"ჩასვლის მეორე დღესვე დამიბარეს იქაურ უშიშროებაში. მე გამოვცხადდი, თან ბავშვებიც წავიყვანე. ზაზა რომ შემოიყვანეს, ის გამომძიებელს მიუბრუნდა და სთხოვა, ჩემთვის მისი ცოლ-შვილის საბუთები დაებრუნებინათ და გამოვეშვით. გამომძიებელმა კი პასპორტი გამომართვა და გამოგვიცხადა, შენს ცოლს დედაშენიც დაემატება, ბავშვებს კი ბავშვთა სახლში გავუშვებთო. შემდეგ მე და ჩემი რძალი ბავშვებიანად გამოგვიშვეს, ჩვენი საბუთები კი დაიტოვეს. რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. ვლადიკავკაზის ქუჩებში მანქანები რომ დადიოდნენ, რადიო მაღალ ხმაზე ჰქონდათ ჩართული და ყველა მხრიდან ისმოდა, დააკავეს ქართველი დაზვერვის თანამშრომელი, ახალგაზრდა ოფიცერი ესა და ესო. დღესაც არ ვიცი, სადაც ვცხოვრობდით, იქ, სპეციალურად იყო ეს დავალება, თუ მთელ ქალაქში ასე ხდებოდა. შიშის ზარმა აგვიტანა. ჩემი რძალი ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში დააწვინეს. ერთხელ მაღაზიაში ჩავედი ბავშვებისთვის რძის საყიდლად, იქ კი გამყიდველი ოსი ქალი იყო. იცოდა, ვინც ვიყავით, დანას დაავლო ხელი და გარეთ გამოგვყარა, თქვენი ხალხი ტანკებით უვლის ცხინვალში ჩვენს ხალხსო. ამის შემდეგ სახლიდან ვერ გავდიოდით. თუმცა, ყველა ასე არ გვექცეოდა. ერთი ოსი ბიჭი, რომელსაც დედა მოხევე ჰყავდა, გვერდში ამოგვიდგა და გვპატრონობდა. ღამით ჩუმად მოდიოდა და საჭმელი მოჰქონდა. რომ ბინდდებოდა, შიშით შუქსაც ვერ ვანთებდით, ვითომ იქ არ ვიყავით. ერთი წლის ბავშვები საწოვარას არ წოვდნენ და დედას ითხოვდნენ. როგორღაც ვაჩერებდით. საშინელება იყო. თითქმის ორი თვე ასე გავატარეთ", - აცხადებს ზაზა ხერკელაძის დედა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" (15-28 თებერვალი, 2013 წ.) მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ქართველ მზვერავს დახმარება სჭირდება!".
"ისევ მე დავუკავშირდი ზაზას სახაზინო ადვოკატს და ვთხოვე, წერილს დავწერ, რუსულად თარგმნე და პროკურატურაში შეიტანე-მეთქი, თან თავისი ტელეფონით ეს საცოდავი ბავშვებიც გადაიღო, შიმშილით რომ მეხოცებოდნენ. მისი წასვლიდან ნახევარ საათში დამიბარეს გამომძიებელთან, რომელმაც მითხრა, თქვენი შვილი ვერ გადმოვიბირეთ და თქვენს საბუთებს გიბრუნებთო, თან დამამშვიდა, ასე ნუ განიცდით, ეს პოლიტიკური დაკავებაა. საქართველოში ჩვენი ხალხიც ჰყავთ დაკავებული და გაიცვლებიანო. ამ დროს კი ზაზა უკვე მოსკოვში ჰყოლიათ გადაყვანილი. ჩემი რძალიც გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან და საქართველოში დაბრუნება მოვინდომეთ. მინვოდის აეროპორტში საბუთები ჩამოგვართვეს, ჩვენი თანმხლები ის ოსი ბიჭი კი დააკავეს, შენ იცი, ვის ეხმარებიო? თუმცა, მალევე გამოუშვეს. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შევძელით ერევანში ჩაფრენა და მერე საქართველოში ჩამოსვლა", - აღნიშნავს ქალბატონი ზეინარი.
"ჩემი შვილი საგარეო დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტია. ამიტომ 2008 წლის სექტემბერში, ვლადიკავკაზიდან ჩამოსვლის შემდეგ, შევხვდი გელა ბეჟუაშვილს, რომელიც დამპირდა, ყველაფერს გავაკეთებთ და თქვენს შვილს ვუშველითო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეხვედრა მასთან. შემდეგ სისტემატურად ვითხოვ ბეჟუაშვილთან შეხვედრას, მაგრამ ბატონი გელა სხვადასხვა მიზეზით თავს მარიდებს. წერილი გადავეცით საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს. ერთხელ მიხეილ სააკაშვილი დუშეთში იყო ამოსული, როგორღაც მოვახერხე, დაცვას ხელიდან დავუსხლტი და პირადად გადავეცი ჩემი განცხადება. წინა მთავრობამ კარგად იცოდა ჩემი შვილის ამბავი, მაგრამ მეუბნებოდნენ, ჩუმად იყავით, კედლებმაც კი არ უნდა გაიგონ არაფერი. ამით ზაზას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებაო. ასე მეუბნებოდნენ თითქმის ხუთი წელი და არაფერს აკეთებდნენ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"არჩევნების შემდეგ ხალხი მეუბნება, ახალი მთავრობა უშველის ზაზასო. მე თხოვნით მივმართე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს, ოფიციალური განცხადება გავუგზავნე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს. საქმის კურსში არიან: ეკა ბესელია, თეა წულუკიანი, არჩილ კბილაშვილი და კიდევ ბევრი პოლიტიკოსი. ყველას ვთხოვ დახმარებას. ჯერ არაფერი ჩანს საიმედო: მთავრობის კანცელარია ჩემს განცხადებას იუსტიციის სამინისტროს უგზავნის, ისინი კი საგარეო საქმეთა სამინისტროს. იქიდან კვლავ იუსტიციის სამინისტროს უბრუნებენ და უკვე სამი თვეა, ჯადოსნურ წრეზე ტრიალებს. თუ ეს ბიუროკრატია კიდევ გაგრძელდა, შიმშილობას დავიწყებ", - დასძენს ზაზა ხერკელაძის დედა.
"ჩვენი აზრით, ეფ-ეს-ბეს დაპატიმრებამდე ჰქონდა ზუსტი ცნობები მის შესახებ და ყველანაირი ხერხით ცდილობდა, ზაზა ხერკელაძე ფარულ თანამშრომლობაზე დაეთანხმებინა. თავად განსაჯეთ: როდესაც მზვერავს არალეგალურად, სათანადო დოკუმენტების გარეშე გზავნი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და იძულებულს ხდი, იქ შეიძინოს ყალბი საბუთები, რა დროსაც ჩავარდნის შანსი ასმაგად იზრდება, ეს ან დაზვერვის ანბანის უცოდინარობაა, ანდა ღალატი. ხომ არ იყო ეს წინასწარვე განწირული სპეცოპერაცია? ამ გარემოების გათვალისწინებით რა არჩევანი ჰქონდა ქართველ ოფიცერს?
_ რუსეთის კონტრდაზვერვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, არ ეღიარებინა, რომ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდა. ზაზა ხერკელაძე კარგა ხანს ვაჟკაცურად უძლებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და უარყოფდა რუსეთში სადაზვერვო საქმიანობას. თან საქართველოს ხელისუფლების დახმარების იმედი ჰქონდა, ხომ არ მიმატოვებენ უპატრონოდო. მაშინაც და ამჟამადაც კომფორტულ კაბინეტებში მოკალათებული ჩინოვნიკები კი არაფერს აკეთებდნენ მის დასახსნელად. ზაზასთვის ყველაზე მძიმე ასატანი მეუღლის, მცირეწლოვანი შვილებისა და დედის მდგომარეობა იყო, რომლებიც ვლადიკავკაზში ეფ-ეს-ბეს მძევლები იყვნენ.
