„ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი - კანონპროექტი  აუცილებლად დაინიცირდება და იქცევა კანონად!“

„ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი - კანონპროექტი  აუცილებლად დაინიცირდება და იქცევა კანონად!“

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 6-თვიანი წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, ჩაიშალოს. როგორ უნდა მოახერხოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ახალი კაპრიზის ისე შესრულება, რომ მიშელის დოკუმენტში მოცემული ამნისტიის პირობები არ დაირღვეს? რა არის მელიას და ენმ-ის ჩანაფიქრი? ხომ არ აქვთ მორიგი მცდელობა იმის, რომ ოპოზიციამ, რომელმაც დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, მის შესრულებაზე უარი თქვას, თუ ეს არის მელიას მცდელობა შეინარჩუნოს სახე და ციხიდან გმირის სტატუსით გამოვიდეს?

ენმ და ევროპელები კითხვას სვამენ - ხომ არ ვკითხოთ 20 ივნისის დროს დაზარალებულებს, უნდათ თუ არა მათ ამ საქმეზე ბრალდებული პოლიციელების გათავისუფლება? მაშინ ისმის კითხვა, ხომ არ უნდა ვკითხოთ იგივე გიორგი რურუას მიერ დაზარალებულ ოჯახებს, უნდათ თუ არა მან საპატიმრო პრეზიდენტის მიერ შეწყალებით დატოვოს? თამარ თორაძის და მია ვეფხვაძის ოჯახები არიან თუ არა თანახმა, რომ რურუას ამნისტია შეეხოს?

არსებობენ 20 ივნისის დროს დაზარალებული სამართალდამცველებიც, რომლებმაც ასევე უმძიმესი ტრავმები მიიღეს. მაკო გომურის მსგავსად ერთ-ერთმა პოლიციელმაც თვალი დაკარგა. რატომ არის შერჩევითი სამართალი 20 ივნისის საქმეში, როცა ორივე მხარეს დაზარალებულები არსებობენ? მსგავსი კითხვები ოპოზიციის არც ერთ წევრს არ უჩნდება.

თუმცა დავუბრუნდეთ ნიკა მელიას, რომელიც ციხიდან გათავისუფლების ისეთ ხერხებს ეძებს, რომ მისი (შრომა) წყალში არ ჩაიყაროს. ციხეში ტყუილად ხომ არ ჩაჯდა? მან სამაჯური ზუსტად იმისთვის მოიხსნა, რომ ოპოზიციის ირგვლივ მინელებული ყურადღება, როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოს მოსახლეობის მხრიდან გამოეღვიძებინა. მან ეს ნაწილობრივ შეძლო, თუმცა არა ისე, როგორც უნდოდათ და გეგმავდნენ.

For.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, როდესაც ნიკა მელიასთან ციხეში შეხვედრაზე იმყოფებოდა, მათ მელიას ციხიდან გათავისუფლების ალტერნატიულ გამოსავალზე ისაუბრეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო ფორმით პირადი თავდებობით ჩაენაცვლებინათ. ამნისტია მელიასთან ერთად ყველა იმ პირს ეხება, რომელიც 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ამას კი ხელისუფლება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. ამიტომ მელია სახის ბოლომდე შენარჩუნებას ცდილობს და „ლელოს“ მოსთხოვა, რომ სხვა გამოსავალზე იმუშაონ, ევროპარლამენტარები მელიასთვის თავდებობის პირობაზე დაითანხმონ და ციხიდან ხელისუფლებაზე მორალურად გამარჯვებული გამოვიდეს. ბადრი ჯაფარიძე მეორე დღეს ბრიუსელში სწორედ მელიას დავალებით გაფრინდა. თუმცა, როგორც ჩანს, ევროპარლამენტარებს ამ შარში თავის გაყოფა არ უნდათ და ამ არაადეკვატურ პოლიტიკოსის ირგვლივ პასუხისმგებლობა ჯობია, არ იტვირთონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვერც ერთი ევროპარლამენტარი ამ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გარეშე ვერ მიიღებს. მიშელისთვის კი, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელი იქნება მის ზურგს უკან მსგავსი გარიგებები, როცა დოკუმენტში მელიას გათავისუფლების ორი გზაა მოცემული. სავარაუდოდ, სწორედ ჩაშლილი გეგმიდან გამომდინარე, მელიამ მოულოდნელად სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მოთხოვნა გაავრცელა: „გაიწვიეთ ამნისტია. ვიღებ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის გირაოს და დავტოვო საპყრობილე. სრულიად ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა, (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.

კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებას“: გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, - წერს ნიკა მელია.

ხელისუფლება და ოპოზიცია კი ამ განცხადების პარალელურად „აირაის“ ოფისში რამდენიმესაათიან შეხვედრას მართავდა. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობას მმართველ გუნდთან ოპოზიცია 27 აპრილს განაგრძობს.

„გაგრძელდება კონსულტაციები. ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების საკითხთან დაკავშირებით. არსებობს საკითხები, სადაც დავაახლოვეთ პოზიციები. არსებობს შეთანხმება, რომელიც არის ხელმოწერილი. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არის ევროკავშირის მედიაციით ხელშეწყობილი, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა უნდა მივყვეთ შეთანხმების გეგმას“, - აღნიშნა მოლაპარაკებიდან გამოსულმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება რადგან „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირთან აღებული აქვს პასუხისმგებლობა.

„დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა. ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთესს მომავალზე. შეთანხმებას სჭირდება შესრულება, „ქართული ოცნება“ რჩება ერთგული შეთანხმების, აქედან გამომდინარე, გვაქვს პასუხისმგებლობა, მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტზე. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. კანონპროექტი დაინიცირდება აუცილებლად და იქცევა კანონად! „ქართული ოცნება“ შეასრულებს პირობას. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა და როგორ მოუნდება, ვერაფერს გადაწონის“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელია საკუთარი განცახდებით პირდაპირ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას არღვევს. აბაშიძის შეფასებით, დოკუმენტში არსად წერია, რომ ამნისტიის უკან წაღება შეიძლება. ენმ-ის მხარდამჭერები და მათი ვაი-ექსპერტები დოკუმენტის შინაარსის ინტერპრეტაციას ახდენენ. იქ დეტალურად წერია, რომ მელია ან ამნიისტიით ან სხვა საკონსტიტუციო კანონით უნდა გამოვიდეს.

„ევროპელი დეპუტატების თავდებში ჩადგომა მიშელს რომ სდომოდა, ამას დოკუმენტში ჩაწერდა. ეს ჩაითვლება, როგორც ამ შეთანხმების კიდევ ერთი ჩაშლის მცდელობა. სააკაშვილის მთავარი გეგმაა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ჩაშალოს. იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ მოხდეს, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ისევ 5%-იანი ბარიერით გაიმართოს და პარლამენტი კვლავ ორპოლუსიანი იყოს. თავად იყვნენ ისევ პირველი და მნიშვნელოვანი პარტია, რომელიც გარშემო ყველა კონკურენტს მოიშორებს. სააკაშვილი სხვა მცირე პარტიების წინააღმდეგ იბრძვის. ამიტომ ის ყველა დესტრუქციულ ქმედებას იყენებს იმისთვის, რომ ამ პატარა პარტიების ყველა მიმართულებით მარგინალიზება მოხდეს“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რომოპოზიცია ერთსულოვანია ამნისტიის პროექტი გაიწვიოს. ისინი სააკაშვილის სურვილებს ამ ეტაპზე არ ასრულებენ და მათსავე რეპუტაციისთვის აჯობებს, რომ ისევ ის პოზიცია ჰქონდეთ, რაც დოკუმენტზე ხელმოწერის დროს ჰქონდათ. მისი აზრით, სააკაშვილს მორიგი დესტრუქციული მცდელობა, წყალში ჩაეყრება. აბაშიძე ამბობს, რომ ნიკა მელია ახლა სახის შენარჩუნებას როგორც არ უნდა ეცადოს, არ გამოუვა. პარტია, რომელიც ამბობს, რომ პროდასავლურია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ არც ერთ გეგმას არ იღებს, ვერანაირი გამართლება ვერ ექნება.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ნიკა მელია მიხვდა, თუკი ამნისტიის კანონი მასაც შეეხო და 20 ივნისის საქმეზე გასამართლებულ პოლიციელებსაც, ის ციხიდან გმირის სტატუსით ვეღარ გამოვა. ამიტომაც მთელი ეს შრომა, რაც მან გასწია, წყალში ჩაეყრება და უბრალოდ, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებულ პოლიტიკურ ფიგურად იქცევა. ანალიტიკოსის აზრით, მელიას არ უნდა მისი სახელი დამნაშავე პოლიციელებთან ერთად გადღაბნილი იყოს, რადგან გმირი ვეღარ იქნება.

„დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ შეწყალება ამნისტია უნდა იყოს. ამიტომ „ოცნებას“ სრულიად თავისუფლად შეუძლია ოპოზიციის გარეშეც ამნისტიის კანონი თავადაც მიიღოს. თუ დაასწრეს და გირაო გადახდილი იქნება, მელიასთვის მით უკეთესია. რამდენი ხანი იჯდება ციხეში? თუ კანონი ამნისტიის შესახებ მიღებული იქნება და ყველას მიმართ გავრცელდება, მაშინ მელიას, ისევ, როგორც ენმ-ის ოფისიდან წაიყვანეს, ციხიდან ხელში აყვანილი ტაატით გამოიყვანენ, ქუჩაში დასვამენ და გინდ იქვე კარებთან კარავი გაშალოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ეს უკვე ძალიან სამარცხვინო და კომიკური იქნება. მისი პოლიტიკური რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთის თვალში სრულიად განადგურდება. ის მაინც გამოვა, ამიტომ იძულებულია, ახლა სუფთად გამოვიდეს. მას ახლა „ქართული ოცნება“ ჭკუაში უგებს. შეიძლება ნიკა მელია ციხიდან არა როგორც გმირი, არამედ გათხვრილი და გაჭუჭყიანებული პოლიტიკოსის სახელით გამოვიდეს. მორალურად მას ბევრი ეტყვის, რომ შენს სინდისზეა 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელების გათავისუფლება. ამიტომ ეს მას მუდმივად შლეიფივით გაჰყვება. ის, რაც სააკაშვილს და მელიას ჩაფიქრებული ჰქონდათ, მიშელის დოკუმენტით აღარ გამოსდით. პირიქით, წამგებიან პოზიციაში აღმოჩდნენ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.