რეალურია თუ არა მოსახლეობისათვის გაუფასურებული საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

რეალურია თუ არა მოსახლეობისათვის გაუფასურებული საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

საბჭოთა ანაბრების საკითხი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ბევრმა ქვეყანამ ის სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარა და კომპენსაციების გაცემაც დაიწყო, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი თანხის გაცემის ზუსტი თარიღი დაასახელა.

საქართველოში, მართალია, საბჭოთა ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული, თუმცა, თანხის გაცემაზე კონკრეტული პროექტი და სქემა დღემდე არ არსებობს.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მთავრობა საბჭოთა ანაბრების პრობლემაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს, თუმცა, აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ამ ეტაპზე ვერ მოხდება. ექსპერტების თქმით კი, ანაბრების საკითხის მიჩუმათება სახელმწიფოს მხრიდან უსამართლობაა და აუცილებელია, ხელისუფლებამ სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავოს პროექტი და დაიწყოს თანხების გაცემა.

“იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება ანაბრების გაცემა, აუცილებელია ის დროში გაიწელოს, ანუ მას უნდა ჰქონდეს გრძელი ფულის ეფექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნის ეკონომიკას არასასურველი შედეგებს მოუტანს”, - განაცხადა “მთელ კვირასთან” საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.

საბჭოთა ანაბრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

საბჭოთა ანაბრების პრობლემა ჯერჯერობით მხოლოდ ორმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ მოაგვარა - ლიტვამ და ყაზახეთმა. მაგალითად, ლიტვაში სახელმწიფო პრივატიზაციიდან შემოსული თანხების 80% სწორედ მეანაბრეთა თანხების დასაფარავად მიმართეს. თითოეული მეანაბრის გასასტუმრებელი ვალის ოდენობა შემოიფარგლა 6 000 საბჭოური მანეთით, კურსით - 1 ლიტვური ლიტი - 1 საბჭოური მანეთი. ყაზახეთში კი გამოუშვეს სპეციალური ობლიგაციები, კურსით - 100 დოლარი ყოველ 15 ათას საბჭოთა მანეთში.

აზერბაიჯანში ყოფილი საბჭოთა “სბერბანკის” მეანაბრეებისთვის თანხების ინდივიდუალური დაბრუნების პროცესი 2012 წლის ზაფხულიდან დაიწყო. აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრის სამირ შარიფოვის განცხადებით, ანაბრების გადახდის შესაძლებლობა ქვეყანას ბოლო წლების ეკონომიკური წარმატებების შედეგად მიეცა. თანხების გაცემა 1992 წლის პირველ იანვარს დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით იწარმოებს.

“კანონის მიხედვით სახელმწიფოს არ აქვს აღნიშნული თანხების გაცემის ვალდებულება. ამ თანხების გაცემა არის მოსახლეობის თავისებური დამატებითი დახმარება”, - განაცხადა მინისტრმა.

აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ”სბერბანკის” სამართალმემკვიდრემ, “კაპიტალ ბანკმა” დიდი სამუშაო ჩაატარა აღნიშნული თანხების გაცემის პროცესის მომზადებისთვის. თანხის გაცემა 2013 წლის 31 დეკემბერს დასრულდება. ეს პროცესი აზერბაიჯანის 2,4 მილიონ მოქალაქეს შეეხება, რომლებიც “სბერბანკში” პირად ანგარიშებს ფლობდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორციელებისთვის აზერბაიჯანი დაახლოებით 1 მილიარდ მანათს, ანუ 1 264 000 000 დოლარს დახარჯავს. 2012 წელს აზერბაიჯანის “კაპიტალ ბანკმა”უკვე გასცა 554 711 მლნ მანათი, ანუ დაახლოებით 701 265 მლნ დოლარი.

სომხეთში საბჭოთა ანაბრების თანხის გასტუმრებას 2015 წლამდე გეგმავენ, სქემით - პირველ 1000 საბჭოთა მანეთში გადაიხდიან 200 დოლარს, მეორე და მესამეში - 140 დოლარს. ყოველ შემდეგ ათასზე თანხა იკლებს და 10 000 საბჭოთა მანეთის ზემოთ, ყოველ ათას მანეთზე მეანაბრე მხოლოდ 20 დოლარს მიიღებს.

