რა პრეტენზია აქვს ნუკრი ქანთარიას მთავარ პროკურატურასთან

რა პრეტენზია აქვს ნუკრი ქანთარიას მთავარ პროკურატურასთან

რამდენიმე დღის წინ, “ოცნების” ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რეჟისორმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, პროკურატურის სამართალი “ურმით დადისო”. იმის გასარკვევად, თუ რა იგულისხმა ამ განცხადებაში, “ქართული სიტყვა” პარლამენტარს დაუკავშირდა.

_ ბატონო ნუკრი, ას დღეზე მეტია, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია. საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ახერხებს?
_ ხალხის მოთხოვნების შესრულებაში ახალ მთავრობას უამრავი ხელისშემშლელი პირობა აქვს და “ნაციონალთა” შემოტევები არ მთავრდება, თუმცა ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში სიახლეები მაინც არის _ გლეხებს ხვნა-თესვისთვის ვაუჩერები დაურიგდათ, ახალი ტრაქტორებიც შემოდის. მოკლედ, ბევრი რამ კეთდება, მაგრამ საზოგადოებას ,,ოქროს თევზის” სინდრომი მაინც აქვს. აი, მაგალითად, ახლახან ღიმილისმომგვრელი ჭორი გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილი ქალბატონებს სარვამარტოდ საჩუქრებს დაურიგებსო.

_ ამ ჭორის საბაბი, ალბათ, სტიქიისგან დაზარალებული კახელებისთვის კომპენსაციის დარიგება გახდა...
_ ეს არ ვიცი, მაგრამ ამ
კომპენსაციებს ზოგან, მეზობლებს შორის, გაუმართლებელი დაპირისპირება მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთ სოფელში ამ კომპენსაციით რამდენიმე ათეული ,,მერსედესი” იყიდეს და სატაქსაოდ გაუშვეს, ანუ თანხა სტიქიისგან დაზარალებული სოფლის მეურნეობის აღდგენას კი არა, მერკანტილური სურვილების დაკმაყოფილებას მოხმარდა, თუმცა ყველაფერი მათი გადასაწყვეტია, ვინც საჩუქარი მიიღო. ბატონი ბიძინა ხალხს დაჰპირდა და ეს დანაპირები აასრულა, მაგრამ ქვეყანაში ისეთი გაჭირვებაა, რომ წყალობითა და დახმარებით ოჯახები ხელს რამდენჯერ მოიბრუნებენ? ჯობია, ადამიანებს შრომითი სივრცე მიეცეთ და სარჩო-საბადებელი თავად მოიპოვონ.

სხვათა შორის, ამ ას დღეში მედიკამენტების ფასები შეიცვალა, პედაგოგთა ანაზღაურებაც გაიზარდა, მალე სადაზღვევო პაკეტიც ამოქმედდება, მაგრამ არც ესაა საკმარისი... მალე ყოფილი მმართველი გუნდის ჩხირკედელაობა მორჩება და ყველა თავის ადგილს დაიკავებს: ზოგი დასასვენებლად წავა, ზოგი _ ციხეში, ზოგი კი, სამუშაო ადგილს გამოეთხოვება. ,,ნაციონალების” სათავე უკვე დამშრალია, მათი მქუხარე მდინარე მყრალ გუბედ გადაიქცა, რომელიც ყოველ დღე შხამს აფრქვევს.

_ ბატონო ნუკრი, მოდით, ისიც აღიარეთ, რომ ამ “მყრალი დემაგოგიის” გამკლავება გიჭირთ...
_ ჩვენი მიზანი არაა, რომ ამ გამობრძმედილ დემაგოგებს შევეჯიბროთ. მათნაირი ტყუილისა და ცილისწამების აჟიტირებისგან ღმერთმა დაგვიფაროს. ხალხი ამ ხრიკებისგან დაიღალა და ხმა ჩვენ სწორედ იმიტომ მოგვცა, რომ საქმე იგივე მეთოდებით არ ვაკეთოთ _ ბუზი სპილოდ არ ვაქციოთ, სააკაშვილივით ლენტები არ ვჭრათ და ყველა კუთხეში ფული არ ვაკეთოთ. ჩვენ საქვეყნო საქმეს ჩუმად, ხმაურის გარეშე გავაკეთებთ, სანთელ-საკმეველი კი, გზას არ დაკარგავს.  

_ ღმერთმა ქნას... ისე, ბატონო ნუკრი, არჩევნებამდე აჟიოტაჟი იყო ატეხილი, სააკაშვილი აჭარის “თურქეთიზაციას” უწყობს ხელს და ბათუმში აზიზიეს მეჩეთს აშენებსო, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, აზიზიეს მეჩეთის საწინააღმდეგო არც ახალ ხელისუფლებას აქვს. საერთოდ, ბევრი მიიჩნევს, რომ “ოცნების” კულტურის პოლიტიკა ერთობ მოიკოჭლებს...
_ კულტურის საკადრო პოლიტიკაში
თავიდან შეცდომები და კურიოზებიც იყო, მაგრამ ამ ტალღამ გაიარა და გადახალისების პროცესი გრძელდება.
რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთს, როგორც ვიცი, ბათუმში მეჩეთის აშენების სანაცვლოდ, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრებში სარესტავრაციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საზოგადოებრივი პროტესტი დიდი იყო და ეს საკითხი შეჩერდა. დღეს აზიზიეს სახელობის მეჩეთზე ლაპარაკი აღარაა და ბათუმში, უბრალოდ, მეჩეთი აშენდება.