_ ეფ-ეს-ბეს მოთხოვნას დასთანხმებოდა და მათი ორმაგი აგენტი გამხდარიყო. ზაზა ხერკელაძე საპასპორტო რეჟიმის დარღვევის საბაბით დააკავეს. აქედან გამომდინარე, მას მაშინვე გაათავისუფლებდნენ, ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და დიდ პატივშიც ეყოლებოდათ: კარიერულ წინსვლაში ხელს შეუწყობდნენ, მატერიალურად უზრუნველყოფდნენ და ა.შ.
_ ეღიარებინა მზვერავობა და მიეღო შესაბამისი სასჯელი. ჩვენი აზრით, იმ პირობებში, როგორშიც ზაზა ხერკელაძე იყო, ეს არჩევანი ყველაზე რაციონალური იყო როგორც ქვეყნისთვის, ასევე მისი ოჯახისთვისაც. საქართველოს პატრიოტმა ოფიცერმა ზაზა ხერკელაძემ არ უღალატა სამშობლოს და უარი განაცხადა ორმაგ აგენტობაზე. ამიტომაც დასაჯეს ის უმკაცრესად და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯეს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"2013 წლის ივნისში ხუთი წელი სრულდება, რაც ზაზა ხერკელაძე დააკავეს და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) იხდის რუსეთში სასჯელს. ამ დროს წინა ხელისუფლების შემორჩენილი ლიდერები და მათ დაქვემდებარებაში არსებული სპეცსამსახური დამალობანას თამაშს განაგრძობენ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები რომ შემოელია, მხოლოდ მაშინ გაახსენდა რუსეთის ციხეებში მყოფი ჩვენი ხალხი. პრეზიდენტი და მის პირად დაქვემდებარებაში დარჩენილი სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან. მათ ხუთი წლის განმავლობაში ვერ ჩამოაყალიბეს გამოკვეთილი პოზიცია 2008 წელს რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებულ პირებზე. მაშინ ოფიციალური კომენტარები მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებით შემოიფარგლებოდა: "ეს არასერიოზულია", "ეს რუსეთის მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციაა" და ა.შ. ამჟამად აღმოჩნდა, რომ მზვერავებად არ ვაღიარებთ, თუმცა გაცვლა გვინდოდაო, მაგრამ ამ პოპულისტური განცხადებებით რა შეღავათი აქვთ იქ დაპატიმრებულებს და აქ მათ ოჯახებს? დავუშვათ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს ხალხი მზვერავებად არ აღიარა, ჯერ ერთი, რა მოვიგეთ ჩვენ და მათმა ოჯახებმა ამით? მეორე, საქართველოს მოქალაქეს ან თუნდაც ეთნიკურ ქართველს უცხოეთში გასაჭირში წლების განმავლობაში უპატრონოდ რომ მიატოვებ, რა სინდისით უნდა მოსთხოვო სამი თვის მოსულ ახალ ხელისუფლებას ამ ურთულესი პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება?" - წერს გამოცემა.
"ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ერთი კითხვა: 2008 წლის 28 ივნისიდან დღემდე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ რა გააკეთეს ზაზა ხერკელაძის დასახსნელად? რად გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავის მოქალაქეებს არ იცავს?
სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ის პირი, ვისზედაც ზაზა ხერკელაძის გაცვლას რუსეთი ჯერ კიდევ 2011 წლის ზაფხულიდან გვთავაზობდა, პოლიტპატიმრების სიაში არ არის და საქართველოს პარლამენტს არ გაუთავისუფლებია!" - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"ჩვენს ხელთ არის ზაზა ხერკელაძის მიერ 2011 წლის აგვისტოში ნიჟნი-ტაგილის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის სახელზე გამოგზავნილი რუსულ ენაზე შედგენილი წერილი. ფართო საზოგადოება დღეს პირველად გაეცნობა ამ წერილის შინაარსს. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ამ დოკუმენტიდან. ზაზა ხერკელაძე წერს: "წარმოდგენილი მტკიცებულებების შემდეგ მე იძულებული ვიყავი გამოძიების დროს და სასამართლო პროცესზე მეღიარებინა, რომ ნამდვილად ვაწარმოებდი დაზვერვას რუსეთში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პერიოდში ვიქცეოდი ღირსეულად, როგორც შეჰფერის ქართველ ოფიცერს: არ ვუღალატე ჩემი ხალხის ინტერესებს და არ შევლახე მუნდირის ღირსება. რუსეთის კონტრდაზვერვის მიერ ჩემს დაკავებაში ჩემი ბრალი არ არის, მე ვაკეთებდი ყველაფერს ისე, როგორც მასწავლეს". წერილში შემდეგ ვკითხულობთ: "ახლახან მომმართა ადგილობრივმა უფლებადამცველმა. მან მოახერხა ჩემთან შეხვედრა და მითხრა, რომ წარმოადგენს რუსეთის მოქალაქისა და ჩრდილოეთ ოსეთის მილიციის თანამშრომლის, რომელიც უკვე ხუთი წელია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ცდილობს ორგანიზება გაუკეთოს ჩემსა და ... მის გაცვლას. ამბობს, რომ ეს რეალურია, რადგანაც ესაუბრა მაღალი თანამდებობის პირებს და დადებითი პასუხი მიიღო. მე მისი მჯერა. ბატონებო, ახლა ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული... მე მინდა დავბრუნდე სამშობლოში, ვნახო ბავშვები, დედა და მეუღლე... ერთადერთი, რაც აუცილებელია, ესაა რუსეთისთვის თქვენი პირდაპირი ან შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ოფიციალური მიმართვა, რომ საქართველო მზადაა განიხილოს გაცვლის ვარიანტები... არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ და ვჩივი. მე მზად ვარ, ვზიდო ჩემი ჯვარი ბოლომდე. მაგრამ თუ ამგვარი შესაძლებლობა გამოჩნდა, საჭიროა გამოვიყენოთ, იქნებ მართლაც გამოვიდეს რამე".
როგორც ამ დოკუმენტით ირკვევა, ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში რუსეთის მხარე მზად იყო ქართველი დაზვერვის ოფიცრის, რუსეთის მოქალაქე, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერზე გაცვლის ვარიანტის განსახილველად. რუსეთის ეს მოქალაქე 2006 წლის 7 ნოემბერს მცხეთაში გაასამართლეს ჯაშუშობის ბრალდებით, ცნეს დამნაშავედ და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჩვენი ინფორმაციით, ის დღესაც იხდის სასჯელს", - აღნიშნავს გამოცემა
"საქართველოს ხელისუფლების ვალია მაქსიმალურად დაეხმაროს იმ პირებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით 2008 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე რუსეთის ეფ-ეს-ბემ ჩრდილოეთ კავკასიაში დააკავა. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია ქართველი ოფიცრის დასახსნელად სახელმწიფო სტრუქტურების (საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტი) კოორდინირებული მოქმედება. ამგვარი დავალების მიცემა და შესრულების გაკონტროლება კი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის კომპენტენციაა. ამას წინათ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თურქეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე პატიმრების გაცვლის შესახებ განაცხადა, მე არც კი ვცდილობ ასეთი საკითხები შევისწავლო და ვამისამართებ უწყებებშიო. ამავე დროს გვინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივმართოთ:
ბატონო ბიძინა, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და რუსეთში 2008 წლის ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა ხერკელაძის გამოხსნის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოთ. ის ხომ ჩვეულებრივი პატიმარი არ არის! ამჟამად დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც არის შანსი, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს! ამ საკითხების განხილვა პირველ ეტაპზე შეიძლება დაიწყოს "აბაშიძე-კარასინის ფორმატში". ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება, თუ ჯაშუშობის მუხლით გასამართლებულ პატიმართა გაცვლა მოხდება", - დასძენს სტატიის ავტორი.