"საქართველოში პოლიტპატიმრად მაღიარეს "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" და რიგმა უფლებადამცველებმა, ხოლო საზღვარგარეთ - "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ"; ჩემი საქმე ასევე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილს ჯერ კიდევ 2008 წლიდან არ ვთვლით პრეზიდენტად, რადგან მან საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა. ახალქალაქში და ნინოწმინდაში 1000 ხმა თუ მოიპოვა, 50.000 დაიწერა. სხვათაშორის, 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიშას კანდიდატებს პირწმინდად მოვუგეთ. მე მაშინ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ორგანიზაციაში ვიყავი გაერთიანებული. ასე რომ, მისი ჩემდამი ანტიპათია სუბიექტურია. არანაირი სეპარატისტი და, მითუმეტეს, ტერორისტი მე არა ვარ", - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "არ ვითხოვ ჯავახეთის ავტონომიას! სააკაშვილი ცრუობს!".
"მთელმა საქართველომ იცისა, როგორი მატყუარა სააკაშვილი. ის ყოველდღიურად ცრუობს. ჩემს მიმართაც ასეთი უტიფარი ტყუილი თქვა. ჯავახეთის ავტონომია მე არასოდეს მომითხოვია. ჩემი განაჩენი რომ ნახო, გაგიკვირდება, ისეთი თეთრი ძაფითაა ნაკერი. თბილისში მე მუდმივად ჩამოვდიოდი. არჩევნებში ვმონაწილეობდი, საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებას ვეწეოდი. ექსტრემისტი რომ ვყოფილიყავი, არჩევნებში რატომღა მივიღებდი მონაწილეობას ან თბილისში რისთვის ვივლიდი?! ქართულად ვლაპარაკობ, მეუღლე ქართველი მყავს, ქართული ჩემმა შვილმაც იცის. მე ვარ ეროვნებით სომეხი, მაგრამ ვარ საქართველოს მოქალაქე, ჩემს სამშობლოდ საქართველო მიმაჩნია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჰაგნ ჩახალიანი.
"2008 წლის 21 ივლისს დამიჭირეს. იარაღის უკანონო შენახვა და ტარება დამაბრალეს. მანამდე პოლიციის უფროსის სახლი აფეთქდა. გაითამაშეს, თითქოს იმ სახლის წინ სისხლის გუბე იპოვეს და თითქოს ის სისახლი ჩემი იყო, არადა, 4 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ის სისხლი ადამიანისაც კი არ ყოფილა, ქათმის სისხლი დააქციეს. ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ. დაიწყეს მასობრივი ჩხრეკები და ერთ-ერთი ჩხრეკის დროს შეხლა-შემოხლას სროლა მოჰყვა. დაიჭრა პოლიციელი, თუმცა, მე იქ არ ვყოფილვარ. არადა, საქმე ისე გააყალბეს, თითქოს სროლაში მე და ჩემი მეგობრები ვმონაწილეობდით. 20 ივლისს უკვე მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემზე აპირებდნენ ხელის შეწმენდას. ამ დღეს კიდევ ერთი პოლიციელი მოკლეს, თუმცა, მე სოფელ განძაში ადგილობრივ დღესასწაულზე ვიყავი და არც იმ უბედურებაში მიმიძღვის ბრალი. ამის მერე ჩემს სახლში სპეცდანიშნულების რაზმი შემოიჭრა და ჩემთან ერთად ჩემი ოჯახის წევრებიც დააპატიმრეს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"როცა ჩემი საქმე საჯარო გახდება და რეაბილიტაციას მოვახერხებ, მერე ყველა დაინახავს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას, დაინახავს, როგორ მიყვარს მე ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი სამშობლოა. პირადად მე, მოწოდებული ვარ, რომ ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაცია და დაახლოება მოხდეს. ამ მიზნით ყველაფერს გავაკეთებ. ამავე დროს ისიც ვიცი, რომ ქართული ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია შეუძლებელია. ამიტომ ჩემი მიზანი იქნება, ხელი შევუწყო ქართული ენის შესწავლის რეალური პროგრამების განხორციელებას", - დასძენს ვაჰაგნ ჩახალიანი.