გადაწყვეტილება გაუფასურებული ანაბრების კომპენსაციაზე მიღებული აქვთ მოლდოვასა და ყირგიზეთის ხელისუფლებასაც, თუმცა, ორივე ქვეყანაში კომპენსაცია ისე მცირეა, რომ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

ბელორუსის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დღემდე გრძელდება ამ პრობლემის განხილვა, მაგრამ მისი მოგვარებისთვის საჭირო რესურსი ჯერ არ აქვთ.

რაც შეეხება უკრაინას, გაუფასურებული საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე აქტიური მუშაობა იქაც მიმდინარეობს. თანხების გაცემის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში 12 მილიონი მეანაბრიდან ანაბარზე რიცხული თანხა 6-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათი დაკმაყოფილება 2008 წელს მოხდა და თითოეულ მეანაბრეს 1000 გრივნა გადაეცა. 6 მილიონი ადამიანისთვის თანხის ერთდროულად გაცემამ გრივნაზე შესაბამისად იმოქმედა და უკრაინის ეროვნული ვალუტა იმ პერიოდში 90%-ით გაუფასურდა.

საბჭოთა ანაბრებს გასცემენ რუსეთშიც. ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეების გაუფასურებული საბჭოთა ანაბრები საშინაო ვალად გამოაცხადა და ანაბრების გაცემა 1996 წლიდან დაიწყო. 2008-09 წლის მსოფლიო საფინანსო კრიზისისას, როგორც მაშინ ექსპერტები წერდნენ, ქვეყანაში არსებული სოციალური დაძაბულობის მოხსნის მიზნით, ხელისუფლებამ ამ თემაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყო და მოქალაქეებს თანხის დაბრუნებისა და კომპენსაციის შემდეგი სქემა შესთავაზა: 1945 წლამდე დაბადებული მოქალაქეები მიიღებდნენ ანაბრის სამმაგ ოდენობას რუსულ რუბლში, ხოლო 1945 წლის შემდეგ დაბადებულები - ორმაგ ოდენობას.

აღსანიშნავია, რომ რუსეთს დღემდე ვალის მხოლოდ ნაწილი აქვს გასტუმრებული და მისი გაცემა, 1996 წლიდან მოყოლებული, 3 ეტაპად მოხდა.

რაც შეეხება საქართველოს, 1992 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ყოფილი საბჭოთა კავშირის “სბერბანკის”საქართველოს ფილიალში ანაბრებზე აქტივების სახით ირიცხებოდა 13 მლრდ საბჭოთა მანეთი, ანუ დაახლოებით 8,5 მლრდ დოლარი. 1993 წელს სახელმწიფო საბჭომ ინფლაციური პროცესების გამო მიიღო გადაწყვეტილება და მოხდა ამ თანხის აფასება. აფასების კოეფიციენტი შეადგენდა 50%-ს, რის შედეგადაც აქტივების მოცულობა დაახლოებით 19 მლრდ რუსულ რუბლამდე გაიზარდა.

მომოქცევაში ქართული კუპონის შემოსვლის შემდეგ, ერთ საბჭოთა მანეთზე განისაზღვრა ერთი კუპონი, თუმცა, შემდგომ კუპონმა1300-1900%-იანი ინფლაცია განიცადა, რის შედეგადაც რეალური კურსის დადგენა შეუძლებელი გახდა. ლარის შემოსვლის შემდეგ კი გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვით სახელმწიფომ საბჭოთა ანაბრების შიდა ვალად აღიარა და მისი მოცულობა 502 მილიონი ლარით განსაზღვრა.

“იმის იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ სახელმწიფო საბჭოთა ანაბრებში 8,5 მლრდ დოლარს ოდესმე გადაიხდის, მაგრამ 502 მლნ ლარიც ძალიან ცოტაა. იმისათვის, რომ ეს თანხა მეტ-ნაკლებად სამართლიანი იყოს, აუცილებელია მისი 2,5-3 მლრდ ლარამდე გაზრდა. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი ციფრი, ეს არის იმ ქვეყნების გამოცდილებიდან აღებული და დათვლილი, რომლებმაც საბჭოთა ანაბრების პრობლემა ან მთლიანად გადაწყვიტეს, ან ახლა მიმდინარეობს ამ თანხების გასტუმრება”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება ანაბრებისგაცემა, აუცილებელია ის დროში გაიწელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის არასასურველი შედეგების მომტანი იქნება.

