"ეკონომიკას ქმნის საქმოსანი, ხოლო ახრჩობს ბიუროკრატი". - ეს სიტყვები იმ ქართველ მილიონერს ეკუთვნის, რომლის ქონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით აბსოლუტურად რადიკალური შეფასებები კეთდება. ერთგან წერენ, რომ მას 35 მილიონი დოლარი აქვს, მეორეგან ირწუნებიან, რომ დაახლოებით 500 მილიონს ფლობს. საქართველოში ბოლოს საჯაროდ ლევან ვასაძე რამდენიმე თვის წინ, ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე გამოჩნდა. თუმცა, მანამდე მის სახელთან დაკავშირებით მცირე სკანდალი აგორდა და ამბობდნენ, რომ ვასაძე საქართველოს პრეზიდენტობას უმიზნებდა, რაც ბიზნესმენმა კატეგორიულად უარყო.
საქართველოში მას კომპანია "ბაგრატიონი 1882"-ის მფლობელად იცნობენ, მეზობელ რუსეთში კი მისი სახელი გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებს წვდება. წარმატებული ბიზნესკარიერის გარდა მას პატრიოტულ ნოტაზე დაწრილ ლექსებსაც უქებენ. თუმცა იმასაც ხშირად ახსენებენ, რომ თავის დროზე რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ ვასაძემ საქართველოს მოქალაქეობა დათმო.
ლევან ვასაძე 1970 წლის 20 დეკემბერს თბილისში დაიბადა. სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ლევან ვასაძე, სოროსის სახელთან ასოცირებულ, "საქართველოს დემოკრატიის განვითარების ფონდში" მოღვაწეობდა. ახლა ამბობს, რომ ამ ფონდში მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნის გამო მოხვდა. მოგვიანებით ამავე ფონდიდან გააგზავნეს სასწავლებლად ჯერ პრაღაში, შემდეგ კი ვაშინგტონში. შემდეგ ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხიც მიიღო.
იმ დროს მომავალ მილიონერს სწავლის ფულიც კი არ ჰქონდა და ემორის უნივერსიტეტმა ის უფასოდ ჩარიცხა. ამერიკაში საქმეები კარგად მისდიოდა, სამსახური იშოვა, ბიზნესი წამოიწყო და მოქალაქეობაც მიიღო. თუმცა, მაინც უკან დაბრუნება გადაწყვიტა - არა თბილისში, არამედ მოსკოვში, სადაც დღემდე ცხოვრობს.
ამბობს, რომ მოსკოვში სულ ორი ჩემოდნით ჩავიდა. ქალაქში არავის იცნობდა და ახლობლებთან გაჩერდა ბინით. დასავლური განათლებით სამსახური მალევე იშოვა, ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. დასავლური განათლების მიუხედავად ვასაძეს მიაჩნია, რომ ნამდვილი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მან მოსკოვში მიიღო. კომპანია "ატონში" მუშაობისას ცნობილი რუსი ბიზნესმენი და მომავალში მისი პარტნიორი სერგეი ევტუშენკო გაიცნო. ევტუშენკო კომპანია "სისტემას" ხელმძღვანელობდა. ვასაძე მასთან ჯერ კონსულტანტად მუშაობდა, შემდეგ კი ევტუშენკომ მას ფინანსური ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზა. ვასაძეს ყოველთვის უყვარდა თავგადასავლები, ამიტომ ამ თანამდებობას არ დასჯერდა და ბიზნესპროექტირებას მიჰყო ხელი. მანვე გაიტანა წარმატებით "სისტემის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში წამყვანი სადაზღვევო კომპანიის "როსნოს" აღმასრულებელ დირექტორად. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დასახელდა. მისი კომპანია 11 სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას აერთიანებს, მათ შორის ტელეკომუნიკაციებს, უძრავი ქონებას, საბანკო სისტემებს, ვაჭრობას და ა.შ. "სისტემასა" და მის შვილობილ კომპანიაში დაახლოებით 90 ათასი ადამიანია დასაქმებული. კორპორაციას სამომავლოდაც ამბიციური გეგმები აქვს.
რუსულ ბიზნესწრეებში ლევან ვასაძე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა. პრესა ხშირად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით. ამბობენ, რომ ის ჟურნალისტების ფავორიტია და სხვა წამყვანი ტოპ-მენეჯერებისგან განსხვავებით თითქმის არასდროს ამბობს უარს ინტერვიუზე. თავად კი ფიქრობს რომ ძველმოდური ადამიანია და ამიტომ მისი პიროვნება უინტერესო უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის. არასდროს დადის ელიტურ წვეულებებზე და ამბობს, რომ ამ ყველაფერს ცოლ-შვილთან ყოფნა ურჩევნია. მას ექვსი შვილი ჰყავს და სამაგალითო მეოჯახეა. არასდროს ირჩევს მეგობრებს ფინანსური შესაძლებლობებისა და სტატუსის მიხედვით. მის მეგობრებს შორის არიან მხატვრებიც, მწერლებიც და ზოგიერთი ბიზნესმენიც.
ის საკმაოდ კარგად წერს, მათ შორის ლექსებსაც. მისი ლექსების უმეტესობა საქართველოს და რელიგიურ თემატიკას ეძღვნება. ხშირად აფინანსებს ეკლესია-მონასტრების მშენებლობას საქართველოში და განათლების სფეროს. თავადაც ძალიან რელიგიურია. მას ხშირად ნახავთ სხვადასხვა მონასტერში ბერებთან, სადაც ტრაპეზის დროს თავის დაწერილ ლექსებს ერთობ ემოციურად კითხულობს. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა შვილისადმი დაბადების დღეზე მიძღვნილი მისი წერილი, სადაც ის შიოს საქართველოს შესახებ უამბობს.
რუსეთში მოღვაწეობის მიუხედავად, მან მუშაობის ამერიკული სტილი შეინარჩუნა - "საქმე, საქმე და საქმე." რუსული პრესა მას ხშირად "კბენს", რომ როგორც წესი ის სამსახურში შაბათ-კვირასაც დადის. თუმცა, ასეც არ არის, ვსაძე უარს არასდროს ამბობს დასვენებაზე. "ცხოვრებას მე ორ ნაწილად ვყოფ: საქმე და სიამოვნება. ჰობი ასევე მნიშვნელოვანი საქმიანობაა ჩემთვის". - ამბობს მულტიმილიონერი. სხვათა შორის ის საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და დღემდე დიდი ინტერესს ამჟღავნებს სპორტის მიმართ.