საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, მესამე შეხვედრას 20 მარტს რუსეთის წინააღმდეგ კალინინგრადში გამართავს. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდი იქნება, რომელიც გასული წლის მიწურულს, ბორჯღალოსანთა ორ მატჩზე გვერდით მსაჯად იყო დანიშნული. მან ირლანდიასთან და ფიჯისთან გვიმსაჯა. მას კიდეებიდან ბოტინო და ფრანკო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ლიპერინი იქნება.
ბორჯღალოსნებმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი და 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი პორტუგალიასთან გამარჯვებით დაიწყეს და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც ჩაიწერეს, რის შემდეგაც ესპანეთის ნაკრებსაც სძლიეს და 9 ქულით, პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.