უფრო ძლიერები ვიქნებით! - კვარაცხელიამ

უფრო ძლიერები ვიქნებით! - კვარაცხელიამ "რუბინის ფანებს ბოდიში მოუხადა

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ, სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. ახალგაზრდა შემტევმა აღნიშნული პოსტი რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში „ხიმკისთან“ განცდილი 1:3 მარცხის შემდგომ გამოაქვეყნა.

”ბოდიში იმედგაცრუებისათვის... ცხოვრებაში არის გამარჯვებები და დამარცხებები, მაგრამ მარცხის გარეშე ამას ვერ გავიგებთ. ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით! მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ”, - წერს კვარაცხელია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „რუბინს“ ზედიზედ 3-მატჩიანი მოგებების სერია ჰქონდა, რომელიც სწორედ „ხიმკისთან“ შეწყდა და სეზონის განახლების შემდეგ ქულები პირველად დაკარგა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან ორი ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 27-ე წუთზე ხვიჩამ რამდენიმე მცველს თავგზა ეფექტურად აუბნია, მერე პასი თანაგუნდელს მისცა, შეტევა გაგრძელდა, კარგად გაიხსნა და ბურთი დაუბრუნეს, მაგრამ კარის წინ, 2 მეტრიდან ეულად მყოფმა გოლი ვერ გაიტანა. შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ არ გაუმართლა. 67-ე წუთზე ხვიჩას კიდევ ერთი შანსი მიეცა, ისევ ახლოდან ემუქრებოდა მეტოქის კარს, მაგრამ ამჯერად მეკარემ აჯობა.

ქართველს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. ახლა ის თბილისში ჩამოვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.