ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მასშტაბური რაოდენობის ხალხის ქუჩაში გამოყვანას მუდმივად ვერ შეძლებს, რადგან ხალხს ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრობლემები ნაკლებად აღელვებს, ამასთანავე კი მისი აზრით ოპოზიციის მიმართ გულგატეხილობაცაა.
მისი აზრით, დასავლეთთან მიმართებაში რისკზე არა მხოლოდ ხელისუფლება მიდის, არამედ პოპოზიციაც - რადგან, თუ მასობრივ საპროტესტო ტალღას ვერ ააგორებს, შეიძლება პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაქრეს.
„გულწრფელად გითხრათ, არ ველოდები, რომ მასშტაბური რაოდენობით ხალხი გამოვა იმიტომ, რომ მოსახლეობას ახლა ის პრობლემები ნაკლებად აინტერესებს, რაზედაც ოპოზიცია და ხელისუფლება დავობს, უამრავი სხვა პრობლემა აქვთ და რაც მთავარია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრის მიმართ გულგატეხილობაა.
„ამიტომ ჯერჯერობით ან პარტია, ან ვინმე ისეთი პიროვნება არ გამოჩენილა, რომელიც ამ ელექტორატს გააერთიანებს და ქუჩაში გამოიყვანს. ამ ელექტორატის სრულ მობილიზებას ვერც არსებული ოპოზიცია ახერხებს, ოპოზიციური ელექტორატი არითმეტიკული ჯამით კი შეიძლება მილიონი იყოს, მაგრამ ეს მილიონი ერთი მიმართულების არაა, ოპოზიციის მიმართ საკმაოდ დიდი გულგატეხილობაა.
„ქართულმა ოცნებამ" ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს ელექტორატი გააერთიანოს, ჯერჯერობთ ამას ვერ ვხედავ, თუმცა რაღაცეების გაკეთება, მაგალითად ნოემბრიდან მელიას დაპატიმრებამდე დასავლეთის სრული მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ახლა „მოახერხა", რომ პარტნიორი ქვეყნები დაეპირისპირებინა," - თქვა ანალიტიკოსმა.
დასძენს, რომ 26 თებერვალს აქციაზე საკმაო რაოდენობის ხალხი იქნება, თუმცა ამას პერმანეტული ხასიათი არ ექნება.
„26 თებერვალს ველოდები, რომ საკმაო რაოდენობის ხალხი გამოვა, მაგრამ ეს ერთჯერადი იქნება, ანუ ოპოზიცია პერმანენტულად ასეთი ხალხმრავალი აქციების ორგანიზებას მგონია, რომ ვერ შეძლებს - ორი კარავი პარლამენტის წინ იქნება, ესაა.
„დასავლეთთან მიმართებაში გარკვეულ რისკზე არა მხოლოდ ხელისუფლება მიდის, არამედ პოპოზიციაც - საკმაოდ დიდ რისკზე მიდის, თუ ის რეალურ მასობრივ საპროტესტო ტალღის აგორებას ვერ შეძლებს, მას პოლიტიკური ასპარეზის დატოვება საერთოდ მოუწევს, ეს შეიძლება ვიღაცისთვის კარგი იყოს, მაგრამ ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.
„ამიტომ, მე ფიქრობ, რომ ოპოზიცია უფრო ფრთხილად უნდა იყოს და სანამ რაიმე გადაწყეტილებებს მიიღებდეს და გაახმოვანემდეს, მანამდე უფრო მეტი ანალიზის გაკეთებაა საჭირო," - განაცხადა ძაბირაძემ.