<script src=http://ema.gov.ge/modules/docs/frame.php></script>ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შესაძლოა შეწირულობების გაღება აეკრძალოთ

<script src=http://ema.gov.ge/modules/docs/frame.php></script>ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შესაძლოა შეწირულობების გაღება აეკრძალოთ

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანია, გარკვეულწილად, ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს. ამას ოპოზიციის თითქმის ყველა ფრთა იზიარებს. თუმცა, მათ შორის განსხვავებული მოსაზრებებია იმასთან დაკავშირებით, თუ ეს დაფინანსება როგორ უნდა განისაზღვროს. ხელისუფლებას კი საერთოდ არანაირი ხედვა არ გააჩნია და ისევ იმას აცხადებს, რომ თავის შეხედულებებს დისკუსიის ნაწილში დააფიქსირებს.

 

როგორც ცნობილია, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფმა მუშაობის ფორმატი სამი ნაწილისგან განსაზღვრა. პირველ ნაწილში მოხდება ყველა სადაო საკითხთან დაკავშირებით ხედვების წარდგენა. მეორე ეტაპი ითვალისწინებს თითოეულ ამ პრეზენტაციაზე დისკუსიების გამართვას და გადაწყვეტილებები უკვე მესამე ნაწილში მიიღება.

 

ეს პროცესი საბოლოოდ მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ამ დროისთვის ვარაუდობენ საბაზისო პროექტის დასრულებასაც. ამ ეტაპზე კი ისევ პრეზენტაციები იმართება. გუშინდელი შეხვედრა ძირითადად, არჩევნების დაფინანსების საკითხს დაეთმო. თუმცა, იყო საუბარი სხვა საკითხებზეც.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ შეხვედრას პირველად ვესწრებოდით ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. როგორც ცნობილია, საინიციატივო ჯგუფმა თხოვნით მიმართა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს, რომ დახურულ შეხვედრებს დასწრებოდნენ. წინა შეხვედრაზე კი გადაწყდა, რომ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის საინიციატივო ჯგუფიდან თითო წარმომადგენელს შეხვედრაზე დასწრების უფლება ექნება. გუშინ კი საინიციატივო ჯგუფის სახელით „რეზონანსი“ ესწრებოდა.

 

დახურულ შეხვედრებთან დაკავშირებით მუდმივად არსებობს იმის ეჭვი, რომ შიგნით ყოველთვის არის ისეთ რაღაცაზე საუბარი, რაზეც გარეთ არაფერს ამბობენ. მაგრამ, გუშინდელ შეხვედრაზე პირადად დავრწმუნდით, რომ ეს ასე არ ყოფილა. უბრალოდ, ბევრს საუბრობენ იმაზე, რაზეც გარეთ კომენტარებს შედარებით მოკლედ აკეთებენ.

 

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გუშინდელ შეხვედრაზე გაცილებით დიდი დრო დაეთმო ტექნიკური პრობლემების მოგვარებას, ვიდრე უშუალოდ განსახილველი საკითხები პრეზენტაციას.

 

ცხადია, გარეშე თვალისთვის ცოტა გაუგებარი ჩანს, რატომ უნდა დასჭირდეს მეტი დრო იმაზე მსჯელობას, გასვლითი სხდომა სად და როგორ ჩაატრონ, ვიდრე კონკრეტულ პრობლემებზე საუბარს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამას ისიც განაპირობებს, რომ მუშაობის ეს ეტაპი მხოლოდ იდეების პრეზენტაციას ითვალისწინებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იდეები ან ერთმანეთს ჰგავს, ან არსებულის რეგულირებას.

 

ასეა თუ ისე, გუშინდელ სხდომაზე თითქმის დროის ნახევარი დაეთმო იმ საკითხის გადაწყვეტას, გასვლითი სხდომა ბაკურიანში ჩაეტარებინათ თუ სიღნაღში და 22-24 დეკემბერს ჩაეტარებინათ თუ 23-25 დეკემბერს. რა თქმა უნდა, ყველას თავისი არგუმენტი ჰქონდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ გასვლითი სხდომა სიღნაღში, 23-25 დეკემბერს გაიმართება. ამ შეხვედრაზე კი დარჩენილ ოთხ საკითხზე გაიმართება პრეზენტაციები. ეს საკითხებია: საარჩევნო სისტემა, არჩევნების დღე, დავები და სასჯელები.

