"ჩვენ იმიტომ კი არ გიხდით, რომ რაიმე სასარგებლოს აკეთებთ, არამედ იმისთვის, რომ რაიმე საზიანო არ გააკეთოთ"
"ის (ბადრი პატარკაციშვილი. - ავტ.) ერთგვარი გრაფი ფოსკაა, რომანიდან "ქალი თეთრებში".”წიგნში ვერ გაიგებთ რამე მნიშვნელოვანს გრაფის შესახებ - რას ფიქრობს, როგორ გაიცნო მადამ ფოსკა. მაგრამ ამ ფიგურის გარეშე რომანი ვერ შედგებოდა. ასეა ბადრისთანაც. მის გარეშე ცხოვრება სხვანაირი ხდება, ის სწორედაც ავსებს ყველაფერს."
ჟურნალისტი სერგეი დორენკო, 2002 წ.
"ჩვენ იმიტომ კი არ გიხდით, რომ რაიმე სასარგებლოს აკეთებთ, არამედ იმისთვის, რომ რაიმე საზიანო არ გააკეთოთ."
ბადრი პატარკაციშვილი, 1996 წ. (შეხვედრა ОРТ-ს თანამშრომლებთან)
"1994 წელს "სიბნეფტის" იდეა გამიჩნდა. იმ დროის რუსეთში მისი განხორციელება, პოლიტიკური კავშირების მქონე პირების დაუხმარებლად, შეუძლებელი გახლდათ. გარდა ამისა, აუცილებელი იყო "ფიზიკური" დაცვაც, რადგან ყველა, ვისაც ხელი მიუწვდებოდა დიდი ფულის მომტან საწარმოებზე, ორგანიზებული დანაშაულის წნეხის ქვეშ იტანჯებოდა, "სიბნეფტის" შექმნისას ბერეზოვსკიმ ჩემი პოლიტიკური მხარდაჭერა უზრუნველყო, ხოლო ბატონმა პატარკაციშვილმა კი - "ფიზიკური" დაცვა, როცა დამცველი თქვენი ბიზნესის დასაცავად ყველა მომსახურებას უზრუნველყოფს, ის დარწმუნებულია, რომ გადაუხდით, როდესაც მოგთხოვთ და რამდენსაც მოგთხოვთ."
რომან აბრამოვიჩი, ლონდონის სასამართლო, 2011 წ.
2008 წლის 13 თებერვალს სურეის საგრაფოს ქალაქ ლაზერჰედის (ლონდონის მახლობლად) პოლიციის განყოფილებას შეატყობინეს, რომ ქალაქის ფეშენებელურ უბანში, საკუთარ ვილაში გარდაიცვალა ქართველი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის მობილურ ჯგუფს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად ექიმების ბრიგადაც დახვდათ, რომლებმაც, სამწუხაროდ, პატარკაციშვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დაასკვნეს, რომ სიკვდილის მიზეზი გულის მწვავე შეტევა უნდა გამხდარიყო; თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ეს ფაქტი სარწმუნოდ არ მიიჩნია, ამიტომ ცხედრის პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ვილაში რადიოაქტიური ნივთიერების კვალს სპეციალისტების ჯგუფი დაეძებდა.
13 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის ამბავი საქართველოში მეხის გავარდნას ჰგავდა. გულის შეტევით მისი გარდაცვალება იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ერი თუU ბერი მის მკვლელობაზე ალაპარაკდა, ამის საფუძველს იძლეოდა "სანდი თაიმსთან" პატარკაციშვილის ბოლო ინტერვიუც, რომელშიც ამბობდა, რომ იგეგმებოდა მისი შესაძლო ლიკვიდაცია. ქართველი მილიარდერის გარდაცვალებაზე კარგა ხანს მსჯელობდნენ. ქართული მედია, პოლიტიკურ წრეებზე დაყრდნობით, ბადრის გარდაცვალებაში სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რუსული მედია - ბორის ბერეზოვსკის. ინგლისში კი ელოდებოდნენ პათანატომების დასკვნას, რომელიც სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში ტარდებოდა (შიშობდნენ, რომ პატარკაციშვილი მოწამლული იყო, ამიტომ სპეციალისტებს, რისკის ასაცილებლად, სკაფანდრები ეცვათ).
ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი 1955 წელს დაიბადა თბილისში. 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში გადავიდა. როგორც მაშინ ამბობდნენ, პატარკაციშვილის რუსეთის დედაქალაქში, ხოლო შემდეგ კონცერნ ВАЗ -ში გამოჩენა ოთარ კვანტრიშვილის დამსახურება იყო, სწორედ აქ, "ჟიგულის" საამქროში, ბადრიმ გაიცნო მომავალი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი (თუ ჭორებს ვირწმუნებთ, მოგვიანებით მისივე მკვლელობის შემკვეთი) ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელობასთან ერთად საწარმოში რეფორმებს გეგმავდა. ცოტა ხანში შეიქმნა ცნობილი ЛОГОВАЗ-ი ("ლოგოვაზი" სახელმწიფო ფასში ნაყიდ მანქანებს ბაზარზე სარფიანად ყიდდა). თუმცა ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის მზერა სულ სხვა მხარეს - ტელეკომპანია "ოსტანკინოსკენ" იყო მიპყრობილი. ტელეარხი რეკლამიდან მილიონობით დოლარს იღებდა. როგორც ამბობდნენ,”ეს იყო "ოქროს წვიმა, რომლისთვისაც ჯამი უნდა შეგეშვირა და აქეთ-იქით გერბინა". ამ მსუყე ლუკმის ხელში ჩასაგდებად უამრავი პოლიტიკური თუ კრიმინალური დაჯგუფება იბრძოდა, თუმცა, მხოლოდ ბორის ბერეზოვსკის გაუმართლა და ოსტანკინოს ბაზარზე შეიქმნა ახალი არხი, ОРТ, რომლის ფინანსურ დირექტორად ბადრი პატარკაციშვილი დაინიშნა.
1994 წლის 1-ელ მარტს საბედისწერო გასროლამ მოსკოვში, ბადრი პატარკაციშვილის სახელი სამუდამოდ "დაუკავშირა" კრიმინალურ წრეებს. ამ დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს ОРТ-ს გენერალური დირექტორი ვლადისლავ ლისტევი. მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტის ახალი სარეკლამო პოლიტიკა იყო, რომელიც ნამდვილად არ შედიოდა ბერეზოვსკის ინტერესებში. მიუხედავად იმისა, რომ ბადრისთვის ამ საქმეში ბრალი არ წაუყენებიათ, მილიარდერს მოწინააღმდეგეები წლების განმავლობაში ორაზროვნად უხსენებდნენ ჟურნალისტის მკვლელობას.
1995 წელს ბადრი პატარკაციშვილი ახალი პოპულარული ტელეარხის, ТВ-6-ის გენერალური დირექტორი გახდა (ამ არხის მფლობელიც ბერეზოვსკი იყო). როგორც ამბობენ, იმ დროისთვის პატარკაციშვილი ერთ-ერთ გავლენიან პირად ითვლებოდა არა მარტო ბიზნესის, არამედ კრიმინალურ წრეებში, მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბევრი ბიზნესმენი იბრძოდა, მათ შორის რომან აბრამოვიჩიც.
