არჩილ კბილაშვილი -

არჩილ კბილაშვილი - "სააკაშვილის დაკითხვის შესაძლებლობა არსებობს!"

"ჩემი აზრით, პროკურორი საზოგადოებაში შიშნარევ პატივისცემას უნდა იწვევდეს: შიშს - კანონის მიმართ და პატივისცემას - კანონის შესრულებიდან გამომდინარე. ასეთია ჩემთვის იდეალური პროკურორი. ვარ თუ არა შესაბამისი, ეს, სხვების განსასჯელია... დღეს გაისმის კრიტიკა, პროკურატურის რიგებში არიან პროკურორები, რომლებიც ადრე არასწორად, პროკურორის საქმიანობისთვის შეუფერებლად მოქმედებდნენ და რატომ ინარჩუნებენ ასეთებსო. ჩვენ ყურად ვიღეთ ეს კრიტიკა და უკვე შევქმენით სპეციალური 12-კაციანი ჯგუფი პროკურორებისა და გამომძიებლების საქმეების გამოსაძიებლად. უკვე 1500-მდე საჩივარია შემოსული. ზემოაღნიშნული ჯგუფი შედგება გამომძიებლებისგან, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა, გამოიძიონ ის დანაშაულები, რომელიც, შესაძლოა, ჩაიდინეს პროკურორებმა და გამომძიებლებმა. ხელაღებით, საჩივრის განხილვის გარეშე, ადამიანების დათხოვნა არ არის სამართლიანი. საზოგადოებას აქვს უფლება, რაც შეიძლება მალე იხილოს დასჯილი ადამიანი, რომელიც მისი აზრით, დანაშაულის ჩამდენია, მაგრამ სამართალი და პროცედურა მოითხოვს, რომ ეს ანგარიშსწორების ფორმით კი არ მოხდეს, არამედ - გამოძიებით", - აცხადებს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილის დაკითხვის შესაძლებლობა არსებობს!".

"ჩვენ თითოეულ პროკურორს ვეუბნებით, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ფარგლებში, იყოს დამოუკიდებელი და, შესაბამისად, პასუხისმგებელიც. ეს ძალიან ნორმალური და ადამიანური პოზიციაა. ის, რომ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, უმეტესწილად, ძველი კადრებით შევუდექით, არ ქმნის ისეთ წინააღმდეგობებს ჩვენს საქმიანობაში, რომელმაც შეიძლება გვათქმევინოს, რომ ჩვენ უფრო უკეთესად ვიმუშავებდით და სხვა სიმაღლეებს მივაღწევდით. მაგალითად, ბოლო 4 თვის განმავლობაში 190-მდე საჯარო მოხელე გვყავს მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათ შორის 5 მინისტრი, ერთი - ქალაქის მერი. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია საშუალო ევროპული სტატისტიკის გათვალისწინებით. საზოგადოების დიდი ნაწილი პროკურატურის მუშაობას არაეფექტიანად იმიტომ მიიჩნევს, რომ ისინი დამნაშავედ მიჩნეულ ადამიანებს ვერ ხედავენ გისოსებს მიღმა, რასაც თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს არ განსაზღვრავს პროკურატურის საქმიანობის აქტიურობას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.

"ზემოთ ვისაუბრეთ პროკურატურაზე, როგორც ძველი კადრებით დაკომპლექტებულ უწყებაზე. ახლა ისმის კითხვა: თუ ძველი კადრებით დაკომპლექტებულ პროკურატურაში 1-ელ ოქტომბრამდე იყვნენ პროფესიონალები, სად დაიკარგა ეს პროფესიონალიზმი 1-ლი ოქტომბრის შემდეგ?! მე რომ ყველა პროკურორი შემეცვალა, შეიძლებოდა მიმეღო ასეთი არგუმენტი, მაგრამ პროფესიონალიზმს, ისევე როგორც თევზი ცურვას, ვერ გადაეჩვევა ადამიანი, თუ მას აქვს. მეორეც, ის, რაც შეიცვალა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, არის პოლიტიკა აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომლის ნაწილიცაა პროკურატურა. დღეს იმიტომ ვარ მთავარი პროკურორი, რომ არჩევნებით შეიცვალა აღმასრულებელი ხელისუფლება. თუმცა არ შეცვლილა სასამართ¬ლო ხელისუფლება. თუ 1-ელ ოქტომბრამდე პროკურატურა და სასამართლო იყო ერთ ბანაკში და შემდეგ ის ბანაკი დატოვა პროკურატურამ, ამიტომ უკვე გასაგები ხდება აცდენა ამ ორ გუნდს შორის. გარდა ამისა, 1-ელ ოქტომბრამდე პროკურატურა ასრულებდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაკვეთას - ვისაც იჭერდა, აძლევდა პასუხისგებაში, რადგან ასეთი იყო პოლიტიკური ნება, სასამართლო კი ბეჭედს ურტყამდა. დღეს ყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლება უკვე გადაბარგდა ან ნაწილობრივ გადადის განსასჯელის სკამზე და სასამართლო კვლავ განაგრძობს მის მსახურებას. როდესაც ჩვენ ვინმეს ვაკავებთ, მაგრამ სასამართლო არ აპატიმრებს, საზოგადოების აზრით, ეს ადამიანი დაუსჯელი რჩება, რაც ხალხს აღიზიანებს. ამ სასამართლომ თვითონვე შექმნა ისეთი საზოგადოება, რომელიც მოითხოვს ადამიანების დასჯას", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მე ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკითხვის შესაძლებლობა არსებობს. ტელეკომპანია "იმედის" თემა, რომელიც გიგი უგულავას ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდია, არის პრეზიდენტის ინფორმირებულობა "იმედის" უკანონოდ ჩამორთმევისა და თანხის გადახდის ნაწილში. სააკაშვილის დაკითხვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ეს შესაძლებლობა არსებობს და თუ გადავწყვეტთ, არ დაგიმალავთ.", - დასძენს არჩილ კბილაშვილი.