50 ათას პედაგოგს სკოლიდან გათავისუფლება ემუქრება?!

50 ათას პედაგოგს სკოლიდან გათავისუფლება ემუქრება?!

განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიამ მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფცია შეიმუშავა, რომლის პირველ თავშიც, შავით თეთრზე წერია, რომ ზოგადი განათლების სისტემა მალე მასწავლებელთა გაუგონარი დეფიციტის წინაშე დადგება - დოკუმენტში წარმოდგენილი სტატისტიკით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ანუ 2010-2012 წლებში, 68 584 პედაგოგიდან სერტიფიცირებული მხოლოდ 9 895-ია. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა, სამ წელიწადში, მასწავლებელთა მხოლოდ 14%-ის სერტიფიცირება მოახერხა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დარჩენილ ორ წელსა და, შესაბამისად, ორ საგამოცდო ციკლში, 86%-ის სერტიფიცირება, უბრალოდ, ფანტასტიკაა. ამ საფრთხეზე კონცეფციის "შემოქმედებითი კოლექტივიც" მიანიშნებს. შესაბამისად, თუ მასწავლებელთა სერტიფიცირება ამ ტემპით გაგრძელდა, მინიმუმ, 50 ათასი პედაგოგი სკოლის გარეთ დარჩება.

ერთ-ერთი სკოლის ყოფილმა დირექტორმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნებისგან თავი გარკვეული მიზეზების გამო შეიკავა, "ვერსიასთან" საუბრისას აღნიშნა:

"მართალია, განათლების სამინისტრო დროში გაწელილ სერტიფიცირებას მასწავლებელთა პასიურობით ხნსის, მაგრამ აზრად არავის მოსვლია, გამოეკვლია, რატომ არ გადიან პედაგოგები გამოცდებზე, მით უმეტეს, რომ სერტიფიკატი მათ სტატუსსა და მატერიალურ კეთილდღეობას აუმჯობესებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი, იქნებ, სერტიფიცირების შეუსაბამო ტესტებია? ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა სერტიფიცირების უმნიშვნელოვანესი პროცესი და სისტემის ძირეული დოკუმენტების შექმნა ისევ ლომაია-შაშკინის გუნდის წევრებს დაავალა".

ზემოხსენებული კონცეფცია გვაუწყებს, რომ 2018 წლისთვის, ქვეყანას 20 ათასამდე ახალი პედაგოგი უნდა ჰყავდეს - ამ დროისთვის, სამსახურს საპენსიო ასაკსმიღწეული სწორედ ამდენი მასწავლებელი დატოვებს (შეგახსენებთ: საპენსიო ასაკი ქალებისთვის - 60, მამაკაცებისთვის კი 65 წელია). ამავე კონცეფციით, დღეს მოქმედ მასწავლებელთა 15% უკვე საპენსიო ასაკისაა ანუ იმ შემთხვევებში, თუკი კონცეფცია დამტკიცდება, სკოლას, ავტომატურად, 1 497 მასწავლებელი დატოვებს. "საპენსიო წმენდა" ცოტა ხანში კიდევ 1 884 ანუ პედაგოგთა 25,9%-საც შეეხება. საერთო ჯამში, კონცეფციის დამტკიცების შემთხვევაში, ასაკობრივი შეზღუდვების გამო, სკოლის დატოვება მასწავლებელთა 60%-ს, მათ შორის, სერტიფიცირებულებსაც მოუწევს!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეზიუმე ასეთია: გია დვალის კომისიის მიერ შექმნილი კონცეფციის ამუშავების შემთხვევაში, 2015 წლის 1 იანვრისთვის, მასწავლებელთა 50% სკოლას სერტიფიკატის არქონის, ასაკობრივი შეზღუდვის გამო კი, 25% დატოვებს. სკოლის ყოფილი დირექტორი "ვერსიასთან" საუბრისას ე.წ. დვალის კონცეფციას ქვეყნის ღალატის კლასიფიკაციას აძლევს და ეჭვობს, რომ პრემიერ ივანიშვილს ამ საშიშ სტატისტიკას უმალავენ.