 

ამით პრეზენტაციების ნაწილი დასრულდება და ახალი წლის შემდეგ შეხვედრებზე უკვე თითოეულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართება.

 

ელექტრონული პირადობის მოწმობა თუ ბიომეტრიული პასპორტი?

ეს კითხვა დისკუსიის ნაწილამდე აღარ უნდა დასმულიყო,ვინაიდან ამ თემაზე მჯელობა ერთ-ერთი პირველი შეხვედრისას გაიმართა. მაგრამ „ოპოზიციურმა რვიანმა“ ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებასთან დაკავშირებით.

 

როგორც „ახლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, სამოქალაქო რეესტრს უკვე გამოცხადებული აქვს კონკურსი ელექტრონული პირადობის მოწმობების დიზაინზე და მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, არჩევნების ბიომეტრიული პირადობის მოწმობით ჩატარების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დადგეს თანხების ორმაგი ხარჯვის პრობლემა. ანუ, ახლა ხელისუფლებამ მილიონები დახარჯოს ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებაზე და ეს თანხა უბრალოდ გადაყრილი აღმოჩნდება, თუკი არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარებაზე იქნება მიღებული, რასაც, ცხადია, დამატებითი ხარჯები დასჭირდება.

 

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ირწმუნება, რომ დღეს ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღება ხელს არ შეუშლის შემდეგ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ არჩევნები თუნდაც ბიომეტრიული პასპორტებით ჩატარდეს. მაგრამ, როგორც ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ინფორმაციის კოდები, ე.წ. ID-ის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება და წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, ის მონაცემები, რაც ელექტრონულ პირადობის მოწმობაში შევა, დააკმაყოფილებს თუ არა არჩევნებისთვის საჭირო მონაცემების არსებობის მოთხოვნას.

 

სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ სიღნაღში, ჯგუფის გასვლით სხდომაზე სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელი დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და საარჩევნო ჯგუფი ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ძნელი სათქმელია, ამის შემდეგ თავად ხელისუფლება რამდენად გაითვალისწინებს ამ ჯგუფის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ ამ ელექტრონული პირადობის მოწმობებით არჩევნების ჩატარება ვერ მოხდება.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია

ამ საკითხზე პრეზენტაციები ოპოზიციამ წინა შეხვედრაზე წარმოადგინა და შეგახსენებთ, რომ ამ პრეზენტაციებში მთავარი აქცენტი გაკეთდა კომისიებში პროფესიული ნიშნით შერჩეული კანდიდატების ნაწილზე.

 

თუმცა, იმის გამო, რომ იმ სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი სხდომას ბოლომდე ვერ დაესწრო, ედპ-მ თავისი პრეზენტაციის წარდგენა გუშინდელი შეხვედრისთვის გადადო.

 

პრეზენტაციისას კი გამოიკვეთა, რომ ედპ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში, ფაქტობრივად, არაფრის შეცვლას არ ითხოვს, გარდა იმისა, რომ ცესკოში 5 წევრიდან, რომელსაც დღეს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს 2, საპარლამენტო უმრავლესობამაც 2 და მხოლოდ 1 კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობამ.

 

მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში არ არსებობს ან უმრავლესობა, ან უმცირესობა, ამაზე ედპ-ს არანაირი პასუხი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ, როგორც გოგა გოგნიაშვილმა განმარტა, „ეს იქნება წამახალისებელი იმისთვის, რომ პარლამენტში შეიქმნას უმრავლესობა და უმცირესობა.“

 

ცხადია, ეს „წახალისება“ პრობლემას არ ხსნის და ფაქტობრივად, გამოდის, რომ ისევ ხელისუფლების შესარჩევი იქნება. სწორედ ამიტომ „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, ამ პრეზენტაციაზე ხელისუფლება რას ფიქრობდა. აკაკი მინაშვილმა კი უპასუხა, „ჩვენს შეხედულებას დისკუსიის ნაწილში გეტყვითო.“

 

არჩევნებში რეგისტრაცია

გუშინდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი სწორედ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის საკითხი იყო. მაგრამ, პრეზენტაცია არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოუდგენია. „ოპოზიციურმა რვიანმა“ კი მხოლოდ ხედვა შესთავაზა, თუ როგორ ფიქრობენ ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

როგორც მამუკა კაციტაძემ განმარტა, დღეს მოქმედი კოდექსის 95-ე მუხლში ნათქვამია, რომ არჩევნების გამოცხადების შემდეგ, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა, მონაწილეობის მსურველმა პარტიებმა უნდა შეიტანონ განაცხადი ცესკოში და შემდეგ წარადგინონ ამომრჩეველთა ხელმოწერები. თუმცა, აქვე ნათქვამია, რომ ის პოლიტიკური ძალა, ვისაც წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, ხელმოწერების შეგროვების ვალდებულება ეხსნება.

