ქართულ პოლიტიკურ ფლანგზე ახალი მოთამაშე ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოდის. როგორც მან საზოგადოებას ამცნო, პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. მის ორგანიზაციას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა. ბიზნესმენმა ახალი ორგანიზაცია შემოკლებით „ერი“ დააფუძნა. ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვაა, რომ მან საკმაოდ მძიმე, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება მიიღო.
რატომ მიიღო ბიზნესმენმა ეს გადაწყვეტილება და ვისთან ერთად შეიძლება ის ვიხილოთ, ჯერჯერობით უცნობია. არსებობს ვერსიები, რომ ის შესაძლოა მომღერალ „უცნობთან“ იგივე გია გაჩეჩილაძესთან ერთად გამოჩნდეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ მან საპატრიარქოსგან დიდი მხადაჭერა მიიღოს. ჩნდება ეჭვიც, რომ ვასაძე „ნამახვან ჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მხადაჭერითაც საგებლობს.
თუმცა ვასაძესთან ერთად პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიასაც ელიან. ვინ ვისი კონკურენტი იქნება და რა გავლენას მოახდენენ ისინი პოლიტკურ ველზე, ჯერ უცნობია. თუმცა ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ვასაძე არ არის იმ დონის ფიგურა, რომელმაც პოლიტკურ ცხოვრებაში რამე ცვლილება შემოიტანოს. მას ჰყავს თავისი მიზნობრივი აუდიტორია და ელექტორატი, რომელთა შორის კონკურენტებიც კი არიან.
„მივიღე ჩემთვის, პირად ჭრილში მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ კერძო პირის მდგომარეობას და და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი იზეზი არის, პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური,“ - აცხადებს ლევან ვასაძე.
ლევან ვასაძე ფლობს მრავალმილიონიან ბიზნესებს რუსეთსა და საქართველოში. საზოგადოების ნაწილი მას „პრორუს ბიზნესმენადაც“ მოიხსენიებს.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძე ოფიციალურად განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, თუმცა პირველ საჯარო პრესკონფერენციაზე მას არ დაუკონკრეტებია, ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას.
ჟურნალისტების კითხვას, ვიხილავთ თუ არა მომღერალს და შოუმენს, გია გაჩეჩილაძეს (უცნობი) მის პარტიაში, ვასაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე გაჩეჩილაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ბიზნესმენის ადასტურებს, რომ „უცნობი" მისი მეგობარია, პატივს სცემს მის საქმიანობას, თუმცა ამ საკითხზე მათ შორის საუბარი არ შემდგარა.
ლევან ვასაძის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი ეხმაურება - „ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება და შესაძლებლობა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. რაც შეეხება მის შანსებს, ამას, მათი თქმით, არჩევნები აჩვენებს.
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც სურვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისა კანონმდებლობიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დაკმაყოფილებული ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფისთვის. არჩევნები წარმოადგენს საზომს იმისთვის, რომ გაიზომოს თუ ვის უჭერს მხარს ქართველი ელექტორატი, ასე რომ თუ კი ვინმეს რაიმე სახის პოლიტიკური ამბიცია გააჩნია, ამ ყველაფრის პასუხი იქნება არჩევნებზე გაცემული,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
ლევან ვასაძის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ლევან ვასაძე არის პრორუსი და რუსული ინტერესების გამტარებელი, ამიტომ მას მაღალი შანსები ქართულ პოლიტიკაში არ აქვს.
„პრორუს ადამიანებს და პოლიტიკოსებს და დეკლარირებულ რუსულ აგენტურას, რაც ნაკლები მხარდაჭერა ექნება საქართველოში, ვიქნები ამით უფრო ბედნიერი. ვასაძე არც მალავს, რომ კრემლზე ამოდის მზე და მთვარე და ღიად ქადაგებს პრორუსულობას და იმას ლაპარაკობს, რაც რუსებს აწყობთ,“ - აცხადებს პარლამენტის წევრი და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
იგივე პოზიციას იზიარებენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე და „ევროპული საქართველოს“ რეგიონული მდივანი ლაშა დამენიაც.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ის როგორც სამოქალაქო პირი ადრეც აქტიურობდა, ამიტომაც მისი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს. რაც შეეხება იმას იქნებიან თუ არა ის და უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე ერთად, ძაბირაძე ამბობს, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან.
თუკი უცნობიც პოლიტიკაში შემოსვლას ასე ღიად დაანონსებს, მაშინ მათ ერთი საერთო ელექტორატი ეყოლებათ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელსაც ასევე უკვე გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკაში შემოვა ის ყველაზე გავლენიანი და მძიმეწონიანი ფიგურაა, ამიტომაც მისთვის უცნობი და ვაშაძე კონკურენტები ვერ იქნებიან. მათ მაინც ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს და მცირე პარტიებს. ოპოზიციურ ფლანგზე ახლად შემოსული პოლიტიკური ძალები ძირითადად მაინც ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველზე იმუშავებენ.
„ლევან ვასაძე უფრო რუსული ვექტორის მიმართულებით აღიქმება. თუმცა ამ მხრივ პოლიტიკურ ველზე არა ერთი მოთამაშეა და დიდი კონკურენციაც იქნება. დიდად ამ ვექტორის პოლიტიკოსებს და პარტიებს ჩვენი მოსახლეობა არ წყალობს. გავიხსენოთ იგივე მარში, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ვნახეთ რა შედეგიც მიიღეს. არ ვიცი, უცნობი და ვასაძე ერთად იქნებიან თუ არა, ამგრამ თუ გაჩეჩილაძეც პოლიტკურ ველზე შემოსვლას გადაწყვეტს, მაშინ ერთმანეთის კონკურენტები ნამდვილად იქნებიან.
რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება ოპოზიციურ ველზე კონკურენციას სპეციალურად ზრდის, რათა მათი დაქსაქსულობით ხმების 43%-ი უფრო ადვილად აიღოს, ცოტა ლოგიკას მოკლებული მგონია. ვაშაძე თუ ვინმეს ხმებს წაიღებს, ეს ძირითადად მაინც „ოცნების“ ამომრჩეველი იქნება და არა „ნაციონალური მოძრაობის“. მმართველ გუნდს ახალი პარტიების გამოჩენა პოლიტკურ ველზე მაინც და მაინც ხელს არ აძლევს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ვასაძის პოლიტკაში შემოსვლა რეალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. იქნებიან ადამიანები, რომლებიც მას ხმას მისცემენ, მაგრამ ეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერს ნიშნავს. ძაბირაძე ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ძირითადად პრორუსული ორიენტაციის ამომრჩეველია, რომელიც ნაციონალური და პატრიოტული განცხადებებით გამოირჩევიან.