„ერთ-ერთი ჩვენი პარტიაა, რომელმაც აჩვენა 100%-იანი ზრდა, ეს ადასტურებს იმ გადაწყვეტილებების სისწორეს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის პარლამენტში შემოსვლის“

„ერთ-ერთი ჩვენი პარტიაა, რომელმაც აჩვენა 100%-იანი ზრდა, ეს ადასტურებს იმ გადაწყვეტილებების სისწორეს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის პარლამენტში შემოსვლის“

საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მომხრეა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები განახლდეს. მისი მოსაზრებით, მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში შევა.

ლევან იოსელიანი for.ge-თან ინტერვიუში ასევე IRI-ის კვლევებსა და თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თბილისში მერობის კანდიდატად კახა კალაძის გარდა, სხვა რეიტინგული კანდიდატი არავინ ჰყავს.

როგორია „მოქალაქეების“ დამოკიდებულება ოპოზიციისთვის მანდატების შენარჩუნების საკითხზე?

პირველ ჯერზე ჩვენ მანდატების გაგრძელებას მხარი დავუჭირეთ. ამჯერად, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს მომართავს. როგორც ინფორმაცია მაქვს, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება არავის შემოუტანია.

შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით პოლიტიკური არგუმენტები არსებობს. სამართლებრივი არგუმენტები შეიძლება იყოს შეწყვეტის მხარდაჭერის მიზეზი და ამ არგუმენტების აწონ-დაწონვა მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნულ საკითხზე პირადად, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არც დადგება. ოპოზიციის კომენტარებს რასაც მოვუსმინე, ცალსახად გადაწყვეტილი არ აქვთ, რომ მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები შემოიტანონ. თუმცა, ორივე ოპოზიციას თავისი სასარგებლო არგუმენტი აქვს. ერთი, რომ სამართლებრივად კონსტიტუციის გათვალისწინებით, ადამიანს თუ არ უნდა პარლამენტის წევრობა, როგორ უნდა აიძულო, მაგრამ ამას თავისი პოლიტიკური ნაწილიც აქვს. ასევე, კონსტიტუცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა მანდატის შეწყვეტას მხარი არ დაუჭიროს. ამ შესაძლებლობის გამოყენება რამდენად სწორია, ეს ისეთი საკითხია, რომელზეც პასუხი ჯერ არ მაქვს.

პირველ ჯერზე მხარი იმიტომ არ დავუჭირე, რომ დიალოგის პროცესი იყო და ნებისმიერი ნაბიჯის გადაგმა, რომელიც დიალოგს ჩიხში შეიყვანდა, სწორად არ მიმაჩნდა. ახლა თუ დიალოგი განახლდება, ალბათ, ეს მდგომარეობა კიდევ გასათვალისწინებელი იქნება. თუმცა, არ ვიცი, დიალოგს პერსპექტივა აქვს თუ არა კიდევ, იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გაჭედილია. გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა - ვნახოთ.

დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორების ჩართულობით მიმდინარეობს და როგორ ფიქრობთ, მანდატების საკითხზე მმართველი გუნდის ეს პოზიცია მედიატორის მხრიდან ნაკარნახევი ხომ არ არის?

- ვფიქრობ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და მოლაპარაკებები საბოლოოდ შედეგს გამოიღებს. არ ვიცი, მედიატორის ჩართულობით მოხდება ეს თუ არა, მაგრამ ორივე მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების მზაობა არის. ვნახოთ, ამ მოლაპარაკებების შემდეგ, შემოვა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.

„მოქალაქეების“ პოზიცია როგორია მედიატორის ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებზე?

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები სწორია, ოღონდ მოლაპარაკებები შედეგით უნდა დასრულდეს. უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები მოქალაქეებში იმედგაცრუებას იწვევს. ამას აჩვენებს ასევე ის კვლევები, რომელიც ქვეყნდება. განსაკუთრებით ბოლო კვლევები, რომლის მიხედვით 60% თვლის, რომ ბოიკოტი სწორი გამოსავალი არაა.

