ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ პლებისციტზე დათანხმება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კრიტიკულად შეაფასა, მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას სააკაშვილი არ იღებს და შესაბამისად მისი მოსაზრებები ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
პარტია „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ისევე როგორც სხვა დროს ახლაც პრინციპულად არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ პლებისციტი არსებული მდგომარეობიდან სწორი გამოსავალია.
„სააკაშვილის განცხადებას პრინციპულად არ ვეთანხმები, ისევე როგორც ბევრ რამეში არ ვეთანხმები მას. მინდა გითხრათ, რომ ბევრი ეთანხმება პლებისციტის ჩატარებას, ეს არის შექმნილი მდგომარეობიდან მშვიდობიანი და სწორი გამოსავალი. ვეკითხებით ხალხს, რისკის ქვეშ კი არ ვაყენებთ. ახლა ნარატივი რომ აქვთ, ვიდრე ოპოზიცია არ მოიგებს, მანამ უნდა ვატაროთ არჩევნებიო?! არა ბატონებო, თუ ამომრჩეველი იტყვის, რომ არ გვჭირდება არჩევნები და კარგად ვცხოვრობთო, მაშინ ამ სისტემაში დავრჩებით. ლაპარაკია ერთი ფურცლის, ერთი ბიულეტენის დამატებაზე, ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებზე და ამომრჩეველს ვკითხოთ, გვინდა თუ არა გადატვირთვა და დემოკრატიულ სისტემაზე, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. თუ ამომრჩეველი დაეთანხმება, მაშინ ის ჩატარდება 2022 წელს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველთან".
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს, არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება, - ასე კი „მოქალაქეების" წევრი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან რიტორიკა შეცვლილია და სურვილის შემთხვევაში შეთანხმება მიირწევა.
„კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციონერი და „ევროპული საქართვერლოს" ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია ფეისბუქზე წერს: „არაფერს დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება. დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს".
ოპოზიციაში პლებისციტის საკითხზე დაწყებულ კამათზე საკუთარი აზრი „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ფეისბუქით დააფიქსირა, ვადამდელ არცევნებამდე მისასვლელი რაიმე გზის დაბლოკვა საქმეს არ წაადგება.
„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, როდესაც საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შედგება თუ არა მიშელის ინიცირებული მედიაციის პროცესი, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა. საქმეს არაფერში გამოადგება. ასევე, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მოლაპარაკებების პროცესში, წარმატების გარანტიაა. წარმატება კი, პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზის შეთანხმება იქნება, მათ შორის საარჩევნო რეფორმისაც", - წერს სამადაშვილი.
სამადაშვილის თანაგუნდელი ზაალ უდუმაშვილი კი განსხვავებული მოსაზრებისაა, მას მიაჩნია, რომ რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა აზრს კარგავს.
რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა კიდევ უფრო კარგავს აზრს, პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ფაქტია", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
პლებისციტზე დაწყებულ კამათზე აზრი მმართველ გუნდშიც დააფიქსირეს, „ქართული ოცნების" წევრის სოზარ სუბარის თქმით, გაუგებარია, თუ ოპოზიციონერები სააკაშვილის გავლენის ქვეშ რატომ ექცევიან.
„პლებისციტის იდეა ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ოპოზიცია რატომ არ ითხოვს და რატომ ვერ ყალიბდებიან, რა უნდათ არ ვიცი. მათი მოთხოვნები მუდმივად იცვლება, თუ მართლა არის ვიღაც, ვისაც მიაჩნია, რომ პლებისციტი კარგია, რატომ არ რჩებიან ამ აზრზე ბოლომდე და რატომ ექცევიან მაინცდამაინც იმ გავლენის ქვეშ, რას იტყვის სააკაშვილი, ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.