ნამახვენჰესის მშენებლობაც ჩიხში შევიდა, ხელისუფლება კი გამოფხიზლებას ახლა იწყებს

ნამახვენჰესის მშენებლობაც ჩიხში შევიდა, ხელისუფლება კი გამოფხიზლებას ახლა იწყებს

ნამახვენჰესის პროექტი უკვე იმდენად ჩიხშია შესული, რომ მთავრობა გამოსავალს ვერ პოულობს. პარალელურად პრობლემები მძლავრობს ენერგეტიკაში, სადაც უკვე ვერც ერთი მშენებლობა ვეღარ ხორცილდება და ელექტრონერგიის დეფიციტი კი სწრაფად იზრდება.

მთავრობის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილობრივებთან მეტი კავშირი დაამყარონ.

„2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ მოიმატა ელექტროენერგიის მოხმარებამ, რადგან იზრდება ეკონომიკა, მოხმარება და ბუნებრივია, ამას სჭირდება ელექტროენერგიის დამატებითი წყარო. 2019 წელს ჩვენ 1 მლრდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი განვახორციელეთ და ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

„ნამახვანჰესი“, რომელიც, გარდა იმისა, რომ 800-მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ალბათ, მეტი კომუნიკაცია გვმართებს არა მხოლოდ ადგილობრივებთან... 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება მუდმივად“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. დეპუტატი ირწმუნება, რომ გარემოსდაცვითი საკითხები სრულად არის გათვალისწინებული და ჰესის მშენებლობის ნებართვაც ასე გაიცა.

მოსახლეობასთან კომუნიკაციის საჭიროებაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი. როგორც ბექა დავითულიანი აცხადებს, მთავარია, ხელისუფლებამ მოსახლეობას ჰესების არსებობის დადებითი მხარეები კარგად აუხსნას და ასევე, არსებობდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, რათა რისკები იყოს დაზღვეული.

„ნამახვანჰესზე“ თუ სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ და სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც 3,5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ „ნამახვანჰესის“ ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას.

შეიძლება კონტრაქტორებთან საუბარი, რომ პირობაში ჩაიდოს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც შეღავათები ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა აიღოს გარანტია მშენებლობის ხარისხზე, რომ ამ თვალსაზრისითაც არავის ეჭვი არ ეპარებოდეს და ყველა რეკომენდაცია, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშია მოყვანილი, უნდა იყოს აბსოლუტურად სწორად გათვალისწინებული, რადგან ჩვენ ხომ მტრები არ ვართ ამ ქვეყნის? პირიქით, გვინდა, რომ სიკეთე გავუკეთოთ ქვეყანას და ენერგოდამოუკიდებლობა შევძინოთ, ინვესტიცია მოვიზიდოთ.

მთავარია, კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, რა ხდება, გვქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე, ყველა რისკისგან დავაზღვიოთ. ადამიანებისთვის ჰესის მშენებლობა უნდა იყოს არა პრობლემა და პროტესტის მიზეზი, არამედ - განვითარებისა და უკეთესი მომავლის შანსი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

ჰესის მშენებლობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება, როგორებიც არის ქვეყნის ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოება. ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ამბობს, რომ ჭარბი ელექტროენერგია უკვე ზაფხულშიც კი აღარ გვაქვს. წლიურ ჭრილში კი საშინელი დეფიციტია.

„ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ზაფხულში ყოველთვის ჭარბი იყო საქართველოში ენერგია. ბოლო წლებში, პანდემიამდე, ზაფხულში ენერგიის სიჭარბე აღარ იყო, ისე იყო გაზრდილი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე“, - განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ მსგავსი პროქტების განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს.

თუმცა ასე სულაც აქ ფიქრობენ ადგილობრივები. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც სამოქალაქო აქტივისტი სოფელ ტვიშიდან, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, გარდა ეკოლოგიურ რისკებთან დაკავშირებული პროტესტისა, მათთვის მიუღებელია კაბალური პირობები, რომლებიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ხელისუფლებასთან დადებული ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.

„ჩვენ ვამბობთ, რომ არ მივდივართ ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მაგრამ არსებული პირობებით ჰესის მშენებლობას არ დავუშვებთ. საუბარია, რომ რიონის ხეობაში დაგეგმილ კონკრეტულ პროექტებს არ გააჩნია დასაბუთება და სწორი მიზნობრიობა. ძირითადი არგუმენტი, რომ ენერგეტიკის დეფიციტს განიცდის ქვეყანა და ჰესები უნდა ვაშენოთ, გასაგებია, თუმცა ხელშეკრულებაში, რომელიც ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა, ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, ვალდებულებას იღებს სახელმწიფო, რომ 15 წლის განმავლობაში იყიდის ძვირად დენს კომპანიისგან, ანუ იმაზე მეტს გადაიხდის, რა ფასადაც ელექტროენერგიას დღეს ყიდულობს სახელმწიფო. ეს ავტომატურად გულისხმობს ტარიფის გაძვირებას. ეს არის 6,2 ცენტი წლიური 3%-იანი ზრდით, როგორც ხელშეკრულებაში წერია.

15 წლის მერე კომპანია იხსნის ვალდებულებას, რომ სახელმწიფოს მიჰყიდოს დენი და ინვესტორის კეთილ ნებაზე ვრჩებით დამოკიდებული. ენერგოდამოუკიდებელი მაშინ არის ქვეყანა, როცა რესურსს თვითონ განკარგავს. სინამდვილეში, ეს პროექტი თურქული სახელმწფოს ინტერესს უფრო ემსახურება, ვიდრე - საკუთარი ქვეყნისას. ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ ელექტროენერგიას მომავალში ინვესტორი თავის ქვეყანაში გაიტანს ან ჩვენ მოგვიწევს მისი ძვირად ყიდვა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვითარება უკვე ძალიან გართულდა და ამიტომ მიმდინარე კვირას პარლამენტში ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, სპეციალური მოსმენა გაიმართოს.

„მიმდინარე კვირას დაგეგმილი „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ნამახვანჰესის საკითხს მივანიჭოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

tngh მავნებლები, არაფრისმაქნისები და უსაქმურები ეწინააღმდეგებიან საქართველოსი ჰესების მშენებლობას. კიდევ კარგი, რომ "ენგურჰესის" და "ჟინვალჰესის" აშენება მოესწრო.
3 წლის უკან