"ბადრი და ბერეზოვსკი რომ არა, "სიბნეფტი" (ახლანდელი გაზპრომ- ნეფტი. - ავტ.) არ იქნებოდა. მეტიც, 1999 წელს რუსეთის ალუმინის აქტივების შეძენაც სწორედ იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბადრისგან "ფიზიკური" დაცვის გარანტია მქონდა, ალუმინის ბიზნესი ხომ ყველაზე სისხლიან ბიზნესად ითვლება რუსეთში და დიდხანს არავის ახარებენ, ვინაიდან ალუმინის აქტივები ძირითადად კრასნოიარსკის მხარეში იყო, ბადრი ხშირად ჩადიოდა იქ. მე კი ამ ბიზნესში რომ შევედი, ყველაფერი დალაგებული და უსაფრთხო დამხვდა. ძალიან მიკვირს - რა ავტორიტეტი უნდა ჰქონოდა ბატონ პატარკაციშვილს, რომ დაეყოლიებინა კრიმინალური სამყარო, დაეთმო ალუმინი, რომელიც მათ 10 წელი აჭმევდათ. ყველამ იცოდა, რომ ორგანიზებული დანაშაული კრემლსაც კი არ დაუთმობდა ამ აქტივებს. დახმარებისთვის ბადრის და ბორიას მე 1,3 მილიარდი დოლარი გადავუხადე. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. თან ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ არ გამეფუჭებინა ურთიერთობა ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილთან. მე ამ ჟესტით ერთგვარად თავისუფლებასაც ვყიდულობდი. რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რომ გადავიხადე - ისინი ბევრ რამეში დამეხმარნენ, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლიდი, გადამეხადა და ამით დამემთავრებინა ჩვენი ურთიერთობა -"კრიშას" ვგულისხმობ, ეს იურიდიული ვალდებულება არ არის, ეს ერთგვარი გაგებაა.”
რომან აბრამოვიჩი, ლონდონის სასამართლოს ჩვენებიდან, 2011 წ.
2002 წელს რუსეთის პროკურატურამ რამდენიმე საქმე აღძრა ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, ამიტომ მილიარდერი საქართველოში ჩამოვიდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს ბადრის გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა 2005 წელს მას ახალი სკანდალი ამჯერად ამერიკის კონტინენტზე ელოდა: ბრაზილიის პროკურატურამ საფეხბურთო კლუბ "კორინთიანსის" საფინანსო დარღვევებზე ძიება დაიწყო. სამართალდამცავები ეჭვობდნენ, რომ კლუბის მეპატრონეები - ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი კლუბს ფულის გასათეთრებლად იყენებდნენ.
2006 წელს ბადრი პატარკაციშვილმა საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის შეხვედრაზე, ბიზნესმენთა მხარდაჭერის იმედით, მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა ბიზნესის მიმართ. სამწუხაროდ, მას მხარი არავინ დაუჭირა, რაც საბედისწერო გამოდგა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო "ვარდების" ხელისუფლებამ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენის დევნა. 2007 წელს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი დასდო შეთქმულების მოწყობასა და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (ბიზნესმენი პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო), ბადრი პატარკაციშვილი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა...
2008 წლის 24 თებერვალს ბრიტანელმა პათანატომებმა ცხედრის გამოკვლევის წინასწარი დასკვნა გაავრცელეს. დასკვნის მიხედვით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის ინფარქტი გახდა, გარდა ამისა, სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ რადიოაქტიური ნივთიერების კვალი სხეულში არ აღმოჩნდა. ასევე არ აღმოჩნდა მისი კვალი ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლში. მიუხედავად ამისა, მაინც დაისვა კითხვები - ვის შეეძლო მოეკლა ქართველი მილიარდერი. ერთი ვერსიით, ეს ბორის ბერეზოვსკი უნდა ყოფილიყო.
ცნობილი იყო, რომ ბიზნესმენს გარდაცვალებამდე ექვსი საათით ადრე ბორის ბერეზოვსკი შეხვდა. მართალია, ბერეზოვსკი მალავდა ბადრისთან შეხვედრის ადგილს, თუმცა მაინც გაირკვა, რომ 13 თებერვალს პატარკაციშვილი, ბერეზოვსკი, მათი ორი საქმიანი პარტნიორი - დუბოვი და გლუშკოვი (აეროფლოტის ყოფილი ხელმძღვანელი) ერთ-ერთ საადვოკატო კანტორაში იყვნენ, ბადრის თან თავისი ადვოკატი, ინგლისის ყოფილი გენერალური პროკურორი, ლორდი გოლდსმიტი ახლდა. მოგვიანებით თავყრილობას ლორდი ბელიც შეუერთდა, რომელიც იხსენებდა, რომ”"ოთახში ძალიან ცხელოდა, ჰაერი ჩახუთული იყო, ბადრიმ თქვა, კარგად ვერ ვარო და დაბლა ჩავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, როცა შემოგვიერთდა, უკეთ გამოიყურებოდა".
ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ბერეზოვსკის არ მოსწონდა ბადრისა და რუსეთის პოლიტიკური ელიტის ბოლოდროინდელი დამთბარი ურთიერთობა.
მეორე ვერსიით, მილიარდერის მკვლელობაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ერია. ამის საფუძველს ერთი საგულისხმო ფაქტი იძლეოდა: 2007 წელს ქართველმა სპეცსამსახურებმა ხელისუფლებისთვის აბეზარი მილიარდერის მკვლელობა დაგეგმეს. ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა ქართული სპეცსამსახურების ისტორიაში, როდესაც ოპერაციის "ბიუჯეტი" განსაზღვრული არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მკვლელობის შემსრულებელს გადაუხდიდნენ იმდენს, რამდენსაც მოითხოვდა. ამ მიზნით შინაგან საქმეთაA სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, გია დგებუაძე, მეტსახელად "მასტერა", ცნობილ ჩეჩენ კრიმინალს, უვას ახმადოვს (ცხრა ძმა ახმადოვი, რომელთა სახელები რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებსა და ადამიანის გატაცებებს უკავშირდება. ამჟამად მხოლოდ ორია ცოცხალი. 2001-2002 წლებში უვას და ემრან ახმადოვები პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ და ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას) დაუკავშირდა და "საქმე" შესთავაზა. უვას ახმადოვი, რომელიც იმ დროისთვის თურქეთსა და რუსეთში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა, სარფიანი ჰონორარის შეთავაზების შემთხვევაში მზად იყო, სამუშაო შეესრულებინა. დამკვეთები ერთ უპირობო მოთხოვნას აყენებდნენ - მკვლელობა ისე უნდა დაგეგმილიყო, რომ მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების კვალი გამოჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები თითქოს წარმატებით დასრულდა და მხარეებიც დეტალებზე შეთანხმდნენ, მოვლენები სულ სხვანაირად წარიმართა: უვას ახმადოვმა "მასტერასთან" საუბარი ჩაიწერა და შემდეგ ბერეზოვსკის 1,5 მლნ დოლარად მიჰყიდა (როგორც ამბობენ, აქედან ახმადოვს მხოლოდ 75 ათასი ერგო, დანარჩენი აჰმედ ზაკაევს, რომლის მთავრობაშიც ახმადოვი თავდაცვის საკითხების კურატორია).
"ბატონმა ბადრიმ გამაცნო ჩანაწერი, სადაც ვიღაც შსს-დან ჩეჩენ "ბოევიკს" პატარკაციშვილის მკვლელობას უკვეთდა და მითხრა, - ამ ჩანაწერში დიდი ფული გადაიხადეს, რომ ის როგორმე ჩემთან მოხვედრილიყოო. დაიწყო კვლევა - ვისი გეგმით ცდილობდნენ ბადრის ლიკვიდაციას. მაშინ პატარკაციშვილმა მითხრა, რომ ლონდონში საქართველოს საკონსულოში ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ ჩასულნი. ისინი მუდმივად აკვირდებოდნენ მისი გადაადგილების მარშრუტებს ლონდონში. ამის გამო მან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა ისრაელში. დაიქირავეს ცნობილი ადვოკატი და დაისვა საკითხი, ლონდონის სკოტლანდ-იარდში აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. როდესაც ბადრიმ გაიგო, რომ ერეკლე კოდუას მასთან შეხვედრა სურდა, ძალიან გააქტიურდა, ეს შეხვედრა რომ შემდგარიყო. ბატონ კოდუას უნდა დაედასტურებინა, ეს ხმა შსს-ს რომელ მაღალჩინოსანს ეკუთვნოდა. დაასახელა კიდეც ის პირი. გამოძიებას აქვს ამ ჩანაწერის სტენოგრამა. სამწუხაროდ, ჩანაწერი სკოტლანდ-იარდში ვერ მოხვდა - სააკაშვილის ხელისუფლებას ჩაუვარდა ხელში."
ვალერი გელბახიანი,
2012 წ., 23 მარტი