ვანო მაჭავარიანი: „ლიბერთი ბანკი“ რომ რუსულ კომპანიებთან საუბრობს, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის არ იყო ცნობილი

ვანო მაჭავარიანი: „ლიბერთი ბანკი“ რომ რუსულ კომპანიებთან საუბრობს, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის არ იყო ცნობილი

თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურად არის შესაძლებელი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს მსხვილი რუსული კაპიტალი? თუ ეს შესაძლებელია, შეიძლება თ არა ეს რაიმე საფრთხის შემცველი იყოს?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია დავყოთ ეს კაპიტალი იმ კაპიტალად, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან და მეორე, კაპიტალად, რომელიც ამ რუსული სახელმწიფო კომპანიებისგან არის თავისუფალი. 

– სახელმწიფოსთან არ–დაკავშირებული ეს მსხვილი კაპიტალი რამდენად შეიძლება ქართული ბაზრით დაინტერესდეს?

დაინტერესება არის იმიტომ, რომ არის კონტაქტები. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის უცნობია. არის ბიზნეს კონტაქტები, მათ შორის პრემიერს აქვს ძალიან ახლო კონტაქტები იმ ხალხთან, რომელთანაც ერთ დროს საერთო შეხება ჰქონდა. არის ასევე საშუალო ზომის კომპანიები, რომლებსაც აქვთ ეს ურთიერთობები და ალბათ ელოდებიან გარკვეულ კონკრეტულ პირობებს იმისთვის, რომ დაიწყონ საუბარი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მურნეობა თუ სხვა ტიპის პროექტები, სადაც ზოგადად სხვა ქვეყნებშიც აქვთ ასეთი ტიპის ინვესტიცია გაკეთებული.

როდესაც მსხვილი კომპანიები შემოდიან საქართველოში, აქ რა აინტერესებთ? მითუმეტეს ისეთი პატარა ბაზრის პირობებში, როგორიც საქართველოა და მითუმეტეს რუსი ბიზნესმენებისთვის რატომ უნდა ვიყოთ საინტერესო გარდა იმისა, რომ როგორც თქვენ ახსენეთ მეგობრობა, ნაცნობობა ან რაღაც კონკრეტული ურთიერთობები, შეიძლება აკავშირებდეთ?

– თავისთავად, ერთია გრძელვადიანი მოგება და მეორე მოკლევადიანი. თავისთავად ყველაზე მნიშვნელოვანია მოგება. ამის ნათელი მაგალითია „მადნეული“, „კვარციტი“, რომელიც რუსეთის მასშტაბების მიხედვით არ არის მსხვილი კომპანია, მაგრამ რეალურად არის ძალიან მომგებიანი. შესაბამისად, იქ არის წარმოდგენილი რუსული კომპანია, რომელიც მუშაობს, ახალი მფლობელია, თუმცა მანამდეც რუსული კომპანია იყო. ასევე ამის კარგი მაგალითია „ბორჯომი“.ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა „ალფა ჯგუფმა,“ რომ ეს წილი ეყიდა, 250 მილიონზე მეტზეა საუბარი. რომ არ იყოს მოგება, თავისთავად ამაში ხომ არ ჩადებდა? ასევეა ტურიზმი, ენერგეტიკა და თავისთავად არის განმსაზღვრელი მოგება და ის ბაზარი, რომელიც არის მზარდი იმიტომ, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა ბაზრებია, სადაც ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა არსებობს. მსოფლიოში არის ეკონომიკური სტაგნაციის პრობლემა. თავისთავად ეს ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება უშუალოდ საბანკო სექტორს, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს მსხვილი რუსული ბანკებისთვის საქართველო, როდესაც ერთ–ერთ მათგანს უკვე აქვს აქ საკუთარი ბანკი? რეალურად ინტერესი შეიძლება არსებობდეს?

რა თქმა უნდა. საქართველოში საბანკო სექტორი არის ყველაზე წარმატებული და ყველაზე მომგებიანი ბიზნეს სექტორი, ასევე ყველაზე სტაბილური, რომელიც გამაგრებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებით და ასევე საერთაშორისო პარტნიორებით. გასაკვირი იქნება, რომ მათ ინტერესი არ ჰქონდეთ. ის, რომ „ლიბერთი ბანკი“ საუბრობს და საუბრობდა რუსულ კომპანიებთან, არ იყო ალბათ მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ნაცნობი ინფორმაცია. ბევრი კომპანიაა, რომელიც ამაზე საუბრობს, რომ უნდათ ქართულ ბანკებში იყიდონ წილი.

– ანუ ინფორმაცია, რომ „ლიბერთი ბანკი“ საუბრობს რუსეთის ერთ–ერთ მსხვილ ბანკთან, საჯაროდ არის უკვე გავრცელებული?

– საჯაროდ არ არის, მაგრამ საბანკო სექტორში ნებისმიერი მომუშავე და დაინტერესებული ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ ზოგადად ინტერესი „ლიბერთი ბანკის“ მიმართ არის, მათ შორის იქნება ეს „ვითიბი ბანკი“ თუ სხვები, შესაბამისად გურგენიძე მაქსიმალურად ცდილობს კარგად ივაჭროს. ნებისმიერი ბიზნესი ამას განიცდის, რადგან გადადის ერთი ხელიდან მეორე ხელში.

რაც შეეხება სახელმწიფოსთან ძალიან ახლობლურ მდგომარეობაში მყოფ რუსულ კაპიტალს, მათი მხრიდან ქართული ბაზრით დაინტერესება რამდენად შესაძლებელია?

– ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოსთვის, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეძლოს პირველ რიგში, რომ რეალურად არ მოხდეს ისეთი გაუგებრობები, რომელიც ზოგადად სახელმწიფოს ინტერესებს ზიანს მიაყენებს და ეს ნებისმიერი სახელმწიფოს და მარეგულირებლის ფუნქციაა. აქედან გამომდინარე, ეს ყურადღება მისაქცევია და ძალიან სათუთი თემაა.

საქართველოს დღევანდელ მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რესურსი, სურვილი, რომ ეს პრობლემა, რომელიც თქვენ საუბრის ბოლოს ახსენეთ, იქნას იმ მასშტაბით დაბალანსებული, რომ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს რაიმე სახის საფრთხე არ შეექმნას?

– რესურსი სახელმწიფოს ყოველთვის აქვს. დამატებითი რესურსი არის კომპეტენცია. ასევე არის პრემიერი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საბანკო თუ სხვა ბიზნეს სექტორებში. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობაც ასევე საბანკო სისტემიდანაა, თავისთავად თუ იქნება პოლიტიკური ნება და კონკრეტული ინტერესები, სახელმწიფო ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული. უნდა დაველოდოთ. ამავე დროს მინდა ხაზი გავუსვა, რომ გარკვეულწილად პოლიტიკაზეც იქნება ეს მიბმული. როდესაც რუსეთზე გვაქვს საუბარი, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ფურცლიდან იმიტომ, რომ არსებობს ისტორია (პოსტ საბჭოური და საბჭოთა კავშირის), როდესაც რუსეთს დაფიქსირებული აქვს თავისი ინტერესები და სამწუხაროდ ეს პოლიტიკურ თემებშიც გადავიდა.