“ჩუკი–მუკი” და “მფრინავი ძროხა”

“ჩუკი–მუკი” და “მფრინავი ძროხა”

კინოსურათების გადაღება მეტად შრომატევადი პროცესია და ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მსახიობებს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნიათ. ისინი მოწყვეტილები არიან ჩვეულებრივ ცხოვრებას და მთელ თავიანთ დროს გადასაღებ მოედანზე ატარებენ.

 

რასაკვირველია ხშირად სხვადასხვა არაორდინალურ სიტუაციებშიც ხვდებიან, რომლებსაც მოგვიანებით დიდი სიამოვნებით იხსენებენ. ეს “არასამუშაო” პერიპეტიები მაყურებლებისათვის ხშირად უცნობია და დღევანდელ წერილშიც კინოს სამყაროში დაფიქსირებულ სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ შემთხვევებს გავიხსენებთ.

 

თენგიზ აბულაძის სურათი “ნატვრის ხე”, იმ კატეგორიის შედევრებს განეკუთვნება, ყველა ეპოქაში, ყველა თაობისთვის რომ ერთნაირად მისაღები იქნება.

 

ამ ფილმის გადაღება კახეთში მიმდინარეობდა. მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი, 15 წლის ლიკა ქავჟარაძის სილამაზემ გულგრილი ვერავინ დატოვა. გარდა იმისა, რომ “ნატვრის ხის” სხვა ახალგაზრდა პერსონაჟები, სოსო ჯაჭვლიანი და ზაზა კოლელაშვილი მასზე იყვნენ შეყვარებულები, არც კახელი ჭაბუკები ყოფილან მის მიმართ გულგრილნი. ერთ დღესაც ლიკა ქავჟარაძე სოფლის შარაგზაზე მიდიოდა.

 

ერთმა ადგილობრივმა ბიჭმა რაღაც მიაძახა. სოსომ და ზაზამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ ლიკას და უცებ ატყდა საოცარი ჩხუბი. ორი მსახიობი სოფლის ბირჟაზე შეკრებილ ოცამდე კაცს სცემდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კინოს მსახურების სულისკვეთებამ იმარჯვა და ბირჟაზე მდგომნი ადგილობრივები, გემრიელად გასილაქებულები ერთიანად მიწაზე აღმოჩნდნენ. მეორე დღეს კვლავ ზავი ჩამოვარდა. სოფლის ბიჭები მსახიობებთან ამოვიდნენ, ბოდიში მოიხადეს, პურ-მარილიც ამოიტანეს და შერიგების შემდეგ კარგადაც იქეიფეს.

 

“ნატვრის ხე” ეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა. წინასაპრემიერო ჩვენებაზე კინოსტუდიის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, რეზო ჩხეიძემ, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაპატიჟა. როცა ეკრანზე ოხროხინე მღვდლის ეპიზოდები გამოჩნდა, ბატონო რეზო შეიშმუშნა, უხერხულობისგან სად წასულიყო აღარ იცოდა. ფილმის დასრულების შემდეგ კი თავის მართლება დაიწყო, რა გვექნა, ნაწარმოებში ასეაო. პატრიარქმა სევდიანად გაიღიმა თურმე და უპასუხა, ფილმი არაჩვეულებრივია, ასეთი მღვდლები კი სამწუხაროდ მარტო ნაწარმოებში კი არა, ცხოვრებაშიც არიანო.

 

გუგული მგელაძის ფილმში “ფესვები” დოდო აბაშიძემ თავისი ბოლო როლი ითამაშა. სურათის პრემიერისას ის უკვე საავადმყოფოში იწვა. ბატონი გუგული მოგვიანებით იხსენებდა: “ ეპიზოდი, სადაც დოდო ტაქსში ზის და პარიზის ქუჩებში, შვილიშვილთან ერთად გურულ სიმღერას მღერის, კინაღამ ჩაიშალა, რადგან მსახიობმა განაცხადა, რომ ხშირი მოძრაობის გამო პარიზის ქუჩებში საჭესთან ვერ დაჯდებოდა. ეს მაშინ, როცა ჩვენი საფრანგეთში ცხოვრება უზარმაზარი თანხა ჯდებოდა. ერთი გამნათებელი გვყავდა, მივიდა დოდოსთან და ეუბნება: ჩვენ აქ სამშობლოსათვის ვიღებთ ფილმს და შენ რას გვიშვებიო., არა გრცხვენიაო? დოდომ მოუსმინა, დაჯდა ტაქსზე და წავიდა”.

 

 “რაჭა ჩემი სიყვარულის” გადაღებისას, ქალაქ ბრატისლავაში მიმავალმა ქართველმა მსახიობებმა ტელევიზორები წაიღეს გასაყიდად. ამ “სავაჭრო ოპერაციის” ერთ-ერთი “მონაწილე” გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა: “ პატარა ტელევიზორები გადისო, ვიღაცამ გვითხრა და მე, იპოლიტე ხვიჩიამ და დოდომ ვიყიდეთ. გავდივართ “ტამოჟნიაზე”, გვართმევენ. როგორც იყო გავიტანეთ. დიდი “ბარიგები” ვართ, რა. რამდენიმე დღეში მეუბნება იპოლიტე: არ გადის, ბიჭო, ტელევიზორები, არ ყიდულობენო. დოდომ და იპოლიტემ დასცხეს იქ ერთმანეთს. შენ რა მსახიობი ხარ, მე ყველა მიცნობს, შენზე მაგარი მსახიობი ვარო.

