"დიდი გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი უფლებვამოსილების სამყაროდან გამოვიდა, როგორც პრეზიდენტი. დღეს პრეზიდენტი გადასული არის 100 პროცენტით ოპოზიციურ რეჟიმში სამუშაოდ. ისეთი ოპოზიციის როლი მოირგო თავისი თავისთვის, რომლის ფორმულაა, რაც უარესი, მით უკეთესი. როდესაც მიხეილ სააკაშვილი აეროპორტში ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებს, ეს არის ცალსახად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ის თემები, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობას ეხება, როგორც წესი, ამ საკითხებზე მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ არ საუბრობენ, პირიქით მოქმნედებენ, რომ ქვეყნის კანონმდებლობის, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყანაში არ დაიწყოს ისეთი მოვლენები, რომელმაც შეიძლება არეულობა გამოიწვიოს. როგორც ჩანს, საერთოდ აიღო მან ხელი თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. მეტიც, ხელის შემშლელად გვევლინება ქვეყნის შიგნით და გარეთ", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილს პოლიტიკური ყელყელაობის საშუალებას არ მივცემთ".
"დაცვის სამსახურთან დაკავშირებით სერიოზული სკანდალი აქვს ატეხილი. იქ, სადაც არაფერი სასკანდალო არ არის. თუ იმას გავითვალისწინებთ, როდესაც მისი ადმინისტრაციის ბიუჯეტი შემცირდა, სასწრაფოდ შუქი ჩააქრო თავის რეზიდენციაში და განაცხადა, დევნას განვიცდიო. ეს ყველაფერი ერთიან სურათს ქმნის. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ძირითადად პრეზიდენტის და მისი ოჯახის დაცვით იყო დაკავებული. პრეზიდენტის დაცვის სამსახურში 12 ესკორტი იყო, რომელიც 200-ზე მეტ მანქანას მოიცავდა და ამაში სახელმწიფო არაადეკვატურად მაღალ თანხას იხდიდა. სახელმწიფო დაცვის სამსახური 2800 კაცისგან შედგებოდა და ამისთვის ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი იხარჯებოდა, გამოდის, რომ საშუალოდ საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტის დაცვაზე ყოველდღიურად 50 ათას ლარს ხარჯავდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ძიძიგური.
"მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დევნილის სტატუსით უნდა დარჩენა. უნდა საკუთარი იმიჯის შექმნა, როგორც ოპოზიციონერის. ის უკვე, როგორც პრეზიდენტი, ისე აღარ იქცევა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები, ჩვენი პოლიტიკური კოალიციაც, ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც, ამ რეალობას მიიღებს ფაქტად. ამას სჭირდება მხოლოდ როგორც ფაქტს, ისე დაფიქსირება. ამ საკითხზე გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობამ, მისი პოზიციის გააქტიურება გამოიწვია, მაგრამ თვითონ, რა თქმა უნდა, ისეთი კონცეფციით საქმიანობს, რომ ყველგან, ყველაფერში ხელი შეუშალოს დღევანდელ ხელისუფლებას. ყველგან, ქვეყნის გარეთ დეზინფორმაცია გაიტანოს ქვეყანაში ვითომ პოლიტიკური ზეწოლისა და არასტაბილურობის შესახებ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არასდროს საქართველოს ხელისუფლება არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის. პოლიტიკურ მოვლენებზე კონტროლის თვალსაზრისით, მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით ჩვენი ხელისუფლება ძალიან ძლიერია, სტაბილურად გამოიყურება. დილიდან საღამომდე მუშაობენ მინისტრები, რომლებსაც ერთადერთი ნაკლი აქვთ, ისინი საქმეს აკეთებენ და გაკეთებულ საქმეზე მოსახლეობას არაფერს არ ეუბნებიან. ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ვფიქრობ, ეს ნაკლი გამოსასწორებელია. პოზიტიური გადადგმული ნაბიჯები საზოგადოებას უნდა ეცნობოს. ჩვენი მთავრობის წევრები მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე დუმილს ირჩევენ, ვიდრე მოსახლეობის ინფორმირებულობას. ამით სარგებლობენ ჩვენი ოპონენტები და გაჰკივიან, რომ ყველაფერი ცუდად არის, რომ ხელისუფლება საარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს. ქვეყანაში აღმაშენებლობაა დაწყებული. რამდენიმე თვეში უმუშევრობის პრობლემასთან სერიოზული ბრძოლა დაიწყება", - დასძენს ზვიად ძიძიგური.