საზარელი მკვლელობა  ოზურგეთში

საზარელი მკვლელობა ოზურგეთში

15 დეკემბერს, დახლოებით საღამოს 10 საათზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ტრაგედია დატრიალდა. მამაკაცმა მამა-შვილი თეოდორ და ირაკლი ხურციძეები ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში ჩაცხრილა. დაიჭრა ხურციძეების რძალი ქეთი აშუბა და 10 თვის გიორგი ხურციძე. აშუბა თვენახევრის ფეხმძიმეა. ექიმების განმარტებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სტაბულურია 10 თვის  გიორგის მდგომარეობაც, რომელსაც მედიკოსების თქმით ასხლეტილი  ტყვია წვივის არეში მოხდა.

 

პრესა.გე-სთან საუბრისას  ქეთი აშუბა მომხდარი ფაქტის დეტალებს ვერ იხსნებეს და როგორც ამბობს, მხოლოდ გასროლის ხმა ახსოვს. დეტალებზე არც აშუბას დედ-მამა საუბრობს.

 

„დაგვირეკეს თქვენი შვილი დაჭრილიაო. აქ მოსვლის შემდეგ გავიგე რომ ჩემი სიძე და მძახალი გარდაცვლილი იყო. ვერ გეტყვით რა და როგორ მოხდა, მომხდარით გაოგნებულები ვართ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემების ან ვინმეს მუქარის შესახებ ჩვენთვის არაფერი არ არის ცნობილი“ – თქვა ჩვენთან საუბრისას ვახო აშუბამ.

 

როდესაც თავდამსხმელი ხურციძეების სახლში შევიდა იქ ორი მეზობელი იმყოფებოდა, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაკვითხაზე იმყოფებოდნენ.

 

პრესა.გე-სთან საუბრისას თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსნებენ და ამბობენ რომ თავიდან ყველაფერი ხუმრობა ეგონათ:

 

„ოთახში რომ ნიღბიანი ადამიანი შემოვიდა, გვეგონა ხუმრობდა და ნებისმიერ წამს აიხდიდა ნიღაბს. ირაკლი სამზარეულოში იყო გასული და აქ ვარო ოთახიდან გამოსძახა. ყველაფერი წამებში მოხდა, თავდამსხმელმა კარები გააღო და ირაკლის რამდენიმეჯერ ესროლა“, – გვითხრა ერთმა თვითმხილველმა, რომელთა ვინაობას ჩვენ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ.

 

„თეოდორი დერეფანში იყო და ხელში გიორგი ეჭირა. სროლის ხმის გაგონებაზე ქეთი გარეთ გავარდა და მამამთილს პატარა ხელიდან გამოგლიჯა. სწორედ ამ დროს ესროლეს ოჯახის უფროსს“, – აღნიშნა მეორემ მოწმემ.

 

მათი თქმით გიორგის გადარჩენა დედამ მოახერხა: „ქეთის რომ თეოდორისთვის ბავშვი ხელიდან არ გამოერთმია და ეზოსკენ არ გაქცეულიყო, ალბათ, პატარაც დაიღუპებოდა. ქეთის და გიორგის თეოდორისთვის გამიზნული ასხლეტილი ტყვია აქვთ მოხვედრილი“.

 

როგორც გავარკვიეთ გამოძიება რამდნიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი მთავარი კი შურისძიებაა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ხურციძეების ოჯახზე შური თანასოფლელმა, პოლიციის მიერ ძებნილმა დ. ქადეიშვილმა იძია. როგორც გვითხრეს ქადეიშვილი გარკვეული დროის განმავლობაში ხურციძეების ოჯახს აფარებდა თავს, სადაც პოლიციამ მიაგნო. მაშინ ქადეიშვილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა როგორც ამბობენ, მას შემდეგ ეჭვობდა რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავებს ირაკლი ხურციძემ აცნობა და სწორედ ეს გახდა შურისძიების მიზეზი.

 

არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც ხურციძეების ოჯახზე შურისძიება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ ვერსიას ის ამყარებს, რომ 5 წლის წინ, თბილისში, ბინაში ტყვიით გარდაცვლილი იპოვეს ირაკლი ხურციძის ძმა და დედა. გამოძიების  მიერ დადგინდა. რომ ბიჭს იარაღი წმენდისას გაუვარდა და დედა შემოაკვდა, რის შემდეგადაც თავი მოიკლა. თუმცა, 15 დეკემბერს მომხდარი ამ საზარელი ფაქტის შემდეგ 5 წლის წინადელი ოფიციალური დასკვნის აღარ სჯერათ ხურციძეების ახლობლებს, რომლებიც პრესა.გესთან საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ ოჯახი დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული, კარგად ორგანიზებული შურისძიების მსხვერპლი გახდა.

 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ამ დრომდე ძალოვან უწყებას მომხდაზე კომენტარი არ გაუკეთებია.