_ ...ამასწინათ განაცხადეთ, რომ პროკურატურის სამართალი ურმით დადისო. რას გულისხმობდით?
_ ჩვენი საარჩევნო პრიორიტეტი სამართლიანობის აღდგენა იყო და, ბუნებრივია, ხალხი ითხოვს, რომ ახალ მთავრობას დანაშაულთან კოჰაბიტაცია არ ჰქონდეს. დღეს კი ჩანს, რომ პროკურატურა ხალხის ამ სურვილს ვერ მიჰყვება, უფრო სწორად, ფეხს ვერ უწყობს. მეც ეს ვთქვი, მართალია, სამართალი ურმით დადის, მაგრამ ყველას მიაკითხავს-მეთქი... ერთი საგულისხმო პრეტენზიაც: პროკურატურაში ისევ ძველი კადრები ჩანან და გუნავას, გვარამიას, კალანდაძის დაკავება სწორედ ძველი მავნე ტრადიციის გამოვლენაა. ისე, ბუნებრივია, ახალი კადრების გამოჩენას დრო სჭირდება...

_ კი ბატონო, მაგრამ ამასობაში “ნაციონალები” ძალას იკრებენ. აგერ, მერაბიშვილმა პატრიოტებს მოუწოდა, 19 აპრილს ძველი პარლამენტის წინ შევიკირბოთო...
_ “ნაციონალების” ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრიც ზედმეტია, დღეს მათი ძალისხმევა დანაშაულის დაფარვაზეა გადატანილი და 19 აპრილის შეკრებაც ამას ემსახურება...

_ ბატონო ნუკრი, გიგი უგულავას ბრალდებულად ცნობის ამბავს პარლამენტში როგორი რეაქცია მოჰყვა?
_ ეს ამბავი რომ გაიგეს, უმცირესობის წარმომადგენლები სხდომიდან გაიპარნენ _ მოვიხედეთ და, აღარ იყვნენ, რის გამოც კენჭისყრა ჩაგვივარდა. საერთოდ, უნდათ, რომ მათი სახეები ტელეეკრანებიდან არ გაქრეს _ კამერების წინ კეკლუცობენ და ცდილობენ, საკანონმდებლო ორგანოშიც სულ მათი ინიციატივები იხილებოდეს.

_ საზოგადოებისთვის ღიმილისმომგვრელი და გამაღიზიანებელი იყო ორი კანონპროექტის განხილვა და ორივეს ინიციატორი, სხვათა შორის, “ოცნება” იყო. ბატონო ნუკრი, ნუთუ, ამ ქვეყანაში ბუსუსებიან პრეზერვატივსა და ეროვნულ ე.წ. დრეს-კოდზე მეტი პრობლემა არ არსებობს?
_ პრეზერვატივებთან დაკავშირებული თემა ,,ნაცმოძრაობამ” მთავრობის გასაქილიკებლად კარგად გამოიყენა, მაგრამ ეს საკითხი ევროინტეგრაციის ურთიერთობათა საკითხთა ყულაბაში იდო და უპირატესობა არ ჰქონდა,  უბრალოდ, სხვა საკითხებთან ერთად უნდა განხილულიყო. ჩემი მოკრძალებული აზრით, აუცილებლობა არ იყო, რომ ეს კანონპროექტი პირველ რიგში განხილულიყო, მაგრამ რახან გამოიტანეს, რას ვიზამდით? ეროვნულ სამოსთან დაკავშირებით ინიციატივა კი, დეპუტატმა ბიძინა გუჯაბიძემ წამოაყენა, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო არაა, რომ ჩოხა ყველამ ჩაიცვას...

_ ბოლო დროს რეგიონებში სტალინის ძეგლების აღდგენა დაიწყეს. არადა, როგორც ვიცი, ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკას კრძალავს. ხელისუფლება სტალინის რეანიმაციას რატომ არ აპროტესტებს?
_ ამაში, ჩემი აზრით, განსაკუთრებული არაფერია _ უბრალოდ, ხალხს საკუთარი სურვილის გამოხატვის საშუალება მიეცა. ძველმა ხელისუფლებამ გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი შუაღამისას აიღო, რომ ხალხის პროტესტი არ ენახა. სტალინის ფენომენი დღესაც არსებობს, იგი ბევრის მეხსიერებაში დარჩა, როგორც ძლიერი მმართველი, რომელმაც მსოფლიოს ფაშიზმის საფრთხე ააცილა და ძლიერი იმპერია ააშენა, თუმცა ბევრს არ აინტერესებს, ეს რის ფასად გაკეთდა. სტალინის მოტრფიალენი იყვნენ და არიან, სტალინი ბოროტების იმპერიის სათავეში იდგა, მაგრამ რომ გარდაიცვალა, მის მიერვე დაარსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში გლოვა გამოცხადდა. დემოკრატიის პრინციპის თანახმად, ადამიანს ვერანაირ ღირებულებაზე უარს ვერ ათქმევინებ. ყველას თავის ადგილს ისტორია მიუჩენს.
რაც შეეხება სააკაშვილს, ის დიქტატორის კარიკატურა, ცრუპენტელა, ტრაბახა და მშიშარაა. მან ორჯერ მოახდინა ხელისუფლების უზურპირება. იმედი მაქვს, ოქტომბერში პოსტიდან მშვიდობიანდ გავაცილებთ...