველა ჟვანიას მომხრე იყო. რა პოლიტიკა მიჰყავდა ჟვანიას და რა - სააკაშვილს, ყველას მოეხსენება. შს იმჟამინდელ მინისტრ მერაბიშვილს რომ არ სცოდნოდა, როგორ დაიღუპა ზურაბ ჟვანია, გამორიცხულია. იცით, გია ბარამიძეს რა გაუკეთეს? დაურეკეს და უთხრეს, ზურა ჟვანია გარდაიცვალა და საბურთალოს ქუჩაზე ვართო. როდესაც იქ მისვლა დააპირა, მერაბიშვილმა დაურეკა და უთხრა, მიშა ავარიაში მოყვა, იქ წადიო... მათ ჟვანიას მკვლელობა იჩქარეს, მკვლელობა ისე ვერ შეასრულეს, როგორც სურდათ.
- რას გულისხმობთ?
- იმდენი კვალი დატოვეს და იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ ადვილად გაიშიფრნენ. გამორიცხულია, მერაბიშვილმა და ბოკერიამ არ იცოდნენ, როგორ დაიღუპა ზურაბ ჟვანია. რა ქნას ბარამიძემ, ასე რომ არ "იმღეროს", მოკლავენ. იძულებულია გაჩუმდეს, მალავს, თორემ ყველაფერი კარგად იცის.
- უშუალოდ ვინ იყო დაინტერესებული ჟვანიას მოშორებით?
- სააკაშვილი, მერაბიშვილი და ბოკერია. ეს ცოდვა მათ კისერზეა.
- თვითონ პრემიერი თუ ელოდა ან გრძნობდა საფრთხეს, თუ ულაპარაკია თქვენთან ამაზე?
- ზურაბ ჟვანიას არ ეშინოდა და როცა ადამიანს შიში არა აქვს, ძალიან ცუდია. მან ვერ გათვალა ეს სიმუხთლე.
- თქვით, ჩვენი სატელეფონო საუბარი ჩაიწერესო. რამე თქვით ისეთი, რაც მათ არ უნდა შეეტყოთ?
- არაფერი ისეთი... მოვიკითხეთ ერთმანეთი და ზურამ მკითხა, ხომ ხარ მხნედ, შენი იმედი მაქვსო. მეც ვუთხარი, ჩემი იმედი გქონდეთ, თქვენს გვერდით ვარ-მეთქი. მერე დავთქვით შეხვედრა... სამეგრელოდან თბილისში 1-ელ-2 თებერვალს უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე... მისი გარდაცვალების შემდეგ ჩამოვედი, 4 თებერვალს.
- როგორ ფიქრობთ, ზურაბ ჟვანია შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა თუ მისი ცხედარი მოგვიანებით მიიტანეს ბინაში, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს?
- არა, ზურაბი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში არ გარდაცვლილა, იქ მისი გვამი მიიტანეს. ამის შესახებ ჟვანიას დაცვის უფროსმა, ბატონმა ხარშილაძემ უკეთესად იცის. დარწმუნებული ვარ, ხარშილაძე გაურიგდა ზურას მტრებს. დაცვის უფროსის გარეშე ზურაბ ჟვანიას გადაადგილების შანსი არ არსებობდა. ხარშილაძემ ყველაფერი შესანიშნავად იცის. ტყუილია იმ ფანჯრის ამბავი, ვითომ რომ ჩატეხა და გადაძვრა, როცა ზურამ გამოსვლა დაიგვიანა. ტყუილებს ლაპარაკობს ხარშილაძე...
