„ღიმილის მომგვრელია განადგურებაზე საუბარი, ვთქვათ, განადგურდა, რას უშვებიან ასლებს? - ციფრული მასალის ასლის გაკეთებას 15 წუთი უნდა“

„ღიმილის მომგვრელია განადგურებაზე საუბარი, ვთქვათ, განადგურდა, რას უშვებიან ასლებს? - ციფრული მასალის ასლის გაკეთებას 15 წუთი უნდა“

ლადო ბენდიანიშვილი, რომელიც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ბენდიანიშვილი აცხადებს, მაშინ 15–16 წლის იყო და კომენტარი, რომელიც ბერა ივანიშვილის რომელიღაც პოსტზე დაწერა ნამდვილად არასასიამოვნო იყო. მისი თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ მასთან ოჯახში მივიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც განუცხადეს, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას. ბენდიანიშვილი წერს, რომ მას ძალიან ზრდილობიანად სთხოვეს, თავი შეეკავებინა კომენტარებისგან, რომელიც მუქარად შეიძლებოდა აღქმულიყო.

„ვწერ „ტვ პირველზე“ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით. გუშინწინ ჩვენთან იყვნენ მოსული ჟურნალისტები და გვეკითხებოდნენ დასჯასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ის, რაც ჯერ კიდევ 2011 წელს დავპოსტე. მაშინ ვიყავი 15–16 წლის, ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა, რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო.

რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას, რაზეც ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია“, – წერს ლადო ბენდიანიშვილი.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნულ დისკრედიტაციაზე საუბრობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, რომლის განცხადებით, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებაა.

„თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო ამ დროისთვის საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართული საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს დადის კარდაკარ და ქუჩა–ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას მე იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. ქართულმა საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს ბრალდება.

თუმცა ჩემთვის გასაოცარია ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი. გასაგებია, რომ ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია, როგორმე მოსდონ ჩირქი და თუნდაც ერთსაათიანი ტყუილებით დასდონ მათ რაიმე, თუნდაც აბსურდული ბრალი“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

„ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ეს არის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. დიდი ხნის ნამუშევარია, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. როგორც მმართველი გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან.

„ერთ–ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010–2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდ“–ის მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ.

ისინი სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები.

„მთელმა მსოფლიომ იცის, რას ნიშნავს ყვითელი პრესა. სამწუხაროდ, საქართველოში გამოიკვეთა წითელი პრესის კონტურები და ნიშნები, სადაც ძველი საბჭოთა „კაგებეშნიკური“ მეთოდებით, ინახავენ წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა ჩანაწერს, შემდეგ ამონტაჟებენ, ჩეხავენ, კრავენ, აკეთებენ ფაბრიკაციას საინფორმაციო–ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით. ეს არის საინფორმაციო ტერორიზმი, განხორციელებული წითელი პრესის მიერ და მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ძალიან სამწუხაროა.

ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ამ წითელ ხაზებს მიღმა, „კაგებეშნიკური“ მეთოდების გამორიცხვით და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნით, რაღაც საკითხზე მაინც, შევძლოთ, რომ ყველამ ერთად დავგმოთ ფაბრიკაციები, ფარული ჩანაწერები და ამით ადამიანების დისკრედიტაცია. ეს უნდა ჩავაბაროთ რამენაირად წარსულს, რომელ მხარესაც რა პოლიტიკური მიზნებიც არ უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიცამ ახალი მოთხოვა გააჟღერა – გადადგეს პრემიერ–მინისტრი. ხატია დეკანოიძის განცხადებით, კრიმინალურ მმართველობას მორალური უფლებაც არ აქვს რაიმე კომპრომისის მოლოდინზე ისაუბროს.

„ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს! პლებისციტზეც აღარ არის უკვე საუბარი და ამ ვადამდელი არჩევნების შედეგად უნდა წავიდეს ეს კრიმინალური მმართველობა ხელისუფლებიდან - აი, ეს არის ჩვენი და მათ შორის, 6 – პუნქტიანი ჩარჩო-შეთანხმების გეგმაც. კრიმინალურ მმართველობას მორალური უფლებაც არ აქვს რაიმე კომპრომისის მოლოდინზე ისაუბროს და ზოგადად ძალიან უხერხულია, როდესაც ამხელა მძიმე მოვლენების შემდეგ ყველაფრის გამმართლებელი უმრავლესობის სახელით საუბრობს ბატონი მდინარაძე“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

სერგი კაპანაძის განცხადებით, პასუხისმგებლობის ერთადერთი სწორი ფორმა ამ სიტუაციაში არის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ამბობს, ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი არსებულ კრიზისს აღრმავებს.

