არა მარტო რუსეთი და ნაურუ, სეპარატისტმა ჩინოვნიკებმა ლამისაა ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები დაამყარონ. ესპანელი ბიზნესმენები აფხაზეთში ინვესტიციების დასაბანდებლად ჩავიდნენ. შვეიცარიაში კი სოხუმის რეჟიმის წარმომადგენლებმა ამ ქვეყნის პარლამენტში საქმიანი ვიზიტები გაახერხეს.
ესპანელ ბიზნესმენებს აფხაზეთში ინვესტირება სურთ. სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, რომ ესპანელი ბიზესმენები ხოზე სალო და ხორდი პუხადესი სოხუმის რეჟიმის პრემიერმა სერგეი შამბამ მიიღო. მათ აფხაზეთში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენების საკითხი განიხილეს.
პუხადესის განცხადებით, მისი პროექტი ნაგვის გადამუშავების სრული ციკლის მქონე ქარხნის აშენებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ამგვარი ქარხანა ბარსელონაში მუშაობს და ეკოლოგიური ნორმებს შეესაბამება.
შამბამ პუხადესის პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დე-ფაქტო მთავრობაში რამდენიმე მსგავსი წინადადება უკვე შევიდა. მისი თქმით, სოხუმის დე-ფაქტო მთავრობის მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური მიზანშეწონილობაა.
“მთავრობას სურს, ამ საკითხზე სრულფასოვანი მოლაპარაკებები მაქსიმალურად მალე დაიწყოს”, - განაცხადა შამბამ.
ესპანელმა სტუმრებმა კი განაცხადეს, რომ აფხაზეთში საჭირო ინფორმაციის მოძიების შემდეგ, სრულ ბიზნესპროექტს წარადგენენ. მათ ასევე გამოთქვეს სოფლის მეურნეობაში და მეფრინველეობაში ინვესტირების სურვილი.
ხოზე სალოს და ხორდი პუხადესის შესახებ, რომლებსაც აფხაზური მედია ბიზნესმენებად ასახელებს, ინტერნეტსივრცეში შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. თუმცა, ეს ხელს არ უშლით მათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებლ ნაწილზე საინვესტიციო პროექტების მიზანშეწონილობა განიხილონ.
თუმცა, ეს კიდევ არაფერი. თუკი ევროკავშირელი ბიზნესმენები კერძო ინიციატივებით ჩადიან აფხაზეთში, სოხუმის რეჟიმი მოხელეები იქეთ სტუმრობენ ევროკავშირის ქვეყნებს და ღია მოლაპარაკებებს აწარმოებენ “ქვეყნებს შორის ურთიერთობის” განსავითარებლად.
მაგალითად, სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. იგი ამ ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს ოსკარ ფრეიზინგერს, კრისტოფ მიორგელს, ფელიქს მიურისა და ევეტ ესტერმანს შეხვდა.
”განვიხილეთ აფხაზეთისა და შვეიცარიის თანამშრომლობის პერსპექტივები. დეპუტატებმა ძალიან დადებითად მიიღეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების ინიციატივა. კერძოდ, პოლიტიკური და ეკონომიკური იდენტურობის შენარჩუნების საკითხებში”, - განაცხადა ღვინჯიამ.
მისივე თქმით, ბერნში ყოფნისას ასევე შეხვდა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათთან აფხაზეთში სამთოსათხილამურო კურორტების განვითარებაში ინვესტირების საკითხი განიხილა.
ღვინჯია ასევე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ციურიხში შვეიცარია-აფხაზეთის სავაჭრო პალატა გაიხსნება.
სეპარატისტული ”წარმატებების” ფონზე საქართველოს ხელისუფლება თევზივით დუმილს ამჯობინებს. არცერთ ზემოთაღნიშნულ ვოიაჟებთან დაკავშირებით, უბრალო პროტესტიც კი არ გამოუთქვამს.