ისევე, როგორც ზღვაში ქვიშის დათვლა, საქართველოში პოლიტიკური პარტიების დათვლაც ძნელია. ლამის თითო ოჯახზე თითო პარტია მოდის. ხალხიც ზომაზე მეტად არის პოლიტიზირებული. ამის მიუხედავად, უმაღლეს ლიგაში მხოლოდ რამდენიმე პარტია ახერხებს თამაშს.
ტრადიცია არც ბოლო არჩევნებისას დარღვეულა. ამჯერად პარლამენტში მხოლოდ 2 ძალა გავიდა. ოცნება და ნაცმოძი ქართულ პოლიტიკაში ისევე თამაშობენ, როგორც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ბარსელონა და რეალი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბარსელონა აშკარად "ქართული ოცნებაა". ნაცმოძი კი ბარსასგან ჩაგრული რეალი გამოდის. იქ, ესპანეთში, რეალი სამეფო გუნდია, აქაური რეალი საპრეზიდენტო გუნდი გახლავთ.
ჩვენებურ ბარსელონას მთავარი მეოცნებე ბიძინა ივანიშვილი უმაგრებს ზურგს. ერთი ხანობა გადავწყვიტეთ ივანიშვილი ლიონელ მესისთვის შეგვედარებინა, მაგრამ არ გამოვა. ივანიშვილი თავის საქმეში მესიც არის და კიდევ უფრო მეტი. ამიტომ ბიძინა ბიძინად დარჩეს. გუნდის მწვრთნელობა კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მივანდოთ. ვილიანოვას ფუნქცია დავით საგანელიძეს ეკისრება. ეგ აძლევს ხოლმე მითითებებს მოთამაშეებს.
მეკარე ვიქტორ ვალდესი ეკა ბესელია გამოდის, ნაციონალების დარტყმულებს კარგად იგერიებს ხოლმე. დანი ალვეში ზურა აბაშიძე უნდა იყოს. პიკე - ზაქარია ქუცნაშვილი, კარლეს პუიოლი - ზვიად ძიძიგური, ადრიანო - ოთარ ჩრდილელი, ბუსკეტსი - დათო ბერძენიშვილი, მასკერანო - მანანა კობახიძე, ჩავი - ელისო ჩაფიძე, ინიესტა კი - ბიძინა გუჯაბიძე.
პედრო აუცილებლად თინა ხიდაშელია. ის მოწინააღმდეგეს ხშირად აწიოკებს ხოლმე. აი, მისი მეუღლე კი ნამდვილი პოლიტიკური ლიონელ მესია. დავით უსუფაშვილის ფანკლუბი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა მრავალრიცხოვანი, რაც მან პრეზიდენტს თავისივე სასახლეში "მოაკეტინა". პარლამენტის სპიკერი შესანიშნავ პოლიტიკურ ფორმაშია.
ნაცმოძი, როგორც უკვე ვთქვით, საპრეზიდენტო გუნდია. ივანიშვილის არ იყოს, სააკაშვილიც ერთადერთია. ამიტომ დავტოვოთ ისევ სააკაშვილად, მისი მსგავსი მაინც არავინაა დედამიწის ზურგზე.
ჩვენებური რეალის მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს აშკარად წააგავს მიშა მაჭავარიანი. არა, მაგის გაწვრთნილი გუნდი არსად გაიშვა, უბრალოდ, რაღაცით წააგავს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოურინიოს მზარეულს სახლში "ბარსელონას" მაისური აცვია. მაჭავარიანის ძმა ვანოც "ქართული ოცნების" მაისურით თამაშობს. უფრო ზუსტად, ოცნებობს.
ნაციონალთა იგერ კასილიასი დათო ბაქრაძე იყოს. მასავით უწყინარი ადამიანია და მოწინააღმდეგის სიმპათიებსაც იმსახურებს. პოლიტიკური ბურთების აღებაც მშვენივრად ეხერხება.
ალვარო არბელოა გიორგი კანდელაკი იყოს, კარგად თამაშობს დაცვაში. სერხიო რამოსი აკაკი მინაშვილია, პეპე - გოკა გაბაშვილი (მასთან შედარებით ცოტა პუტკუნაა, მაგრამ არა უშავს), მარსელო - ჩიორა თაქთაქიშვილი, მასაც ტრავმა აქვს მიღებული.
