ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას მასტერსზე ტრიუმფის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო ATP-ის რეიტინგში პროგრესი განიცადა, მაგრამ იმაზე უკეთესი, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
29 წლის ჩოგბურთელს რეიტინგში 1 645 ქულა აქვს და ერთბაშად 6 პოზიციით დაწინაურდა. ნიკოლოზი დოჰას ტურნირამდე 42-ე პოზიციას იკავებდა, დღეს განახლებული რეიტინგით კი 36-ე ადგილზეა. მანამდე, ლაივ რეიტინგში ბასილაშვილს 5 პოზიციით პროგრესს უწინასწარმეტყველებდნენ.
შეგახსენებთ, დოჰაში ნიკოლოზმა შესანიშნავი გზა განვლო და ავსტრალიელი ჯონ მილმანი (2:6, 6:4, 6:2), ტუნისელი მალეკ ჯაზირი (6:2, 6:2), თვით ლეგენდა, როჯერ ფედერერი (3:6, 6:1, 7:5), ამერიკელი ტეილორ ფრიტცი (7:6, 6:1) და ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი (7:6, 6:2) დაამარცხა. რა თქმა უნდა, ტიტულის გარდა, ეს ტურნირი ისტორიას იმითაც შემორჩება, რომ ნიკოლოზმა ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი დაამარცხა და ისტორია დაწერა.
აქვე გეტყვით, ბასილაშვილმა კარიერაში მეექვსე ფინალი ითამაშა. 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, კუტცბუელსა და მემფისში დამარცხდა, ხოლო მას შემდეგ მიჯრით ოთხი ფინალი მოიგო - ორჯერ ჰამბურგში (2018, 2019), პეკინსა (2018) და დოჰაში (2021).
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მეორე წრიდან ჩაერთვება გათამაშებაში და მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იქნება, რომელსაც დოჰაში ნახევარფინალში აჯობა.