“აუცილებელია გრძელი ფულის ეფექტი. სხვა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ის, რაც მიიღო უკრაინამ, როდესაც ერთდროულად მოხდა 6 მლნ მეანაბრის დაკმაყოფილება და რამაც გრივნა 90%-ით გააუფასურა. ასე რომ, თუ დაიწყება თანხის გაცემა, ის უნდა გაიწელოს 8-10 წელზე.

“მაგალითად, თუ ეს თანხა დარჩა 502 მილიონი და წელიწადში გამოიყო ამ ვალდებულებისთვის 50 მლნ ლარი, ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად არ აისახება; მაგრამ თუ 200 მლნ ლარი გამოიყო, ამან შეიძლება სერიოზული რყევები გამოიწვიოს”, -აცხადებს კალანდაძე.

საბჭოთა ანაბრების გაცემა ჯერჯერობით ვერ მოხდება

სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, საბჭოთა ანაბრების დაბრუნების საკითხი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა საქართველოში. წინა მთავრობის წარმომადგენლები ამ თემაზე ლაპარაკს გაურბოდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ანაბრების დაბრუნების დაპირება არასდროს გაუციათ, თუმცა, ჩვენ უახლოეს ისტორიას ახსოვს დოკუმენტი სახელწოდებით - “ნაციონალურიმოძრაობის” ხელშეკრულება საქართველოსთან”, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ანაბრების დაბრუნებაც იყო.

ჯერჯერობით ანაბრების დაბრუნების საკითხით არ ინტერესდებიან ახალ მთავრობაში და ზოგადად ის შეტანილი არც ყოფილა კოალიცია”ქართული ოცნების” პროგრამაში.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ საბჭოთა ანაბრები რთული საკითხია და მისი გადაწყვეტა ამ ეტაპზე ვერ მოხდება. თუმცა,დეპუტატის თქმით, პრობლემა არსებობს და მასზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

“ანაბრების საკითხი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა,საქართველოში მისი გადაწყვეტა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან ის ძალიან ბევრ ადამიანს ეხება და ამასთან, თანხებიც დიდია. ამიტომ, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტაზე მიდგება საქმე, აუცილებელია ორი საკითხის მოგვარება. პირველი - ეს არის ვალის ინვენტარიზაცია, ანუ რეალურად იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა თანხა ანაბარზე და რამდენი; მეორე - ეს არის ინდექსაციის საკითხი.

“მოგეხსენებად, რომ მილიარდების გასტუმრების საშუალება დღეს არ არსებობს, რადგან ქვეყნის წინაშე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას, როგორიცაა პენსიის გაზრდა, საყოველთაო დაზღვევადა მთელი რიგი სოციალური პროგრამები. ამიტომაც საბჭოთა ანაბრების გაცემის დაპირება არ მოხვდა კოალიციის პროგრამაში.

“ჩვენ რეალისტურად ვუდგებით ამ თემას, რადგან ვიცით, რომ მისი გადაჭრა ადვილი არ იქნება. ვიცით, რომ 1-2 წელში საბჭოთა ანაბრების გაცემის დაწყებაც კი შეუძლებელი იქნება.

“თუმცა, საბჭოთა ანაბრების საკითხზე ქვეყანა თვალს ვერ დახუჭავს. შესაბამისად, გარკვეული სახის მუშაობა აუცილებლად უნდა დაიწყოს და შორეულ პერსპექტივაში განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ვალის გასტუმრება”, - განუცხადა “მთელ კვირას ”დავით ონოფრიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ანაბრების საკითხის მიჩუმათება სახელმწიფოს მხრიდან უსამართლობაა. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდება პროექტი და დაიწყება თანხების გაცემა, თუნდაც 8 ან 10-წლიანი გრაფიკის მიხედვით.

“საერთოდ, გაუფასურებული ანაბრების დაბრუნების პროცესიხანგრძლივია. აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ დაიწყო ამ საკითხის მოგვარება, ზოგმა დაასრულა კიდეც. ჩვენ შიდა ვალად კი გვაქვს აღიარებული, მაგრამ არ არსებობს კონკრეტული სქემა და მეთოდიკა, არც მზადყოფნა, რომ ანაბრები გაიცეს.

“შეიძლება სხვა ქვეყნის მაგალითებზე ვიდავოთ, რომ ისინი ვერ გასცემენ შესაბამის ანაზღაურებას, მაგრამ რაღაცას ხომ გასცემენ? ჩვენთან კი ამაზე საუბარიც კი არ მიდის.