ხაბი ალონსო გია ბარამიძე იყოს. იმასავით ხან დაცვაშია, ხან თავდასხმაში. სამი ხედირა გოგა ხაჩიძეა. ორივეს ბლანჟე აქვს და იმიტომ. მესუთ იოზილი - პავლე კუბლაშვილი გახლავთ. ანხელ დი მარია - დავით დარჩიაშვილი.
კრიშტიანუ რონალდუობა კონკურსგარეშე ეკუთვნის დავით საყვარელიძეს. მასავით სიმპათიურია და საკმაოდ კარგად თამაშობს. პოლიტიკურად, თორემ მაგის ნათამაშები ფეხბურთი მგონი არავის უნახავს. ქარიმ ბენზემა კი ნუგზარ წიკლაური იყოს. ახლა არ მკითხოთ, რატომო. წიკლაურს ძირითადის მიღმა ვერ დავტოვებდი და ვიღაცისთვის ხომ უნდა
შემედარებინა?
ქართული პოლიტიკური ელ კლასიკო იმ ელ კლასიკოსგან ძალიან განსხვავდება. ამის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოება მაინც უყურებს ამათ ორთაბრძოლებს. სხვა გამოსავალი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს. ქართულ პოლიტიკურ ავანგარდში მხოლოდ 2 გუნდია მოხვედრილი.
ნამდვილი რეალისა და ბარსელონასგან განსხვავებით, ესენი რაღაცას ხლართავენ. იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს რეალური ოპონირება გაუწიონ, კოჰაბიტაციობენ.
პრიმერა დივიზიონში, სადაც რეალი და ბარსა ასპარეზობენ, სხვა ბევრი კარგი გუნდი თამაშობს. ამ გუნდების სიძლიერე გრანდებსაც აწყობს. ჩვენს პოლიტიკაში კი ასე არ არის. ნაცმოძიცა და ოცნებაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმაღლეს ლიგაში სხვა არ გააჭაჭანონ.
ნაცმოძს თავისი გასჭირვებია. მეოცნებეებისთვის კი ნაცმოძის ოპონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. 9 წლიანი მმართველობის მანძილზე მათ ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინეს. ჰოდა, როცა ისინი მეოცნებეებს ლანძღავენ, მათი რეიტინგი უმალ მაღლა იწევს. ისევე, როგორც პრიმერა დივიზიონში, ოცნება პოლიტიკაში თამაშს თამაშზე იგებს. ნაციონალები კი ძველი დიდების დაბრუნების მოლოდინში არიან.
მეოცნებეები ამბობენ, ერთი გარინჩა წამოდგება და გაირბენს და მეორე ეგენი დაბრუნდებიანო, მაგრამ ვინ იცის. ისევე, როგორც ფეხბურთში, პოლიტიკაშიც ყველაფერი ხდება.
ყველაზე კარგი იქნებოდა, საქართველოში რამდენიმე ძლიერი პარტია იყოს. ამ შემთხვევაში აღარც ხელისუფლების ოკუპირება მოხდება და აღარც ოპოზიციის. ახლა ისე გამოვიდა, რომ ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობაა. სხვა ოპოზიციური პარტიები კი თამაშგარე მდგომარეობაში არიან. არადა, ეს ის პარტიებია, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ებრძოდნენ ნაციონალებს. ახლა ისინი ლიგის მიღმა არიან დარჩენილი. მათ ნიშას კი ნაციონალური მოძრაობა იკავებს.
და ბოლოს, ბოდიში უნდა მოვუხადო ბარსელონას ფან ნაციონალებს, მათი საყვარელი გუნდი ოცნებას რომ შევადარე. ასევე ბოდიში მაქვს მოსახდელი რეალის მეოცნებე ფანებთან. ძნელია, შენ საყვარელ გუნდს საძულველ პოლიტიკურ პარტიას რომ ადარებენ. რა კარგია, ასეთ გაუგებრობებში "ბაიერნი" რომ არ ეხვევა.