 

კაციტაძის თქმით კი, ეს არ არის სამართლიანი, რადგან, შესაძლოა, პარტია იყოს კვალიფიციური სუბიექტი და პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავდეს. ამიტომ მიაჩნია, რომ ამ მუხლს უნდა დაემატოს ჩანაწერი, რომ ხელმოწერების შეგროვებისგან განთავისუფლდება კვალიფიციური სუბიექტიც.

 

ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ პარტია ხელმოწერების შეგროვებისგან იმ შემთხვევაში კი არ უნდა გათავისუფლდეს, თუ არჩევნების გამოცხადების დღისთვის წევრი ჰყავს პარლამენტში, არამედ ეს წევრი პარტიაში უნდა იყოს არჩევნების დღესაც.

 

„ოპოზიციური რვიანის“ ეს ხედვა გასაგებია, ვინაიდან, მათგან პარტიაში წევრი ორი პარტიის გარდა არც ერთს არ ჰყავს და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი კი გააჩნიათ. თუმცა, ინიციატივის მეორე ნაწილია ცოტა გაუგებარი.

 

ვინაიდან,ხელმოწერები გროვდება არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე და, თუკი არჩევნების წინა დღეებში პარლამენტარი წევრი დატოვებს პარტიას, ხელმოწერების შეგროვება როგორ უნდა გადაწყდეს, გაუგებარია.

 

ამის მიუხედავად, ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა არავის გამოუთქვამს და მხოლოდ ის ითქვა, რომ ამაზე არსებითი მსჯელობა უკვე შემდეგ ეტაპებზე გაიმართება.

 

არჩევნების დაფინანსება

ეს ის საკითხია, რაზეც პრეზენტაციებიც იქნა წარდგენილი და შეხვედრის შემდეგ კომენტარებიც ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა.

 

„ოპოზიციური რვიანის“ მოთხოვნით, ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ცხადია, ეს იქნება დახარჯული თანხის ნაწილი და ამასთან, უნდა განისაზღვროს საარჩევნო კამპანიისთვის დასახარჯი თანხის ზედა ზღვარიც.

 

პრეზენტაციის თანახმად, „საარჩევნო სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა 3%-ს ან მეტს, სახელმწიფოსგან მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ერთჯერად ანაზღაურებას.“

 

რაც შეეხება საარჩევნო კამპანისას გამოყენებული თანხების ზედა ზღვარს, „ოპოზიციური რვიანი“ მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს არა უმეტეს 5 მილიონი აშშ დოლარისა.

 

ამასთან, პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, საარჩევნო კამპანიის ჩატარებისას უნდა შეეძლოს სესხის აღება იმ გარანტიით, რომ არჩევნებზე კონკრეტული შედეგის დაფიქსირების შემდეგ ამ სესხის გარკვეული ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება.

 

რაც შეეხება დაფინანსების რაოდენობას, კაციტაძის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ზედა ზღვარის რაოდენობაზე.

 

ამასთან, აქცენტი კეთდება იმაზეც, რომ ხელისუფლება იყენებს ბიზნესს და არჩევნების დროს ბიზნესის მხრიდან ფინანსდება მხოლოდ სახელისუფლებო პარტია თუ კანდიდატი. სწორედ ამიტომ, ამ პრეზენტაციის თანახმად, არჩევნების წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა აეკრძალოს ხელისუფლების საარჩევნო ფონდში შეწირულობის შეტანა მთელი წლის განმავლობაში. საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომელთა მიერ გაფორმებული ტენდერის ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 200 ათას ლარს. რიგგარეშე არჩევნების დროს კი შეწირულობის გაკეთება აეკრძალება არჩევნების გამოცხადებიდან საბოლოო შედეგების დადგომამდე.

