ღუდუშაურის და ჩაჩავას სახელობის კლინიკების თანამშრომლები დირექტორ ელგუჯა გოცირიძეს დაწესებულებათა აქციების შანტაჟითა და დაშინებით მითვისებაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ამასთან, მედპერსონალის ადვოკატი გიგა გაბელაია აცხადებს, რომ ელგუჯა გოცირიძემ კლინიკები დავით ბაქრაძის ლობირებით შეიძინა.
გიგა გაბელაია, ადვოკატი: _ ელგუჯა გოცირიძემ შანტაჟით, დაშინებითა და წინა ხელისუფლებისთვის კარგად ნაცნობი ჩაშვების ინსტიტუტით ჯერ ჩაჩავას კლინიკა დაისაკუთრა, შემდეგ კი, “ნაცმოძრაობამ”, ჩვენთვის უცნობი დამსახურებებისთვის, მას ლანგრით ღუდუშაურის კლინიკა და მესამე ბავშვთა საავადმყოფოც მიართვა...
_ ბატონო გიგა, დღეს ბრალდებები აღარავის უკვირს, მაგრამ ერთია ბრალდება და მეორე _ მტკიცებულება...
_ ერთ-ერთი ეპიზოდი, რის გამოც მთავარ პროკურატურას მივმართეთ, წილების დათმობის სქემაა და ამაზე კლინიკის ასამდე ყოფილი აქციონერი ლაპარაკობს და ისიც დადასტურდება, თუ რა გზით ხორციელდებოდა ამ ადამიანებზე შანტაჟი. ჩაჩავას კლინიკაში შანტაჟის ასეთი ფორმა მოქმედებდა: გოცირიძის ნდობით აღჭურვილი პირები ჩაწერებს ახორციელებდნენ.
_ “ჩაწერების განხორციელება” რას ნიშნავს?
_ თუ ვინმე ცუდს იტყოდა, ფიქსირდებოდა და მისი სხვადასხვა მეთოდით “დამუშავება” ხდებოდა. მაგალითად, ზოგს სამსახურს ატოვინებდნენ, ზოგს _ აშინებდნენ. ამ საკითხზე მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს უკვე მივმართეთ, მუშაობა მიმდინარეობს და სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ გეტყვით, რომ ავადსახსენებელი შრომის კოდექსით, აქციონერებს მოკლევადიან ხელშეკრულებას იმ პირობით უფორმებდნენ, თუ აქციონერი თავის აქციებს გოცირიძეს დაუთმობდა. ამის გამო ჩაჩავას კლინიკა ექიმების უმრავლესობამ დატოვა.
სხვათა შორის, ეს სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ კლინიკა კი არა, ინსტიტუტიც იყო, სადაც მეანობის კუთხით დიდი სამეცნიერო მუშაობა ტარდებოდა, მაგრამ ყველაფერი ეს დავიწყებას მიეცა და დღეს ჩაჩავას კლინიკაში ყველაზე “გაპიარებული” და წარმატებული ესთეტიკის მედიცინის ცენტრია, ანუ გამოდის, რომ ეს დიდი ინსტიტუტი, რომელიც მედიცინაში ამინდს ქმნიდა და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაწესებულებად ითვლებოდა, სოლარიუმად და სილამაზის სალონად გადაიქცა.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკასაც ანალოგიური ემუქრება. ამიტომ, კვლევის საგანი უნდა გახდეს, თუ როგორ ჩაიგდო ხელში კლანურმა დაჯგუფებამ მცირე თანხით ეს სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი... ამ საქმეში ჩართული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იყო.
_ ბაქრაძეს კლინიკასთან რა საქმე ჰქონდა?
_ დავით ბაქრაძის მეუღლე, მაკა მეტრეველი ჩაჩავას კლინიკაში თანამშრომლად იყო გაფორმებული და სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებდა.
_ მაინც, რამდენს?
_ ყოველთვიურად იმაზე მეტს, ვიდრე ნებისმიერი მინისტრი იღებს.