ბოლო მოლაპარაკება კრისტიან დენიელსონის ჩართულობით შეთანხმება ვერ შედგა და მის მიერ შედგენილი ხელშეკრულებაც ვერ გაფორმდა. კიდევ რაში ხედავთ გამოსავალს?

- შესაძლებლობა იყო, რომ ორივე მხარეს რაღაც დაეთმო. გაჯიუტება სწორი გამოსავალი არ იყო. სამწუხაროა, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ზოგადად, მგონია, რომ დენილსონის დოკუმენტში ასახული შესაძლებლობები ერთჯერადად ვადამდელი არჩევნებისთვის გადაყოლებლად არ ღირს. თუმცა, ამისკენ გზა რომ გახსნილი იყოს, სულ მცირე, იმ პატიმრების საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს, რომლებიც ამ წუთში საპყრობილეში არიან და ვის გამოშვებასაც ოპოზიცია ითხოვს. ამიტომ, ეს საკითხი ძალიან რთულია.

კვლევები ახსენეთ და IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში, პოპულარულ პოლიტიკოსად ექს-პრემიერი გიორგი გახარია ლიდერობს. როგორ ფიქრობთ, რატომ ინარჩუნებს ლიდერობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი?

- კვლევები იმ დროს არის ჩატარებული, როდესაც გიორგი გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრი იყო. IRI-ის კვლევების 2/3 მის პრემიერობის დროს არის ჩატარებული. პრემიერ-მინისტრობის დროს მხარდაჭერა სულ სხვაა, საინტერესოა, ახლა როგორი რეიტინგი ექნებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მისი პოლიტიკაში დაბრუნება, ძალიან საინტერესო იქნებოდა. გამოცდილი პოლიტიკოსის პოლიტიკაში მობრუნება, ვფიქრობ, ისევ პოლიტიკურ ცხოვრებას წაადგება.

IRI-ის კვლევებში თბილისის მერი კახა კალაძეც ლიდერობს და თქვენი აზრით, კალაძე გამოიყენებს ამ რეიტინგს, რომ თვითმართველობის არჩევნებში კვლავ იყაროს კენჭი?

- ვფიქრობ, გამოიყენებს. „ქართულ ოცნებას“ კახა კალაძის გარდა სხვა არავინ ჰყავს ისეთი, ვისაც თბილისში კანდიდატად დააყენებს - მაღალრეიტინგულ პოლიტიკოსს ვგულისხმობ.

კვლევების მიხედვით თქვენი პარტიის რეიტინგი აიწია, ელოდით ამას?

- ერთ-ერთი ჩვენი პარტიაა, რომელმაც აჩვენა 100%-იანი ზრდა. ეს ჩემთვის ძალზე სასიხარულოა. ეს ადასტურებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მათ შორის პარლამენტში შემოსვლის. სხვა პარტიებს აქვთ კლება, ან იგივე მაჩვენებელი, რომელიც წინა კვლევების დროს ჰქონდათ.

თქვენი პარლამენტში შესვლა უკავშირდება საარჩევნო რეფორმას. რა ეტაპზეა ახლა ეს კანონპროექტი და რამდენად კმაყოფილი ხართ იმ კანონპროექტით, რომელიც მმართველმა გუნდმა ამ კუთხით ჩამოაყალიბა?

- საარჩენო რეფორმა მიმდინარეობს და ახლა ეუთო/ოდირის დასკვნას ველოდებით, რათა მათი მოსაზრებებიც გავითვალისწინოთ, ვიდრე ეს ინიცირებული კანონი კანონად იქცევა. ამ რეფორმის შედეგად თვითმმართველობის არჩევნები აბსოლუტურად განსხვავებულ და სანდო გარემოში ჩატარდება.