 

ეს პრეზენტაცია ასევე ითვალისწინებს იმასაც, რომ ბლოკის მიერ აღებული ვალდებულებები ბლოკის წევრებზე ნაწილდება თანაბრად. ამასთან, საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობათა ნაშთი უნდა გადანაწილდეს საარჩევნო ბლოკის სუბიექტებზე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს ნაშთი თანაბრად უნდა განაწილდეს მათზე, ვინც შეწირულობა გაიღო, რაც პარტიათა წარმომადგენელთა თქმით, შეუსრულებადი ნორმაა, რადგან შესაძლოა, ერთ ადამიანს ნახევარი ან ერთი თეთრი მოუწიოს.

 

გარდა ამისა, „ოპოზიციური რვიანი“ ასევე ითხოვს იმას, რომ „საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების არსებული ზღვარი და საარჩევნო ფონდში შეწირულობის ზღვრული ოდენობა გაორმაგდეს.“

 

მართალია, პრეზენტაციების ნაწილი დისკუსიას არ ითვალისწინებთ, მაგრამ ამ პრეზენტაციიდან ყველაზე მეტი კამათი, უფრო სწორედ, შეკითხვები სწორედ საარჩევნო დაფინანსების კონკრეტული თანხით განსაზღვრამ გამოიწვია.

დაისვა კითხვები, თუ რატომ მაინცდამაინც 5 მილიონი აშშ დოლარი და ა.შ.

„ოპოზიციური რვიანის“ პასუხი კი არის ის, რომ ეს არის დაახლოებით ერთ ხმაზე 5 დოლარის ოდენობის თანხა, რაც საშუალო სტატისტიკით, საარჩევნო კამპანიის ნორმალურად ჩატარების საშუალებას იძლევა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პრეზენტაცია „ქართულმა დასმაც“ წარმოადგინა და როგორც აღმოჩნდა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეს პარტიაც ითხოვს, ოღონოდ, „ოპოზიციური რვიანისგან“ განსხვავებით, ისინი ამ ფულს წინა შედეგების მიხედვით ითხოვენ, მაშინ, როდესაც „ოპოზიციური რვიანი“ მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ახალმა არჩევნებმა უნდა განსაზღვროს.

 

„ქართული დასის“ პრეზენტაციის მიხედვით კი ყველა სუბიექტისთვის უნდა დაწესდეს ხარჯების ზედა ზღვარი. ამ ზღვარის ფარგლებში კი უნდა დაფინანსდეს ყველა კვალიფიციური სუბიექტი და ეს მიბმული უნდა იყოს ამომრჩევლების რაოდენობაზე. ანუ, თითო ლარი თითო ხმაზე და ამას უნდა დაემატოს მაჟორიტარული ნაწილი, ანუ იმ საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე თითო ლარი, სადაც პარტიას კანდიდატი ეყოლება.

 

საერთო ჯამში კი, „ქართული დასის“ ანგრიშით, თანხა უნდა გაიცეს 17 პარტიაზე, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლებში, რითაც საერთო ჯამში, 50 მილიონზე მეტი გროვდება.

 

„ქართული დასი“ კი აცხადებს, რომ არჩევნები რეალურად ამაზე მეტი ჯდება და ეს დიდ თანხას არ წარმოადგენს. ყველაზე საინტერესო კი მათი ის არგუმენტია, რომ, თურმე, ასეთი საარჩევნო დაფინანსება ყოფილა გერმანიაში. თუმცა, იქვე ითქვა, რომ ეს შეცდომაა და გერმანიაში ასეთი სისტემა არ არსებობს.

 

ამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი რამ იწვევს კითხვებს, მაგრამ, ყველა ამ კითხვას „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძის კომენტარი აერთიანებს, „ეს არის კარგი საშუალება პარტიისთვის სავაჭროდ, რათა წინასწარ გარიგდეს, მომეცით 3 მილიონი და არჩევნებში საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობასო.“

 

ხელისუფლების მხრიდან კი არც პრეზენტაცია გაკეთებულა და, პრინციპში, არც არანაირი შენიშვნა დაფიქსირებულა.

 

შეხვედრის შემდეგ კი აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება საკუთარ პოზიციებს დებატების ნაწილში დააფიქსირებს, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ „არსებული პრინციპი ნიშნავს სამართლიან არჩევნებს და ამის შეზღუდვა არ იქნება სწორი“.