ჰარუ ბაშოზე მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-12 საშეჯიბრო დღეს პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა, ურთულესი ბრძოლა გამართა და მეტოქეს შიტატენაგეს ილეთით სძლია.
ტოჩინოშინმა იაპონელთან ბრძოლას წუთზე გაცილებით დიდი დრო მოანდომა და საბოლოოდ მისი დოჰიოდან გადაგდება მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევანის დღევანდელი მეტოქე ცუდ ფორმაშია და მას წლის მეორე სუპერტურნირზე მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს, გორგაძესთან ურთიერთშეხვედრებში კი 22 დაპირისპირებიდან 13 ჩვენებურის გამარჯვებით, 9 კი მარცხით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ტოჩის გაზაფხულის ბაშოზე 5 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 3 ორთაბრძოლა მოგებით უნდა დაასრულოს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-4 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელსაც აქამდე 3-ჯერ შეხვედრია და მინიმალური უპირატესობა აქვს - 2 მოგება და 1 წაგება.