_ ესე იგი, პროკურატურაში დაკითხვაზე შეიძლება, დავით ბაქრაძე და მისი მეუღლეც დაიბარონ?
_ ეს ჩემი კომპეტენცია არაა და ვერ ვისაუბრებ... სამართალდამცავ ორგანოებს ადრე არაერთხელ მივმართეთ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში აუდიტი შესულიყო, მაგრამ მაშინ ყური არ გვათხოვეს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ამ დაწესებულებას ლობირებდნენ.
რაც შეეხება ღუდუშაურის კლინიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გოცირიძეს მიზერულ თანხად აჩუქეს. ღუდუშაურის კლინიკამ თავისი სახე მაშინაც შეინარჩუნა, როცა ქვეყანა ინგრეოდა. მერე, აღორძინების ხანა დაუდგა, დღეს კი, კლინიკის ყველა წამყვანი ექიმი სამედიცინო საქმიანობას ჩამოშორებულია და მათი ჩანაცვლება ახალბედა კადრებით ხდება.
_ ესე იგი, ბატონო გიგა, ამტკიცებთ, რომ ელგუჯა გოცირიძე ჩაჩავას კლინიკის ასპროცენტიანი მეწილეა?
_ ჩაჩავას კლინიკაში ელგუჯა გოცირიძე საკონტროლო პაკეტზე მეტს ფლობს, გარკვეულ აქციებს მისი მეუღლე და მათან დაკავშირებული პირებიც ფლობენ... სხვათა შორის, ჩაჩავას კლინიკაში, მას შემდეგ, რაც ელგუჯა გოცირიძე მოვიდა, რემონტი დაუსრულებლად მიმდინარეობს. საკითხავია, ეს დაუსრულებელი რემონტი ფულის გათეთრების საშუალება ხომ არაა? წარმოიდგინეთ, გოცირიძე ტყიბულიდან ჩამოვიდა და მას შემდეგ, რაც ჩაჩავას კლინიკაში დაიწყო მუშაობა, მისი ქონება რეაქტიული სისწრაფით გაიზარდა. საიდან დააგროვა ამდენი ქონება და როგორ შეძლო აქციების შესყიდვა? _ ამაზე გამოძიებას ძალიან ბევრი შეკითხვა ექნება.
მერაბ კილაძე, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: _ სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის კუთხით სერიოზული პრობლემებია. ღუდუშაურის კლინიკა 2003 წელს გაიხსნა, რომელსაც იაპონიის მთავრობამ, დაახლოებით, 5 მილიონი ლარის აპარატურა აჩუქა. აშშ-ის მთავრობამ კი, 15 მილიონამდე ინვესტიცია ჩადო... 30-40-მილიონიანი შენობა და 7-8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 6 მილიონ ლარად გაყიდეს. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვაღიაროთ, რომ საქმე კრიმინალურ გარიგებასთან გვაქვს და მისი გაყიდვა წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია!
_ კლინიკა რომელ წელს გაიყიდა?
_ 2011 წლის ნოემბერში. ტენდერში მხოლოდ ერთადერთი პიროვნება, ელგუჯა გოცირიძე მონაწილეობდა და ამ ე.წ. ინვესტორის მოსვლის დღიდან, კლინიკიდან წამყვანი სპეციალისტების ჯგუფური გადინება დაიწყო.
_ მედპერსონალმა კლინიკა რატომ დატოვა?
_ კაბალური პირობების გამო _ ვისაც თავმოყვარეობა და ღირსება ჰქონდა, ასეთ პირობებში მუშაობას, ცხადია, არ დასთანხმდებოდა. ზოგმა წამყვანმა სპეციალისტმა წასვლაზე განცხადება თავად დაწერა, ზოგს კი, კონტრაქტი არ გაუგრძელეს და დღეს ღუდუშაურის კლინიკა კვალიფიციური სპეციალისტებისგან დაცლილია. ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინოს, აღნიშნულ საკითხზე სათანადო გამოძიება ჩაატაროს და ყველაფერს ნათელი მოჰფინოს.