გოგა ხაინდრავა:

გოგა ხაინდრავა: "კოალიცია მინუს ივანიშვილი უპერსპექტივო იქნებოდა"

"კართაგენი უნდა დაინგრეს" - ეს არის პირობითი სახელი იმ ახალი ფილმისა, რომელზეც ახლა ვმუშაობ. ეს ფილმი თანამედროვე ქართული საზოგადოების სინდისზე, მერაბ კოსტავაზეა. ბალტიისპირეთში გახლდით და იმ ადამიანებს შევხვდი, რომლებიც მერაბთან ერთად ისხდნენ ციხეში და ის დისიდენტური გზა გაიარეს. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო ფილმი გამოდის..." - ამბობს რეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. მისივე თქმით, ახალ ფილმს მაყურებელი ძალიან მალე იხილავს. ყოფილი პოლიტიკოსი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ჩვეული ემოციურობით საუბრობს.

- არა იმიტომ, რომ ეს ჩემი ფილმია, უბრალოდ, იმ უზნეობის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად გვესმის და ვუყურებთ "ცოცხების პარტიის" მხრიდან, "დემოკრატიის შუქურას" ყოველდღე უნდა აჩვენებდნენ, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ იმ რეჟიმის ატანა შეუძლებელი იყო... ისე კი, რომ არა ქართული პრესის ძალისხმევა, ეს ვითომ პოლიტიკური ძალა კარგა ხნის დავიწყებული იქნებოდა, მაგრამ თქვენი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი კოლეგები, "ცოცხების პარტიის" ზნეობრივი აპოკალიფსის შემდეგაც კი აქტიურობენ, რათა მათი რეანიმაცია მოხდეს. დასავლეთის გარკვეული პოლიტიკის ნაწილის დამოკიდებულება სავსებით გასაგებია ჩემთვის, რადგან ისინი რაღაც დროის განმავლობაში სააკაშვილით და მისნაირი ელემენტებით სულდგმულობდნენ. ამერიკისა და ევროპის თანამედროვე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლების ფარისევლობის ზეიმი ასე თუ ისე გასაგებია ჩემთვის, ადრე თუ გვიან იმ ლიდერებს ეს ყველაფერი თავად მიუბრუნდებათ, როგორც მათ, ისე მათ ქვეყნებს, ისინი არ ერიდებიან, შავს თეთრი დაარქვან და პირიქით. მახათი მაინც არ დაიმალება და რაღაც დროის შემდეგ თავს ამოყოფს. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, რატომ უბამს მათ მხარს ქართული პრესა, როდესაც ამ პოლიტიკურად გახრწნილ ადამიანებს რაღაც საკითხზე აზრს ეკითხებიან.

- უმცირესობის აზრის მოსმენა თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ წინა ხელისუფლების ქმედებების ანალიზი მოხდეს, ბატონო გოგა...
- ეს უმცირესობა კი არა, ტერორისტული ორგანიზაციაა, მათ უმეტესობას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. უმცირესობა ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ისინი რომ არაფერს წარმოადგენენ, ეს სულ რამდენიმე დღის წინ საჯარო ბიბლიოთეკასთან ვნახეთ, როდესაც რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი გუნდი ქართველი ხალხის პირისპირ დარჩა და კინაღამ ჩაქოლეს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ვის რას გადააბრალებს, მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ იქცეოდა ქალაქის მერი. ასე უნდა იქცეოდეს ქალაქის პირველი პირი? ისინი სოლისებურად შეიჭრნენ იქ შეკრებილი ადამიანების გუნდში, თითქოს კარგი საქმეები აკეთეს და ხალხი ფიანდაზებს დაუფენდა. ამიტომაც მიიღეს ის, რაც მიიღეს. ქვედა შესასვლელიდან არანაირი დაბრკოლება არ იყო და შეეძლოთ, ამით ესარგებლათ, მაგრამ არ გამოიყენეს. მართლა გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა და დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება არასდროს შეეგუება ქალბატონისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილიც ზუსტად ისეთი პროვოკატორი იყო, როგორიც სააკაშვილის აჭარელი მასხარა დეპუტატი, ხაბაზი.

- საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ ეს არ არის დემოკრატია.
- დიახ, ვეთანხმები, ეს არ არის დემოკრატია, ვინ ამბობს, რომ ეს დემოკრატიაა, როდესაც ქალაქის მერი თავის მოქალაქეებს პროვოკაციას უწყობს. მთავარია, რა მოხდა და ეს ნორლანდმა ჩემზე უკეთ იცის... იმავე დღეს ვნახეთ რეზიდენციაში გამოსული ვითომ პრეზიდენტის, შეშინებული, ნარკოტიკებით გაბრუებული, სასოწარკვეთილი და დაპატარავებული არსების კნავილი. ეს იყო ხვეწნა-მუდარა და ტყუილების კორიანტელი. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის, გაწიროს ყველა, ოღონდ თავად გადარჩეს. იმ დღეს ვნახე დიპკორპუსის გაოგნებული სახე და მისი თავჩაქინდრული და სასოწარკვეთილი თანამოაზრეები. ერთადერთი ჩიორა იჯდა და გაბრწყინებული სახით უქნევდა თავს თავის სათაყვანებელ კერპს.

- თბილისის მერიის თანამშრომლების საქმის გამოძიების ფორმამ და ზოგადად ამ საქმემ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები წარმოშვა. იმ ბრალდებების ფონზე, რაც მათი მისამართით გვესმოდა, გამოძიება მათ მიმართ ძალიან ლოიალურია...
- დიახ, ყველამ ვიცით, რომ ისინი თაღლითები არიან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ბოლო დროს სასამართლო ხელისუფლებაში ხდებოდა, მივხვდებით, რა არის ამის მიზეზი. იქ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში კუბლაშვილების ლაქიები იყვნენ. ამას ემატება ე.წ. ევროპული გავლენიანი ორგანიზაციების მხრიდან მათი რეანიმაციის მცდელობა, ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნა.

- ვანო მერაბიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც 4 წელი უნდა ველოდოთ და ბევრად ადრე დაასრულებს მოღვაწეობასო...
- თქვენც იმავე შეცდომას იმეორებთ, რასაც თქვენი კოლეგები, რა მნიშვნელობა აქვს ქართველი საზოგადოებისთვის, რას ფიქრობს მერაბიშვილი?.. მას ერთადერთი გზა დარჩა - განსასჯელის სკამისკენ მიმავალი გზა, და ამას ძალიან მალე ვიხილავთ. ამ სკამზე ასევე აღმოჩნდებიან სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ადეიშვილი, ლომაიაც არ მინდა გამომრჩეს, ალალია მასზე და იმსახურებს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ ბოროტების შემოქმედნი იყვნენ. თუ ამის გაკეთებას ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა დასჭირდება, ესეც მოხდება.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს ამის გაკეთებას?
- არა, ხატოვნად ვთქვი, თორემ როგორ ვერ შეძლებს და იქითაც მიდის. სააკაშვილი აღიარებების დიდოსტატია. მე რომ გამომძიებელი ვიყო, მის გამოსვლებს შევისწავლიდი, სადაც ის ყველაფერს ამბობს, რასაც თავის გარემოცვასთან ერთად სჩადიოდა, ოღონდ ამას სხვებს აბრალებს. მოჰყვება რაღაც ისტორიას, რაც თავის გუნდთან ერთად აქვს ჩადენილი და ბოლოს ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა, დავით უსუფაშვილმა ან თინა ხიდაშელმა გააკეთეს. თავის თავსაც არ უტყდება, თორემ იცის, რომ ციხე ელოდება. უბრალოდ, ძალიან არ უნდა იქ მოხვედრა.

- თქვენ მათთან გარკვეული დრო იმუშავეთ, წარმოგედგინათ, ოპოზიციაში როგორები იქნებოდნენ?
- როგორებიც ხელისუფლებაში ყოფნისას იყვნენ, ისეთებად დარჩნენ. ახლა ძალაუფლება არ აქვთ და მაინც ფაფხურობენ. ახლა უფრო კარგად გამოჩნდა მათი სახე. იმ დღეს ტელეკომპანია "მაესტროში" შევხვდი თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელიც ძალიან განიცდიდა, რატომ არ სცემა ხალხს 8 თებერვალს სპეცრაზმმა და რატომ არ მოუწყო 26 მაისი ან 7 ნოემბერი. ამის გაკეთების საშუალება არ აქვთ, თორემ სურვილი იმაზე მეტი აქვთ, ვიდრე ადრე. წარმოგიდგენიათ, რას სჩადიოდნენ, როდესაც ძალა ჰქონდათ?

