"კარგია, შეხვედრა რომ შედგა. ოპოზიციის ლიდერსა და მთავრობას შორის დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული შეთანხმება არ მოხერხდა. ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ამ ეტაპზე ვერ მოახერხა ახალი რეალობის გააზრება და საზოგადოების მოთხოვნის გაგება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარლამენტი შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და დესტაბილიზაციის ის მცირე ფაქტორიც კი, როგორიც არის პრეზიდენტის გადაჭარბებული უფლებები, დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტთან შეუთანხმებლად ჩამოაყალი¬ბოს მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტს აღარ ექნება. მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები კი, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მეჩვენება. მედია რომ ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი, სასამართლოსა და მართლმსაჯულებაში რომ პრობლემებია, ეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის შედეგი გახლავთ. ოპოზიციის ლიდერის მხრიდან ამგვარი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია, თუმცა ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით და გვინდა, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება იყოს ჯანსაღი. აქედან გამომდინარე, არასდროს შევქმნით ისეთ ვითარებას, როგორშიც პოლიტიკურ ოპოზიციას ამყოფებდა წინა ხელისუფლება. დაძაბულობისა და დესტაბილიზაციისკენ არავის გადავადგმევინებთ ნაბიჯს. ამ შეხვედრით პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, მისცეს შანსი ოპოზიციის ლიდერს, სახე შეინარჩუნოს. ის თუ ამას გამოიყენებს, მისი საქმეა", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვითარების დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მივცემთ!".
"შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ბერკეტი, ძალა და საშუალება არც პრეზიდენტს და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, შესაბამისი სტრუქტურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცალკე თემაა გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები თუ გამონათქვამები, რაშიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის სააკაშვილს ბადალი დღესაც არ ჰყავთ და რაც ქვეყნის იმიჯზე ნამდვილად კარგად არ აისახება.", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ალასანია.
"სულ ვცდილობ, თავი შევიკავო კომენტარისაგან პრეზიდენტის გამონათქვამებზე, რადგან მაინც ჩვენი შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალია, შესაბამისად, პატივს ვცემ პრეზიდენტობის ინსტიტუტს, მაგრამ ვერ შევძელი გაჩუმება, როდესაც მან არასწორი და ყოვლად გაუმართლებელი განცხადებები გააკეთა ჯავახეთზე, თითქოს იქ სეპარატისტული მოძრაობა იღებს სათავეს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სიმართლეს. სრულიად გაუგებარი იყო ასევე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ლაპარაკისას რუსეთიდან საერთო საფრთხეებზე გაკეთებული განცხადება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი იყო. სრულიად უადგილო და უსაფუძვლოა სააკაშვილის მიერ საქართველოს აზერბაიჯანელების ავტონომიის მოთხოვნაზე ლაპარაკიც. ამიტომაც განაცხადა მერე პრემიერ-მინისტრმა, რომ სააკაშვილის მიერ საგარეო პოლიტიკის თაობაზე გაკეთებული განცხადებები, არ გამოხატავს მთავრობის და სახელმწიფოს აზრს. რა გაეწყობა, დღეს ვართ ასეთ რთულ და არასტანდარტულ ვითარებაში, მაგრამ აუცი¬ლებლად მოვახერხებთ და თავს გავართმევთ ამ სიტუაციას. საზოგადოებასაც ვთხოვ, მშვიდად და მოთმინებით შეხვდეს ამ ვითარებას. პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში არ არის და ძალიანაც რომ მოინდომოს ვინმემ, ამის საშუალებას არ მივცემთ. მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ასევე ჩვენს პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ხშირად პიარაქციისთვის სწირავს სახელმწიფო ინტერესებს. ისე, მე ფაქტობრივად, შეუძლებლად მივიჩნევ, პრეზიდენტმა დაითხოვოს მთავრობა.", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩემი აზრით, ქვეყანას, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, სჭირდება ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს საჭიროა იმ რეფორმების გატარებისთვისაც, რაც თითქმის ყველა სფეროშია დაწყებული. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მოდელი, როდესაც პარლამენტი აყალიბებს მთავრობას, შესაძლოა პრობლემად იქცეს. ვგულისხმობ იმ მრავალფეროვან პარტიულ პალიტრას, რომელიც შეიძლება აისახოს პარლამენტში და პოლიტიკური არასტაბილურობა სამთავრობო კრიზისის წყაროდ იქცეს. ეს არის, ჩემი აზრით, საპარლამენტო მოდელის ყველაზე დიდი მინუსი. თუმცა, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დრო მოვიდა საპარლამენტო რესპუბლიკის, რა თქმა უნდა, საზოგადოების უმრავლესობის ნებას ჩვენც გავიზიარებთ", - განმარტავს ირაკლი ალასანია.
"ძირითადად დასავლელი პარტნიორების კითხვები და რჩევები ეხება ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ გამოძიებას. ისინი ითხოვენ, ეს პროცესები იყოს გამჭვირვალე, იყოს ნათელი როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მე მათ ვესაუბრე, რომ ძველი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყება პოლიტიკური მოტივით კი არ ხდება, არამედ კონკრეტული დანაშაულის გამოძიების მიზნით. ავუხსენი, რომ ქართველმა საზოგადოებამ ჩვენს კოალიციას იმიტომ დაუჭირა მხარი, რომ სამართალი აღასრულოს, და რაც მთავარია, უნდა მოხდეს სახელმწიფო უწყებების დეპოლიტიზაცია. მაგალითისთვის მოვუყვანე, წინასაარჩევნოდ სატელიტური მაუწყებლობისთვის ხელის შესაშლელად დაწყებულ პოლიტიკურ პროცესში როგორ იყო ჩართული სამხედრო პოლიცია, როგორ შეისყიდეს დიდი ოდენობით სატელიტური ანტენები ბიუჯეტის ფულით. გამოძიება დაწყებულია, წინასწარი მონაცემით, ბიუჯეტიდან 150 000 ლარია დახარჯული სწორედ პოლიტიკური მიზნით. დეპოლიტიზაცია რომ მოვახერხოთ, ამისთვის საჭიროა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ. როცა ამას ვუხსნით ჩვენს დასავლელ კოლეგებს, მათ მშვენივრად ესმით ჩვენი. ამიტომაც გააკეთა ჯეიმს აპატურაიმ განცხადება, რომ ამგვარი საკითხები არის ჩვენი ქვეყნის შიგა საქმე", - დასძენს რესპონდენტი.