ჩვენი გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრა საქართველოს სახალხო გვარდიის ყოფილ უფროსს ვალიკო ჯუღელს, ბათომიდან გაქცეულს იტალიური გემით „ვერენ ჟოსეფ კირალი“.
ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, რისი წამოღება მოასწრო ტფილისიდან მენშევიკურმა მთავრობამ, ვალიკო ჯუღელმა უპასუხა:
„ტფილისიდან განძეულის მეტი სხვა თითქმის არა წამოგვიღია რა. იარაღით დატვირთული მატარებელი და აგრეთვე მთავრობის საწყობები იქ დაგვრჩა. ეს იმით აიხსნება, რომ ტფილისის ასე მალე დაკარგვას არ ვფიქრობდით.
მიუხედავად ჩვენის დარწმუნებისა, 24 თებერვალს წითელმა ჯარებმა დაიჭირეს სიმაღლე, რომელიც დასცქეროდა მთელს ტფილისს. იმ ღამით მდგომარეობა იმდენად გაძნელდა, რომ ჩვენ ძლივს მოვასწარით დედაქალაქიდან გასვლა. შემდეგ ბათომამდე უკანდახევის დროს მენშევიკების ჯარმა ააფეთქა სამი ხიდი. ამან მაინც ვერ შეაჩერა წითელი ჯარების წინსვლა.
მენშევიკების მთავრობის ნაწილი, ელოდა რა წინდაწინვე აუცილებლად დამარცხებას, უკვე ადრე წავიდა კონსტანტინეპოლში, ზოგი ნაწილი ამავე გემზე იმყოფება. მთავრობის სხვა წევრთა შორის აქ არიან ნოე ჟორდანია, მთავარსარდალი და სხვები.“
ჩვენი კორესპონდენტის პირდაპირ შეკითხვაზე, მართალია თუ არა ის ცნობა, რომ მენშევიკების მთავრობამ ფრანგებს დახმარება სთხოვა და რომ სწორეთ ამ თხოვნის წყალობით ფრანგებმა ზარბაზანი დაუშინეს შავი ზღვის სანაპიროს, ბოლშევიკების მიერ დაჭერილს, ჯუღელმა უპასუხა:
- მართალია, ჩვენ ნამდვილად ვთხოვეთ ფრანგებს შველა. ისინიც დახმარებას დაგვპირდნენ და სანაპიროს სროლა დაუწყეს. ჩვენდა საუბედუროდ ამ სროლამ წითელი არმიის შემოტევა ვერ შეაჩერა.
ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ნოე ჟორდანიასთან საუბარს, მაგრამ ჟორდანიამ უარი განაცხადა იმ საბუთით, რომ „თავი მტკივაო.“