"აგვისტოს ომის ყველაზე სკანდალური ნაალაფარი".

2008 წლის აგვისტოს რამდენიმედღიანმა ომმა ბევრს, როგორც საქართველოსა და რუსეთში, ისე მსოფლიოში დაამახსოვრა ვიდეო- და ფოტოფირები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ანადგურებენ და რუსეთში ეზიდებიან ქართული არმიისთვის წართმეულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას. თუმცა იმ ელვისუსწრაფეს ომში სხვა ეპიზოდიც გახლდათ, რომელიც დღემდე არ იყო გასაჯაროებული, თუმცა წესით, დიდი საერთაშორისო სკანდალი უნდა გამოეწვია, თუმცა არც ახლაა გვიან. ცხინვალის მისადგომებიდან უკან დახეული ქართული არმიის ერთ-ერთმა დანაყოფმა 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოიტანა 16 ცალი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Стрела-2М, რომლებიც ქართველ სამხედროებს დარჩათ ალაფად ცხინვალთან ბრძოლაში, როდესაც ოსი სეპარატისტები და მათი რუსი ინსტრუქტორები გაიქცნენ და `სტრელები~ დაყარეს", - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "აგვისტოს ომის ყველაზე სკანდალური ნაალაფარი".

"თბლისში ჩამოტანილ "სტრელები" ქართული არმიის საჰაერო თავდაცვის სპეციალისტებმა შეამოწმეს და დადგინდა, რომ 16-ვეს გამშვებ კონტეინერზე სპეციალურად წაშლილი იყო საქარხნო ნომრები და საღებავით კუსტარულად სამნიშნა ციფრები ეწერა. უეჭველია, რომ ვინც გასაშვებ კონტეინერზე წაშალა საქარხნო ნომრები, იმედოვნებდა, რომ ამით შეუძლებელს გახდიდა, დადგენილიყო თუ როდის და სად იქნა დამზადებული კონკრეტული საზენიტო რაკეტა და როგორ მოხვდა ის ოსი სეპარატისტების ხელში, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებების უხეში დარღვევა გახლდათ. ინფორმაციისთვის: 2005 წლის 24 თებერვალს ბრატისლავაში რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის სამიტზე ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე კონტროლის გაძლიერებას ითვალისწინებდა. დოკუმენტს ხელი მაშინდელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მოაწერეს, ამასთან, რუსეთის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ ხელშეკრულების დადება მათი ინიციატივა გახლდათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ხელშეკრულების თანახმად, მოსკოვი და ვაშინგტონი ვალდებული იყვნენ, ერთმანეთისთვის დაუყოვნებლივ მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანას რა ტიპის და რა რაოდენობის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიჰყიდეს. ამ კლასის საზენიტო საშუალებებზე კონტროლის გამკაცრება იმით იყო განპირობებული, რომ არც თეთრ სახლში და არც კრემლში არ სურდათ "სტინგერები", "იგლები" თუ "სტრელები" მოხვედრილიყო ათასი ჯურის ტერორისტების ხელში, რომლებსაც ამ კომპაქტური და ეფექტური საზენიტო იარაღით შეეძლოთ ჩამოეგდოთ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვითმფრინავები და შვეულმფრენები", - წერს სტატიის ავტორი.

"დავუბრუნდეთ ცხინვალის მისადგომებიდან ალაფად წამოღებულ 16 ცალ "სტრელას". ვინც ამ "სტრელების" გასაშვებ კონტეინერებზე მათი საიდენტიფიკაციო საქარხნო ნომრები წაშალა, იმედოვნებდა, რომ საზენიტო რაკეტის გაშვების შემდეგ გადაგდებული, უკვე უმაქნისი გასაშვები კონტეინერის აღმოჩენის შემთხვევაშიც ვერც ქართული მხარე და ვერც დასავლელი დამკვირვებლები ვერ დაადგენდნენ ზუსტად ამ "სტრელების" წარმომავლობას, ხოლო უკვე გაშვებული საზენიტო რაკეტა ან საჰაერო მიზანთან აფეთქდებოდა, ან ფრენის მე-14-17 წმ-ზე თვითლიკვიდაციას განიცდიდა, რაც ასევე შეუძლებელს გახდიდა საზენიტო რაკეტაზე დატანილ საქარხნო ნომრის იდენტიფიკაციას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "სტრელების" ოსი სეპარატისტებისთვის გადამცემი მხარე შეცდა, რადგან ეს შეიარაღება ხელში ჩაუვარდა ქართველებს", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"თბილისში საჰაერო თავდაცვის სპეციალისტებმა ყველა "სტრელა" დაშალეს. გასაშვები კონტეინერიდან გამოღებულ 9М32М ტიპის საზენიტო რაკეტებს კარგად ეტყობოდათ საქარხნო ნომრები, რომლითაც მათი იდენტიფიკაცია დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მაშინდელმა არც საქართველოს თავდაცივს სამინისტრომ, არც გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ და მით უმეტეს, არც იმჟამინდელმა მთავრობამ არ მოინდომა და არ გაიტანა ნაალაფარი "სტრელების" ისტორია საერთაშორისო ასპარეზზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2005 წლის ბრატისლავის ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის ხელისუფლება ვალდებული იქნებოდა, მოეთხოვა რუსეთისთვის პასუხი, თუ რომელი რუსული სამხედრო ნაწილიდან და როდის იქნა გატაცებული სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ოსური სეპარატისტული წარმონაქმნისთვის. ფაქტია, რომ რუსეთმა, როგორც გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Стрела-2М (9К32М)-ს მწარმოებელმა მხარემ, დაარღვია ბრატისლავის 2005 წლის ორმხრივი ხელშეკრულება და არაფორმალურ წარმონაქმნს მალულად გადასცა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მნიშვნელოვანი პარტია. იქნებ იმ 16 ნაალაფარი "სტრელას" გარდა, არავინ იცის, კიდევ რამდენი ასეთივე საშიში საზენიტო საშუალება გადასცა რუსეთმა ოსთა თუ აფხაზთა შეიარაღებულ ჯგუფებს და შემდგომში მსოფლიოს რომელ კუთხეში და რომელი ტერორისტული დაჯგუფების ხელში აღმოჩნდება ის", - დასძენს გამოცემა.