“საბჭოთა ანაბრების საკითხი არის სახელმწიფოს პრობლემა, პრობლემა კი არის სისტემური. თუ საკითხს სისტემურად ვერ მივუდექით, პრობლემის მოგვარებაც ვერ მოხდება. ამ თანხების გაცემა არის რთული და ხანგრძლივი პროცესი, თანაც ძალიან დიდ რესურსთან დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ეს საქმე გასაკეთებულია და ადრე თუ გვიან თანხების დაბრუნების პროცესი უნდა დაიწყოს. რუსეთმა 1996 წელს დაიწყო ანაბრების გაცემა და 17 წლის თავზეც კი სრულად არ აქვს ვალდებულება გასტუმრებული.

“ანაბრების საკითხის მიჩუმათება სახელმწიფოს მხრიდან არისუსამართლობა. წინა ხელისუფლებებმა ამ თემას გვერდი აუარეს, ვნახოთ, რას იზამს ახალი ხელისუფლება. ჯერჯერობით ამაზეხელისუფლებაში არავინ საუბრობს. ანაბრების საკითხი პოპულარულიმხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია, მერე კი ყველა ივიწყებს”, -განაცხადა ლევან კალანდაძემ.

საბჭოთა ანაბრების საკითხთან დაკავშირებით აქტიური მუშაობადაიწყო “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ - აფბამ”. ორგანიზაცია ახორციელებს 1990-იან წლების პირველ ნახევარში მომხდარი ჰიპერინფლაციური მოვლენების კვლევას, რომელმაც მოსახლეობის ანაბრების გაუფასურება და მათი გაღატაკებაგამოიწვია.

პრობლემის შესასწავლად “აფბამ” შექმნა “საბჭოთა ანაბრების შემსწავლელი ცენტრი”. ცენტრის მიზანია საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით შეაგროვოს ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ფაქტები და სხვადასხვა მასალები. უზრუნველყოს როგორც ინფორმაციის შეკრება, ისე მისი გავრცელება. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ჰიპერინფლაცია ეროვნული ბანკის დანაშაულებრივმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ გამოიწვია. კერძოდ, როდესაც 1992-93 წლებში ეროვნულმა ბანკმა 500-ზე მეტ კომპანიაზე 800 მილიარდზე მეტი კუპონი და რუსული რუბლი გასცა.

“აფბამ” უკვე მიმართა ეროვნულ ბანკს ამ ინფორმაციის მოთხოვნით, მაგრამ უარი მიიღო. თუმცა, ორგანიზაციამ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით ეცდება.

“აფბას” სარჩელს ეროვნული ბანკი თავისი “ფეისბუქის”გვერდიდან გამოეხმაურა, სადაც მითითებული იყო, რომ “რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია” ბანკისგან კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვდა და შესაბამისად, ბანკი მას ვერ გასცემდა.”მედიანიუსის” ცნობით, ეროვნული ბანკის ამ განცხადებას ”აფბასგან” შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რის შედეგადაც, ეროვნულიბანკის “ფეისბუქის” გვერდიდან აღნიშნული განცხადება წაიშალა.

“საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მდიდარი რესპუბლიკა იყო, მისი დაშლის შედეგად კი ყველაზე ღარიბ ქვეყნად იქცა. ეს ბადებს ლოგიკურ ეჭვს, რომ რაღაც არ გაკეთდა ისე, როგორც საჭირო იყო და სწორედ ეროვნული ბანკის პოლიტიკა გახდა საბაბი იმისა, რომ ინფლაციამ მიიღო ის მასშტაბები, რომელიც 90-იან წლებში იყო”, - განუცხადა “მთელ კვირას” “აფბას” ხელმძღვანელმა მერაბ ჭიჭინაძემ.

“აფბას” პარალელურად ანაბრების საკითხებზე მუშაობსარასამთავრობო ორშაგიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებიც”. ორგანიზაციამ პოსტსაბჭოთა 14 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებს საბჭოური ანაბრების თემატიკაზე სამართლებრივი დახმარების თხოვნითაც კი მიმართეს. ამასთან, “ახალგაზრდა ადვოკატები” “საბჭოთა ანაბრების პრობლემის სამართლებრივი ანალიზის” დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, რომელის საჯარო პრეზენტაციაც 1 მაისისთვის იგეგმება.