3 საათში კი საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს. ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე თამაშია. ბულგარეთთან მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა.
„აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით. ყოველთვის გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და შინაგანი ძალის. არასდროს ვჩერდებით დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს გულშემატკივარს და თამაში გამარჯვებით დავასრულოთ. ეს ვერ მოვახერხეთ თურქეთთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ იგივე შემართებით ვითამაშებთ, ერთიანობით ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
საქართველო - ბულგარეთის მატჩი დინამო არენაზე დღეს, 17:00 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდმა E ჯგუფში გამოსვლა თურქეთთან 2:3 მარცხით დაიწყო, ხოლო ბულგარეთმა ესპანეთთან 0:3 წააგო. ორივე გუნდი პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.