 

იპოლიტემ: აბაშიძეები გამყიდვლები ხართ, ხალხს ყიდდითო. შეხედა დოდომ, იპოლიტე სანაპიროზე დგას ტრუსიკ-მაიკით (რას ჰგავდა) და შენისთანას გავყიდიდით, აბა რას ვიზამდითო. მოკლედ როგორც იყო, გავყიდეთ ის ტელევიზორები და რა ვიყიდეთ–ორი ტრუსიკი, “ადიდასის” მაისური და წამოვედით. ხომ იცით, მაშინ ჩვენთან რა ხდებოდა. ეხლა ყველაფერია, მაგრამ ფული არ არის”.

 

თავის დროზე გადაღებებზე კურიოზი შეემთხვა ცნობილ ქართველ მომღერალს, ანსამბლ “ივერიის” სოლისტს, ბატონ თემურ წიკლაურსაც.

 

“ჩხიკვთა ქორწილის” გადაღებაზე ბარისახოში ავფრინდით. ვერტმფრენს უნდა დავკიდებოდი და ასე მოვლენოდი ტყეს ქორწილის დროს. გამამზადეს, კოსტიუმი ჩამაცვეს, გვირგვინი დამადგეს და უცებ აღმოჩნდა, რომ ვერტმფრენის კიბეზე მისამაგრებელი კარაბინი და ქამარი თბილისში დაგვრჩა. აუ, ატყდა ერთი ამბავი. უნდა ჩამოსულიყვნენ უკან, რაც დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული. ამ დროს გამოვაცხადე, არა უშავს, ხელით დავიმაგრებ თავს მეთქი. იუარეს ბევრი, მაგრამ ჩემი გავიტანე. ფანტასტიკურად გამოვიდა ყველაფერი.

 

20 წუთი ვიყავი ჰაერში ვერტმფრენზე გამოკიდებული. რომ დავამთავრეთ ყველაფერი და დავჯექით, აღმოჩნდა რომ მარჯვენა ხელი გამშეშებია. ისეთი ძალით ვიყავი თურმე კიბეს ჩაფრენილი, რომ კუნთებმა კანი დამიხეთქეს. სულ დასისხლული მქონდა ხელი. იცით, რა მოხდა ამის შემდეგ? აღმოჩნდა, რომ კამერის ფოკუსი გაუსწორებელი დარჩენია გადამღებ ჯგუფს და ჩემმა გარჯამ ამაოდ ჩაიარა. ფილმში ეს კადრები არ შესულა”.

 

შვეულმფრენზე გამახსენდა. მხატვრული სურათი “მიმინოს” ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ეპიზოდი, ვერტმფრენზე გამობმული “მფრინავი ძროხაა.” ეს სახალისო კადრები შემდეგნაირად გადაიღეს: ოთხფეხა “აქტიორი” ერთ-ერთ ადგილობრივ გლეხის ქალს სთხოვეს, სხვათა შორის ერთადერთს, რომელმაც ასეთი სახიფათო ტრიუკისათვის თუში “ფაქიზო” გაიმეტა.

 

სამწუხაროდ, თავდაპირველად ფილმის ოპერატორმა ძროხა სასტიკად დაიწუნა, რადგან თეთრი ფერის საქონელი ფრენისას ცის ფონზე საერთოდ იკარგებოდა. რა უნდა ექნათ? ვიღაცამ მოიფიქრა, მუქად შევღებოთო და ასეც მოიქცნენ. მალევე იშოვეს ერთი ვედრო საღებავი და ღია ფერის ბოჩოლა წამში ყავისფერი გახდა. ოღონდ გადაღებების შემდეგ ახალი პრობლემა გაჩნდა. ახლა უკვე საქონლის პატრონი აღარ იბრუნებდა ძროხას, ჩემი არ არისო.

 

ამის გამო გვარიანი სკანდალიც მოაწყო. ვიდრე ვიღაც ჭკვიანმა არ ასწავლა ჯგუფის წევრებს: ძროხა გაუშვით და თავის სახლს თვითონვე მიაგნებსო. ასეც მოიქცნენ. ჭკვიანმა პირუტყვმა ორ კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ ჭირვეულ პატრონს არ მიადგა. თანაც მარტო კი არა, მთელი გადამღები ჯგუფის თანხლებით, რადგან ყველას საშინლად აინტერესებდა, რით დასრულდებოდა ეს მარტივი, მაგრამ მრავლისმეტყველი ექსპერიმენტი.

 

მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს უშუალოდ გადაღებების დროს რაიმე  “ისტორია” თავს გადახდომია თუ არა არ ვიცით. სამაგიეროდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფილმი “ბაში–აჩუკში” მონაწილეობამ ერთ ცხოვრებისეულ ეპიზოდში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. უმჯობესია თავად ქალბატონ დოდოს მოვუსმინოთ:

 

“ – მოსკოვის აეროპორტში ვარ. თბილისის სალაროსთან გამოკრულია: “Нет билетов”. მოლარეს ვემუდარები, ერთი ბილეთი როგორმე აღმოაჩინოს, საღამოს სპექტაკლი მაქვს, რა ვქნა?! მაგრამ “Нет билетов. нет билетов”-თავჩაღუნულმა მიპასუხა. უცებ თავი ასწია და მეუბნება: “Ой  боже,  вы  чуки-муки?” მივხვდი, გახარებულმა ვუპასუხე:  “Да,  да  я   “Баши-ачуки” “. არ გავიდა ხუთი წუთი და აეროპორტის დარბაზში ხმა გაისმა – დოდო ჭიჭინაძე სალაროსთან გამოცხადდეს, დაჯავშნილი ბილეთის მისაღებადო (ვითომ დაჯავშნა მოიხსნა). ცკ-ს მდივნები ისხდნენ დარბაზში. ატყდა ერთი ამბავი: საიდან დაჯავშნა?! მივუახლოვდი და ვუთხარი: “ –Да,  исскуство  это-высше!”.