"დარწმუნებული ვარ, ბატონმა ბიძინამ ამის შესახებ არაფერი იცის და ვიმედოვნებ, ვინმე, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა, ამ მონაცემებს გააცნობს. რომელი 20 ათასი ახალი მასწავლებლის სერტიფიცირებაზეა საუბარი, როცა ძველებისთვისაც არ მიუხედიათ? რაც შეეხება ასაკობრივი ცენზის გამო 60 წლის მასწავლებლის სკოლიდან გაშვებას, ასეთი რამ მსოფლიოს ერთ ნორმალურ ქვეყანაშიც არ ხდება".

მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფციის მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, დარჩება თუ არა სკოლა მასწავლებლის გარეშე? - ამ კითხვით "ვერსიამ" განათლების მინისტრის მოადგილეს, ალუდა გოგლიჩიძეს მიმართა.

- კანონით, ნებაყოფლობითი სერტიფიცირება 2015 წლის პირველ იანვრამდეა, მაგრამ შეკითხვა - იმ შემთხვევაში, თუკი მასწავლებლებმა სერტიფიცირება ვერ მოასწრეს, რა მოხდება? - ცოტა ბუნდოვანია. გამოცდაზე ბევრი პედაგოგი გავიდა, მაგრამ ყველამ ვერ ჩააბარა, ამიტომ ვსვამ კითხვას: ყველასთვის, ვინც გამოცდაზე გავიდა, ქულები უნდა დაეწერათ და
სერტიფიკატი მიეცათ? გეთანხმებით, რომ გარკვეული რისკი არსებობს, მაგრამ ტექნიკურად, ვადის ამოწურვამდე, ყველა მასწავლებლის სერტიფიცირება შესაძლებელია...

- კონცეფციაში საპენსიო ასაკის პედაგოგეგბზეცაა ლაპარაკი. ბატონო ალუდა, თუკი მასწავლებლობის უფლებას, არასერტიფიცირებულთან ერთად, საპენსიო ასაკის პედაგოგსაც ჩამოვართმევთ, შეიძლება, სკოლა მასწავლებლის გარეშე დარჩეს...
- ჯერ ერთი, ქვეყანაში მოქალაქის საპენსიო ასაკი განსაზღვრული და ეს განათლების სისტემას არ განუსაზღვრავს. მეორეც, კონცეფცია დამოუკიდებელი ჯგუფის მიერაა მომზადებული, პოლიტიკის ოფიციალური შემმუშავებელი და გამტარებელი კი სამინისტროა. ჩვენგან ვინმემ მიიღო გზავნილი, რომ საპენსიო ასაკის პედაგოგთა გათავისუფლებას დავიწყებთ? სკოლაში 5 წელი ვიმუშავე და რამდენიმე საპენსიო ასაკის პედაგოგი მყავდა, რომელიც ბევრ ახალგაზრდაზე აქტიურად მუშაობდა და სიახლეებსაც ალღოს სხარტად უღებდა... გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ბიოლოგიური ასაკი მთავარი არაა...

- მინისტრის მოადგილისგან ამის მოსმენა, რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოა...
- სხვათა შორის, სამინისტრომ სტაჟის, ასე ვთქვათ, კოეფიციენტი გაზარდა - პედაგოგს, რაც უფრო გამოცდილია, შრომას მეტად ვუნაზღაურებთ. ამან პედაგოგთა ფინანსური მდგომარეობა შეიძლება, განსაკუთრებით არ შეცვალა, მაგრამ ეს ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვაა. ბატონ გია დვალსა და მის კომისიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განათლების სამინისტროს ოფიციალური პოლიტიკა სულ სხვა მიმართულებისაა.

- ბატონო ალუდა, პედაგოგთა ნაწილს დოკუმენტის შემქმნელთა შორის ლომაია-შაშკინის თანამოაზრეების ხილვა აეჭვებს და მიიჩნევს, რომ წარუმატებელი რეფორმის "სახეები" სისტემის მოდერნიზაციასა და ახალი კონცეფციის შექმნას ვერ შეძლებენ...
- ვიცი, რომ ასეთი შეკითხვები არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებს სამინისტრო გადაწყვეტილებებს - იმის მიხედვით, თუ ვის რა იარლიყი ჩამოეკიდა თუ ობიექტურად, მეცნიერულად და გააზრებულად. საერთოდ, სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა იარლიყებით არ სარგებლობს... დაახლოებით, ორ თვეში გვექნება ყველანაირი რესურსი, სერტიფიცირების პროცესს ობიექტურად გადავხედოთ, რაშიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც გვეხმარებიან...