განვაგრძობ საუბარს იმაზე, ახალაიამ და ქარდავამ რომ მომაკითხეს ქუთაისის ციხეში. ზურაზე რომ ვერაფერი მათქმევინეს, შემდეგ აბსანძეზე დაიწყეს ლაპარაკი, მის წინააღმდეგ უნდოდათ ჩემი გამოყენება. წინ ჩვენებას დაგიდებთ და წაიკითხეო. იმხანად ბოკერიას დედის, ნანა ალექსანდრიასა და გურამის ინტერესები გადაიკვეთა. ახალაიამ თქვა, აბსანძეს გიგა ბოკერიას დედის დაჭერა უნდაო. მოგეხსენებათ, ბოკერიას დედა ადრე ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ხოლო როცა ფედერაციის პრეზიდენტი აბსანძე გახდა, იქ სერიოზული ფინანსური დარღვევები გამოავლინა. გურამმა პროკურატურაში შეიტანა განცხადება. თუმცა მათ აბსანძეს უწმაწური სიტყვებით აგინეს... მითხრეს, გაგიშვებთ, ოღონდ, რასაც აბსანძეზე დაგიდებთ, ის ტექსტი წაიკითხეო. როცა ვიუარე, ლამის ცემით მომკლეს... მესამედ 2008 წლის აგვისტოში მომაკითხეს.
- ამჯერად რა იყო ვიზიტის მიზეზი?
- ბანდფორმირების შექმნა სურდათ და ამიტომ მომაკითხეს. მათ ყოველთვის სჭირდებოდათ ზონდერჯგუფები, მით უმეტეს, ტყეში პარტიზანად გასული მებრძოლები... ამჯერად მეგის ქარდავა და სოსო თოფურიძე მოვიდნენ ჩემთან. თუმცა მათ შემოთავაზებაზეც უარი ვთქვი. ერთადერთი, დავთანხმდი იმაზე, რომ ცხინვალის ომში საბრძოლველად წავიდოდი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემს მეგობარსა და თანამებრძოლ ბეჟან გვაზავას გაათავისუფლებდნენ (ისიც დაპატიმრებული ჰყავდათ, იარაღი ჩაუდეს და 5 წელი მიუსაჯეს). როგორც შემდეგ შევიტყვე, ბეჟანმა მათ უარი განუცხადა (როლანდ ახალაიაც მისულა მასთან ქარდავასა და თოფურიძესთან ერთად). ამის შემდეგ ჩემთან აღარავინ მოსულა. თუმცა აშინებდნენ და ავიწროებდნენ ჩემს მეუღლეს - ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ...
- გამოდის, ირაკლი ალასანია რომ ამბობდა, სამეგრელოში ახალაიებს ბანდფორმირებები აქვთ შექმნილიო, მართალია...
- დიახ, მართალია. ამ ბანდფორმირებას მეგის ქარდავა და ძმები ახალაიები ედგნენ სათავეში. მათი მიზანი იყო ქვეყანაში ვითარების არევა, რასაც ნაცმოძრაობა სათავისოდ გამოიყენებდა. ისინი დიდ არეულობას აპირებდნენ სამეგრელოში, მაგრამ ვინაიდან ჩაერია დასავლეთი, ვეღარ გაბედეს. თუმცა ჯერ კიდევ საკითხავია, შეჩერდნენ თუ არა ეს ადამიანები. ერთ ინფორმაციას გაგიმხელთ. არჩევნების შემდეგ, 3-დან 12 ოქტომბრამდე, ძმები ახალაიები, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და სოსო თოფურიძე 14 დღის განმავლობაში მარტვილში, დადიანების სასახლეში იმალებოდნენ. ბაჩო ახალაია არსად წასულა. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები, თოფურიძის გარდა, დღესაც სამეგრელოში არიან და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან. დათა ახალაია, ჭაკუა და ქარდავა ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, ისინი ზუგდიდსა და ხობს შორის ტერიტორიაზე მოძრაობენ... მართალია, ციხეში ვზივარ, მაგრამ ბევრი ინფორმაცია მაქვს.... მინდა, რომ დამკითხონ, ვფიქრობ, პროკურატურას მნიშვნელოვან ინფორმაციას მივაწვდი ქარდავაზე, დათა ახალაიაზე, ჭაკუაზე, აგრეთვე, ზურაბ ჟვანიას საქმეზეც.