„ელემენტარულია, მხოლოდ სრულიად გაკოტრებულ და ხალხის მოშიშარ ხელისუფლებას შეუძლია ამ სიტუაციაში ვერ დაინახოს, რომ არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია და მისი ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ აღრმავებს კრიზისს“, – ამბობს სერგი კაპანაძე.

„ლელოში“ თვლიან, რომ აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს. კახა კოჟორიძე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს, რადგან აღნიშნულს ამბობს საქართველოს კანონმდებლობა. ამასთან, კოჟორიძე მიიჩნევს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თანამდებობა უნდა დატოვონ ირაკლი ღარიბაშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ.

„გვინდა, რომ ჩიხური სიტუაცია გადავიდეს მოლაპარაკების პროცესში და სახელმწიფომ ნახოს სწორი გამოსავალი. ამავე დროს, ამ მოლაპარაკების ინტერესებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, აუცილებელია, ბატონი ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს, ვინაიდან, მისი მონაწილეობა გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის – მოლაპარაკების დისკრედიტაციას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაიწყო, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გამოძიება მიმდინარეობდეს არის თუ არა პრემიერ–მინისტრი მძიმე დანაშაულში გარეული, თან პრემიერ–მინისტრი მონაწილეობდეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში და ღებულობდეს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების სიზუსტეში დარწმუნებული არ არის პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პოლიტიკური სარგებელის თვალსაზრისით თუ ვიკითხავთ ვის აწყობს – ბუნებრივია, აწყობს მეორე პოლიტიკურ მხარეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას მთლიანობაში. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნაციონალებს თან მოსდევთ ტრადიცია, უზარმარზარი არქივი ვნახეთ ჩამარხული სამეგრელოში. საყვარელიძის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი არის თუ არა ფეიკნიუსი, ამას საგამოძიებო დასკვნა სჭირდება.

„არა იმიტომ, რომ დადასტურდეს, სიმართლე არის თუ არა. თავისთავად ასე ფარული ჩანაწერების გავრცელება, მით უმეტეს, როცა პირად საუბარს ეხება იგი, პირადი ცხოვრება და პირადი საუბარი კი ერთი და იგივე მოვლენაა, ეს ითხოვს გამოძიებას და დაზუსტებას, ხელოვნურად გაკეთებული მასალაა თუ არა. ასევე, გამოსაძიებელია, საიდან წარმოდგება? ვინ დადო? რატომ დადო? იგივე საკითხები, რაც ისმოდა ყველა ადრინდელ შემთხვევაზე, ახლაც ისმის - მაშინაც ატეხეს არასამთავრობოებმა, განადგურდეს და განადგურდესო - ღიმილის მომგვრელი იყო. ნებისმიერი მასალის, მათ შორის ციფრული მასალის ასლის გაკეთებას 15 წუთი უნდა.

ვთქვათ განადგურდა, რას უშვებიან იმ ნაწილს, რომელიც ასევე კოპირებული აქვს ვიღაცას და მუშაობს ამ კოპირებულით? შეიძლება იყოს რაღაც მასალა, გააჩნია, როდინდელია ის საცავი, რომელიც სამეგრელოში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ივანიშვილი დაიძრა პოლიტიკისკენ, ნაციონალებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გახდა მასზე და მის გარემოცვაზე შეგროვებულიყო მასალები, მით უმეტეს, გაცილებით ნაკლებად სახიფათო ხალხზე გროვდებოდა მასალები. ნებისმიერი მასალიდან მონტაჟით ყველაფერი შეიძლება ათქმევინო ნებისმიერ მხარეს. ამ მხრივ ფეიკის გაკეთების უზარმაზარი შესაძლებლობებია გაშლილი“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი რუსუდან თევზაძე ამბობს, რომ 9 წელი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, შესაბამისად, აუცილებელი იყო რეჟიმის გასამართლება, რადგან რეჟიმის გასამართლება და აკრძალვა დაშვებული თემაა.

„სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო. ეს არ მოხდა. ავირჩიეთ მაღალი კლასის და რანგის დემოკრატია – შედგა კოჰაბიტაცია. მერე დავინახეთ ის, რომ ყოველგვარ ზღვარს გადავიდა ოპოზიცია. გაუგონარი ქმედებები, ნაბიჯები, დესტრუქცია – ასე არ იქცევა არავინ. ასე როდემდე შეიძლება ქუჩა–ქუჩა სიარული. არის გეოგრაფიული ლოკაცია – პარლამენტი, სადაც შეიძლება სამართლებრივ ჩარჩოში გადაიტანო კრიტიკა, რეკომენდაცია და იქ იმოქმედო.

ჰუმანურ ხელსიუფლებასთან გვაქვს საქმე და სწორედ ამიტომ გამოვიდა ის, რაც გამოვიდა – კოაბიტაცია, რომელიც მე არ მომწონს. რატომ ღარიბაშვილი? – იმიტომ, რომ ძალიან მკაფიოდ გამოხატავს თავის ობიექტურ დამოკიდებულებას ნაციონალების მიმართ და ასეთია საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებაც.

ის, რაც ვნახეთ, ამ ყველაფერის პოლიტიკურ კონტენტს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივად დასჯადია, დანაშაულებრივ მარცვალს შეიცავს. საინტერესოა, მარტო მათ როგორ უვარდებათ ასეთი დანაშაულებრივი მასალა ხელთ? როგორ? რანაირად? აუცილებელია დაიწყოს გამოძიება. არ შეიძლება გატარება ისე, რომ არაფერი მომხდარა. აუცილებელია რეაგირება, ამის საჭიროება დგას“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რუსუდან თევზაძე.

პოლიტოლოგ გურამ ნიკოლაიშვილის განცხადებით, იმ კამპანიის მონაწილეები, რომლებიც წლების წინ ფარული ჩანაწერების გაზიარების გამო საზოგადოებას აკრიტიკებდნენ, დღეს დგანან და სხვადასხვა კონტექსტით იგივენაირად ავრცელებენ ყალბ ჩანაწერს. როგორც ნიკოლაშვილი აცხადებს, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და ამ ომში ყველა ეს ადამიანი, არის მხარე.

„მხოლოდ ნაწყვეტი ვნახე. 24 საათია ტრიალებს და, რა თქმა უნდა, ამ ფორმით ამის ჩვენება ემსახურება საზოგადოებრივი აზრის შექმნას იმ ფორმით, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ. უბრალოდ, ეს ჟურნალისტი, ავტორი, რომელიც ასეთი ფაბრიკაციებით არის განთქმული, სხვა რამეს ვერ აკეთებს. ის რაღაცა ჩანაწერებს, რაღაცა ფრაზებს შემდეგ აძლევს განმარტებას. ბავშვი სახლში ყვება სკოლის ამბებს, ეს არის გადმოთარგმნილი, რომ ეს ხდება აქ და, რომ ეს არის ვიღაცის დატერორება, განადგურება და აი, ამ შეფასებით ავრცელებენ.

მიხელ სააკაშვილის აპალოგეტების, მისი მედია–პროკურორის, ნიკა გვარამიას და პრესა.გე–ს რედაქტორის სტატუსი ვნახე, ესენი ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, მათ საბოლოო ჯამში დაადასტურეს რა სურთ - რა პლებისციტი ხალხო, ნახეთ სად ვცხოვრობთ, ვინ გვმართავს. ანუ, მიზანი იყო სწორედ ეს. მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს ერთადერთი რამ – ეს არის რევანში და ძალაუფლების დაბრუნება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გურამ ნიკოლაიშვილი.

ზაზა სირებო, ადრესატი გამოვიდა და თქვა, 2013 წელში მიქნეს ეს ამბავიო. რა არის აქ დაუჯერებელი თქვე ყლეებო. იმის თუ გჯერათ რომ ღარიბაშვილის სიმამრი ნარკოკარტელი იყო?
3 წლის უკან
kolxi ვიდრე ნაცსექტა იარსებებს არ იქნება ჩვენი ქვეყნის საშველი, ესენი არიან ყველამაირ საზიზღრობაზე და სიბინძურეზე წამსვლელი ხალხი, უნდა მიეზღოთ მათ რაც დაიმსახურეს!!!
3 წლის უკან