ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ Sky Club-ში ისაუბრა, სადაც მას ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს. იტალიელმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ყოფილ კლუბზე, რომელიც მისი წასვლის შემდეგ კრიზისშია და დღითიდღე სიტუაცია უფრო უმძიმდება.
„იუვესთან“ დამშვიდობება ბუნებრივი იყო და სამწუხაროა, რომ „იუვემ“ „ბენევენტოსთან“ წააგო. მე ძალიან დაკავშირებული ვარ ამ გუნდთან. როგორც ვთქვით, ბუნებრივად დავშორდით, განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, მაგრამ თითქმის ყველაფერზე ადვილად შევთანხმდით. მართალია, არჩევანი პრეზიდენტმა გააკეთა, ანდრეასთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ლამაზი თამაში? „იუვემ“ უბრალოდ უნდა მოიგოს. არ ვიცოდი, რომ ჩემს შემდეგ სარის აირჩევდნენ. 5 წლის შემდეგ ძნელია იგივე მიზნების მიღწევა და ერთ-ერთი მოტივი იყო, რატომაც შემცვალეს. ბოლო სეზონში სკუდეტო 30 ტურში მოვიგეთ, მაგრამ მერე სეზონი „აიაქსთან“ მარცხით დავკარგეთ.
მომავალი? ჯერ კიდევ არაფერი ვიცი. იმედი მაქვს, ივნისში დავბრუნდები, რადგან მინდა სიამოვნება მივიღო. 3 წლის წინ „რეალი“ მიწვევდა და „იუვეს“ გამო უარი ვუთხარი, რადგან კლუბისთვის დარჩენის სიტყვა მქონდა მიცემული. შემდეგ კიდევ რამდენიმე წინადადებაზე ვთქვი უარი. დაბრუნება "იუვეში"? არ ვიცი, შეუძლებელია რამის თქმა, პირლო ძალიან კარგად მუშაობს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „რეალთან“ მარტივი მიზეზით წავაგეთ: რადგან მეტოქეზე ცუდად დავიცავით თავი. თუ დაცვაში ცუდად თამაშობ, ცხადია, გოლებს გაუშვებ. თამაშებს კარგი დაცვა იგებს, ეს სიმართლეა.
„იუვენტუსმა“ წელს მოიგო იტალიის სუპერთასი, იტალიის თასის ფინალშია და ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი შედეგი ყოველთვის მოსალოდნელია, „პორტუსთან“ არ გაუმართლა, მარცხი არ დაუმსახურებია. თუ იტალიის თასს მოიგებენ და ოთხეულში მოხვდებიან, სეზონი დადებითაც უნდა შეფასდეს. ახალწვეულები კარგად თამაშობენ, ფეხბურთელებს ხარისხი აქვთ და ნორმალურია, რომ გუნდის თვისებები იცვლება. „იუვემ“ ძველი სულისკვეთება უნდა აღიდგინოს.
როდესაც „პესკარაში“ ვთამაშობდი, ერთი რამ ვისწავლე, რასაც შემდეგ ყოველთვის ვიყენებდი: გამთამაშებელი ვიყავი და მწვრთნელმა მითხრა, რომ თუ კარგად თამაში მსურდა, უკან უნდა დამეხია, რადგან წინ ნაკლები სივრცეა. როდესაც დიბალა „იუვენტუსში“ გადმოვიდა, ვუთხარი, რომ ცენტრფორვარდად ვერ ითამაშებდა, მიუხედავად იმისა, რომ „პალერმოში“ ამ პოზიციაზე იყო. იქ ის მეტოქის კარიდან 50 მეტრის დაშორებით თამაშობდა და სივრცე ჰქონდა, მაგრამ „იუვეში“ ეს შეუძლებელია, ცენტრფორვარდი საჯარიმოში უნდა იყოს და პაულო ასე სირთულეებს გადააწყდებოდა. ამიტომ, მას გვერდით ცენტრფორვარდი დავუყენე და ჩემს ხელში ორი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსში“ 2014-2019 წლებში მუშაობდა და 5-ჯერ მოიგო იტალიის სერია A, ოთხჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი. ორჯერაც „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ტურინული გრანდიდან წასვლის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია.