წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ეს ყველაზე მასშტაბური ვარდნაა პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ. ასეთი მოცემულობა აქედანვე აჩვენებს, რომ წლის პირველი ნახევარი ეკონომიკური პროცესებისთვის ძალიან რთული იქნება.
2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი. ამასთან, ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
ეკონომიკური ვარდნის მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ დარგების უმეტესობაში ბრუნვა შემცირებულია.
„მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამოქალაქო და სპეციალიზირებული შენობა-ნაგებობების მიმართულებით. ასევე, ელექტროტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართულებით. დაახლოებით, 18%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და 26%-ით - ცემენტის იმპორტის მოცულობა.
ტრანსპორტის დარგში კლების ძირითადი მიზეზი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების შემცირებას უკავშირდება, ასევე ტვირთების მომსახურების მოცულობის შემცირებას და მგზავრთა რაოდენობის შემცირებას.
სასტუმროების და რესტორნების ჯგუფში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის შეზღუდული სახით ფუნქციონირებასთან. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გამო შეიზღუდა სასტუმროების და რესტორნების საქმიანობა. ისინი ძირითადად მზა საკვების გატანის სერვისზე იყვნენ ორიენტირებული. დაახლოებით, 94%-ით იკლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა.
დამამუშავებელი მრეწველობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სასმელების წარმოების, ასევე სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით. აქვე, აღსანიშნავია, რომ იანვარში თითქმის განახევრებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.
უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში კლება დაკავშირებული იყო საცხოვრებელი სახლებისა და შენობების ყიდვა/გაყიდვისა და იჯარით გაცემით დაკავებული კომპანიების ბრუნვის შემცირებასთან“, - განაცხადა „საქსტატის“ დირექტორმა.
სპეციალისტები ეკონომიკური ვარდნის მასშტაბს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკა და პანდემიის პრევენციისას დაშვებულ შეცდომებს უკავშირებენ. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რატი აბულაძე აცხადებს, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ეკონომიკის გადაწყობა ახალი მოთხოვნის შესაბამისად, რამაც მასშტაბური ვარდნა გამოიწვია.
„ეკონომიკამ მწარმოებლური უნარი დაკარგა ამდენი შეზღუდვების პირობებში, მთლიანად საგარეო ვალებზე დამოკიდებული გახდა. თითქმის წელიწადია, ფინანსური მხარდაჭერისა და მხოლოდ ვალებით უზრუნველვყოფთ საჭიროებებს, ფაქტობრივად ვერც ერთ გამოწვევას ვერ ვუპასუხეთ სათანადოდ, რამაც ამ მდგომარეობამდე მოგვიყვანა. ერთადერი განიხილება სოფლის მეურნეობის სფერო, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას მცირედით ინარჩუნებს, თუმცა საგარეო ვაჭრობა შემცირებულია, ეკონომიკა ნეგატიურ ტენდენციას აჩვენებს, გადასახადების შერბილება-გაუქმებას ითხოვს ბიზნესი, მაგრამ ამის პარალელურად ფასები მატულობს, ძვირდება ყველაფერი, მათ შორის გადასახადები და მოსახლეობა, ასევე ბიზნესიც, ისევ წაგებული რჩება“, - განუცხადა „რეპორტს“ აბულაძემ.
მისივე განცხადებით, მილიარდობით ლარის ზარალი ადგება ეკონომიკას მკაცრი შეზღუდვების გამო, რაზეც პასუხისმგებლობა რეალურად არავის ეკისრება.
„მესმის, რომ კრიზისი გამოიწვია პანდემიამ, მაგრამ იმის გამო, რომ პრევენციული ღონისძიებები დავგეგმეთ არასწორად, მძიმე რეალობაში აღმოვჩნიდით, საიდანაც გამოსვლა გაგვიჭირდება. კომპანიებმა, ბიზნესის ნაწილმა, ადაპტირება მოახდინა. გადაეწყვნენ და გადარჩენენ, ვისაც ხელი შეუწყვეს, მაგრამ თვითონ სახელმწიფო ვერ გადაეწყო, ეკონომიკური პოლიტიკის ხარისხობრივი ეფექტი არის ძალიან ცუდი, ფაქტობრივად დაბალი და ამიტომ ვიღებთ უაღრესად ნეგატიურ შედეგს“, - დასძინა აბულაძემ.