"ჩვენი პრიორიტეტია იმ სუსტი წერტილების გაძლიერება, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. მაგალითად, თუ მექანიკაში ძლიერი ვართ, ელექტრონიკაში ცოტათი მოვიკოჭლებთ და ამ სფეროში, უცხოელი პარტნიორების დახმარებით გავდიოდით ფონს. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას, მაგრამ შემდგომში სურვილი გვაქვს ეს სფერო წინ წავწიოთ და თანდათან ავითვისოთ. იმავდროულად, გაგრძელდება ის მიმართულებები, რომლებიც ბოლო წლებში პრიორიტეტული იყო, _ ჯავშანტექნიკა, უპილოტო, საარტილერიო და ისეთ სახეს მიიღებს, როგორც XXI საუკუნის საბრძოლო ტექნიკას შეესაბამება. შიდა საუბრები გვაქვს ავიაციის სფეროს გეგმებზე", - აცხადებს "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი შოთა კვარაცხელია სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ერთი დღე თბილავიამშენში - იქ, სადაც ქართული სამხედრო ტექნიკა იბადება".

"დაახლოებით 34 მილიონის 40-მდე მაღალი დონის, თანამედროვე ჩარხ-დანადგარები იქნა შეძენილი, თუმცა, საიდუმლოა, რა ტიპის. დანარჩენი თანხა კი "ლაზიკის", "დიდგორისა" და ა.შ. პროექტებზე დაიხარჯა. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, "დელტაში" დაახლოებით 2700-მდე კაცი მუშაობს, მათ შემადგენლობაშია "თბილავიამშენი" (დაახლოებით 1500-მდე თანამშრომელი) და საინჟინრო ბატალიონი. ეს ბიუჯეტი გამჭვირვალეა და მისი ნახვა თავდაცვის საიტზე შეგიძლიათ. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი მიმართულებაა კვალიფიკაციის ამაღლება. ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და კადრების ადგილობრივი და უცხოეთში გადამზადება", - აცხადებს შოთა კვარაცხელია.

"რაც შეეხება "დიდგორის" საერთაშორისო სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე გატანას, ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებთ, რადგან "დიდგორსა" და სხვა ნაკეთობებს გრიფი ადევს, რაც მას გამოფენაში მონაწილეობას უზღუდავს. ისინი საიდუმლო ბრძანებით არის შესრულებული. შემიძლია დავადასტურო, რომ მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა სამხრეთ კორეასთან, მაგრამ ძნელი სათქმელია, შედეგი მოჰყვებოდა თუ არა, ვინაიდან საქართველო სულ რამდენიმე წელია ამ საქმით დაინტერესდა. მით უმეტეს, რომ სამხრეთ კორეა სამხედრო ტექნიკის წარმოებაში მოწინავე ქვეყნად ითვლება. ჩვენი ერთ-ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ ჩვენი პროდუქცია იაფია და ამიტომაც შეიძლება საინტერესო იყოს უცხოური ქვეყნებისთვის", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"თავიდანვე ჩამოყალიბდა ასეთი აზრი, რომ ეს არის სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და მის შემადგენლობაში უნდა დარჩეს, მაგრამ სამხედრო ავიაციის წარმოება 14 ქვეყანას აქვს, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო და ამ პოტენციალის განვითარებას სახელმწიფოსგან დიდი მხარდაჭერა სჭირდება. ავიაცია არის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია და შესაბამისად, საქართველოში ამხელა წარმოების კერძო ფინანსებით შენარჩუნება ძნელია. ეს საწარმო ერთი-ორი ადამიანის კი არა, მთელი ქვეყნის ძლიერებაა და მისი განვითარება და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება ჩვენი პრიორიტეტია", - დასძენს შოთა კვარაცხელია.

"ინტერვიუს დასრულების შემდგომ გეზი მექანიკური საამქროსკენ ავიღეთ. აქ ნაღმსატყორცნი ლულები მზადდება... როგორც ბატონმა შოთამ აგვიხსნა, საბჭოეთის დროინდელ დანადგარებთან ერთად, თანამშრომლები აქტიურად მუშაობდნენ ახალ, თანამედროვე ტიპის ჩარხებსა და დაზგებზე. იქიდან, სამწყობრო საამქროში გადავედით, სადაც სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული "დიდგორები" და "ლაზიკები" იწონებდნენ თავს. ვნახეთ აწყობის პროცესში მყოფი СУ-25-ები. ქარხნის შიდა ტერიტორიაზე გამართულ გამოფენაზე სხვადასხვა ზომის კამუფლირებულ ტანსაცმელთან და სამხედრო ბათინკებთან ერთად, მინის ჩარჩოში, პირველი ქართული წარმოების ავტომატიც შევნიშნეთ წარწერით "საქართველო, უპირველეს ყოვლისა...", - წერს სტატიის ავტორი.