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელობის სურვილი გქონდათ. ეს ახლოს არის სიმართლესთან?
- არა, ასე რომ ყოფილიყო, მაშინ განაცხადი მაინც უნდა გამეკეთებინა. არც შემოთავაზება ყოფილა, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში და არანაირ პირობებში ამას არ დავთანხმდებოდი.

- რატომ ასე კატეგორიულად?
- ჩემი ნება რომ იყოს, იმ შენობასაც დავანგრევდი და ახლიდან ავაშენებდი ახალ ტელევიზიას, ამის უნარი და ინტელექტუალური პოტენციალი ქართველ საზოგადოებას ნამდვილად აქვს, თუმცა კადრები მწირია.

- ბოლო დროს ხშირად გვესმის სიტყვები - "სამოქალაქო დაპირისპირება". თქვენი აზრით, არსებობს ამის საფუძველი?
- არა, იმიტომ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარდამჭერი არ ჰყავს. თუ ამას "ცოცხების პარტიის" ექსპერტები ვარაუდობენ, მაშინ გასაგებია. გავიდეთ ქუჩაში ერთად, 100 გამვლელი გავაჩეროთ და ვნახავთ, ერთი მაინც თუ აღმოჩნდება "ნაციონალების" მომხრე. ის ექსპერტებიც ისეთივე ფარისევლები არიან, როგორიც სააკაშვილია... იმედია, მათი არ სჯერა საზოგადოებას, რომელსაც არჩევნების შემდეგ მსოფლმხედველობა შეეცვალა. ახლა იმ არასასიამოვნო პროცესის ცქერა გვიწევს, რასაც "ნაციონალების" ბოლო გაბრძოლება ჰქვია, როდესაც ისინი სასოწარკვეთილ განცხადებებს აკეთებენ. მათი ქმედებები თავმოჭრილ ქათამს მაგონებს, რომელიც სისხლისგან დაცლამდე წრეზე ტრიალებს. მათთან დაკავშირებით უკეთესი შედარება არ მახსენდება. ვიცი, ამის გამო ჩერგოლეიშვილი კანიბალიზმს დამწამებს, მაგრამ კანიბალები თავის გარშემო მოიკითხოს, პოვნა არ გაუჭირდება. ასევე თეა თუთბერიძე, რომელიც მათთან ერთად არის, სისხლზეა აღმოცენებული იმ სიმაღლეზე, რამხელაც არის. ამათ რომ ვუყურებ, დარვინის თეორია მახსენდება...

- ბოლო დროს ირაკლი ალასანიას ბიძინა ივანიშვილის კონკურენტად განიხილავენ. რას იტყვით ამაზე?
- ივანიშვილი და კოალიციის დანარჩენი წევრები სრულიად სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან და მათ შორის, კერძოდ, ალასანიასა და ივანიშვილს შორის, რაიმე ტიპის კონკურენცია უბრალოდ შეუძლებელია. ივანიშვილი, გარდა იმისა, რომ კარგი ბიზნესმენია, კარგი მენეჯერიც არის, რომელმაც ამ შემთხვევაშიც მიზანს თითქმის მარტომ მიაღწია. ცხადია, საფუძველი იყო ქართველი ხალხი, განწყობა ძლიერი გახლდათ, მაგრამ პოლიტიკური კომპონენტი ძალიან პატარა იყო. რეალურად, ცალსახა ლიდერი იყო. გარკვეული წვლილი ყველამ შეიტანა, მაგრამ კოალიცია მინუს ივანიშვილი, ყველამ იცის, რომ უპერსპექტივო იქნებოდა. როდესაც გუნდში მესი თამაშობს, დანარჩენები იმას უნდა ფიქრობდნენ, როგორ გამოიყენონ მისი ნიჭი მაქსიმალურად. ამას ბრწყინვალედ აკეთებს "ბარსელონა" და იმიტომაც ჰყავს ძლიერი გუნდი. მესის გვერდზე ჰყავს ინიესტა და ჰავი. სამწუხაროა, მაგრამ მე "ქართულ ოცნებაში" მათ მსგავს მოთამაშეებს ვერ ვხედავ. თუ განვლილ ას დღეს გადავხედავთ, სტარტი წარმატებით დაიწყო და ვნახოთ, მერე რა მოხდება.